Facebook Twitter

№16741-13 12 ივნისი, 2013 წელი

ბ-ე ზ., 16741-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ბ-ის

მსჯავრდებულ _ ზ. ბ-ის

ადვოკატ – ე. ო-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ზ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 აგვისტოდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 აგვისტოდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ბ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ერთ–ერთმა დაზარალებულმა წერილობით განაცხადა თანხმობა მის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებაზე, ხოლო მეორე დაზარალებულის მოძიება ვერ მოხერხდა, ამ დაზარალებულის ოჯახის წევრმა კი სამჯერ განაცხადა უარი უწყების ჩაბარებაზე, რაც მიუთითებს მათ ნეიტრალურ პოზიციაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ზ. ბ-ე ითხოვს განჩინების გაუქმებას და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან პირი თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს დაზარალებული (ან მისი უფლებამონაცვლე). იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ორივე დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მოქმედება. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ. ბ-ისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება - კანონიერია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული და მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე