Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-583(3კ-23) 10 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ.ტ-სა და მ.ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია)

2017 წლის 14 თებერვალს მ.ძ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მ.ძ-მა მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 ივლისის №001090 დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 იანვრის №1-39 ბრძანების ბათილად ცნობა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის №001090 წარმოების შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაერთო გ.ტ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ძ-მა და გ.ტ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ძ-ისა და გ.ტ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ.ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 09 იანვრის №1-39 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის №001090 დადგენილება და მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ.ძ-მა და გ.ტ-ემ, რომლებმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები; სსაქმის დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამასთან, ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით კასატორებს - გ.ტ-ესა და მ.ძ-ს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზები, კერძოდ, კასატორებს - გ.ტ-ესა და მ.ძ-ს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზები, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ დასაბუთებული, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში არსებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორების - გ.ტ-სა და მ.ძ-ის წარმომადგენელს - ნ.გ-ეს 2023 წლის 13 ივლისს და მითითებულ მისამართზე გზავნილი ჩაბარდა მ.ხ-ს (პ/ნ ...) ამავე წლის 14 ივლისს.

2023 წლის 25 ივლისს (გზავნილის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 24.07.2023წ.) კასატორების - მ.ძ-ისა და გ.ტ-ს წარმომადგენელმა- ნ.გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება/შუამდგომლობა, რომელშიც მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რის გამოც ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის ორი კვირის ვადით გაგრძელება. ზემოაღნიშნულ განცხადება/შუამდგომლობას თან ერთვოდა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ნ.გ-ეზე გახსნილი სამედიცინო ბარათი №1049, მ.ძ-ის მიერ 24.07.2023წ. საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზების შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით კასატორებს - გ.ტ-ესა და მ.ძ-ს გაუგრძელდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზების შევსების ვადა 10 დღით; კასატორებს - გ.ტ-ესა და მ.ძ-ს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზები, კერძოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ დასაბუთებული და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, იმდენ ასლად რამდენი მხარეცაა საქმეში; კასატორებს განემარტათ, რომ ზემოაღნიშნული ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში არსებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორების - გ.ტ-სა და მ.ძ-ის წარმომადგენელს - ნ.გ-ეს 2023 წლის 15 სექტემბერს და მითითებულ მისამართზე გზავნილი ჩაბარდა თავად ადრესატს (პ/ნ ...) ამავე წლის 18 სექტემბერს.

2023 წლის 27 სექტემბერს კასატორების - მ.ძ-ის და გ.ტ-ს წარმომადგენელმა - ნ.გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში განმეორებით იშუამდგომლა დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად ხარვეზის შევსების ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ. ნ.გ-ე აღნიშნავს, რომ მასთან მცხოვრები ინსულტიანი მეგობრის გამო, ვერ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს. განცხადებას თან ერთვის ქ.ჯ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100, ქ.ჯ-ის შშმ პირად ყოფნის თაობაზე ცნობა და ამ უკანასკნელის მიერ ნ.გ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ძ-ის და გ.ტ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზების შევსების ვადა, კასატორების წარმომადგენლის - ნ.გ-ის განცხადება/შუამდგომლობის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ერთხელ უკვე გააგრძელა 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზების (დასაბუთებული და დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა) შესავსებად დადგენილი ვადა გონივრული იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს კასატორებისთვის ხარვეზების შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზების შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისისა და 28 ივლისის განჩინებებით დადგენილი ხარვეზები სრულად არ არის გამოსწორებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის თანახმად, ქმნის მ.ძ-ის და გ.ტ-ს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ.ძ-ს საკასაციო საჩივარზე 24.07.2023წ. გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ.ძ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს თავის და გ.ტ-ს საკასაციო საჩივარზე 24.07.2023წ. №... ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 447-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს გ.ტ-ს და მ.ძ-ის საკასაციო საჩივარი;

2. მ.ძ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.07.2023წ. №... ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი,შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა