№16731-13 5 ივნისი, 2013 წელი
გ-ი ლ.- 16731-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
მსჯავრდებულ – ლ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ლ. გ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით ძირითად სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2012 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 27 აგვისტომდე.
ლ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 27 აგვისტოდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით იმავე სასამართლოს 2012 წლის 27 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ლ. გ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წელი – პირობითი მსჯავრი, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა 3 წელი და 4 თვე – პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა ითხოვა უკანონო განჩინების გაუქმება და სასჯელისგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის საფუძველზე ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
იმის გათვალისწინებით, რომ ლ. გ-ი მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ამასთან, დაზარალებული ნ. ჟ-ი არ არის თანახმა ლ.გ-ის მიმართ გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. გ-ს ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე ერთი მესამედით კანონიერად შეუმცირა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და სასჯელად განუსაზღვრა 3 წელი და 4 თვე – პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლით და ამ კანონის საფუძველზე ერთნაირად და პროპორციულად შეუმცირა პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
უზუსტობის აღმოფხვრის შესახ
№16731-13 2 აგვისტო, 2013 წელი
გ-ი ლ.- 16731-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 5 ივნისს მსჯავრდებულ ლ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 5 ივნისს მსჯავრდებულ ლ. გ-ის მიმართ გამოტანილ იქნა განჩინება, სადაც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად“.
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს აღნიშნულ განჩინებაში.
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 5 ივნისს მსჯავრდებულ ლ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად“.
სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ბ. ალავიძე