Facebook Twitter

№ბს-47(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ დირექტორის - ლ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებაზე.

შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილება; გ) მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება (მოსარჩელის სახელზე ...ს დარეგისტრირების შესახებ), რომლითაც შპს „...ის“ სახელზე დარეგისტრირდება ...ში, ...ის ქ. №37ა-ში მდებარე 600 კვ.მ ფართი (არასასოფლო-სამეურნეო).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება.

2023 წლის 7 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებებით მომართა შპს „...ის“ დირექტორმა - ლ. კ-მა და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ დირექტორის - ლ. კ-ის განცხადებები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზის შევსების ერთ-ერთ საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია რომელიმე მოთხოვნის, უფლების ან სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, მას აქვს შესაძლებლობა, თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით, აღმოფხვრას არსებითი გადაწყვეტილების ხარვეზი.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებასა და დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერების დასაბუთებას. სამართლებრივი შედეგი კი რომელიც ექვემდებარება აღსრულებას, აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლის დებულებები გაგებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.

განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის №... გადაწყვეტილება; გ) მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება (მოსარჩელის სახელზე ...ს დარეგისტრირების შესახებ), რომლითაც შპს „...ის“ სახელზე დარეგისტრირდება ...ში, ...ის ქ. №37ა-ში მდებარე 600 კვ.მ ფართი (არასასოფლო-სამეურნეო). ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; ამასთან, შპს „...ს“ (ს/კ ... ) დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე 15.02.2023წ. №16076335660 საგადახდო დავალებით ლ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე შპს „...ის“ სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და აღნიშნულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე არ არსებობს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესით (სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა) დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან განმცხადებლის მიერ არ ყოფილა დასახელებული არც ერთი მოთხოვნა და მასთან დაკავშირებული მტკიცებულება ან ახსნა-განმარტება, რომლის შესახებაც საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ უმსჯელია დავის გადაწყვეტისას.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ასევე არ არსებობს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაწესებით (სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი) დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით დასრულდა მოცემული სამართალწარმოება და აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადაწყვეტილ საკითხებზე ხელმეორედ იმსჯელოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ დირექტორის - ლ. კ-ის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ დირექტორის - ლ. კ-ის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე