Facebook Twitter

ბს-17 (კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-ემ 25.02.2021წ. სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 30.09.2019წ. N102 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა ი. ა-ის ნაწილში, ასევე ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით ი. ა-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისათვის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემის დავალება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 10.08.2022წ. გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 30.09.2019წ. N102 სხდომის ოქმი ი. ა-ის ნაწილში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით ი. ა-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2022წ. განჩინებით ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ი. ა-ე და ნ. ა-ე 1997 წლის 12 აგვისტოდან 2017 წლის 06 ივნისამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის 5 ივნისიდან შეწყდა მხარეთა შორის ქორწინების რეგისტრაცია. ნ. ა-ე 2015 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ქ. ბათუმში. ი. ა-ე შვილებთან ერთად ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 30.04.2018წ. N46 ცნობის თანახმად, ი. ა-ის ოჯახი ფაქტობრივად შედგებოდა 4 წევრისაგან: თვითონ ი. ა-ე, მამამთილი ნ. ა-ე, ლ. და მ. ა-ეები (შვილები). 25.04.2017წ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გამოიკვლიეს სოფელ ...ში მცხოვრები ნო. ა-ის (მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მამამთილის) საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე ტერიტორიის მდებარეობა ზვავსაშიშროების რისკის შეფასების მიზნით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნო. ა-ის სახლი, მიმდებარე ტერიტორია და განსაკუთრებით მისასვლელი გზები 50 წლიანი განმეორადობით მაღალი რისკის ზვავსაშიშ ზონას მიეკუთვნება. დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმის მიხედვით ი. ა-ის ოჯახს მეორე კატეგორია მიენიჭა, რაც გულისხმობს იმას, რომ სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი) გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიამ 30.09.2019წ. N102 სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც უარი უთხრა ი. ა-ეს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვაზე იმ მოტივით, რომ მისი მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებდა აჭარის მთავრობის 25.01.2019წ N15 განკარგულებით დადგენილ კრიტერიუმებს, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... ამონაწერით მის ყოფილ მეუღლეს - ნ. ა-ეს უფიქსირდებოდა უძრავი ქონება (საცხოვრებელი).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. N779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე" და აღნიშნა, რომ კომისიის მიერ საკითხის განხილვას საფუძვლად დაედო ი. ა-ის 24.04.2018წ. განცხადება. ამ დროისათვის ი. ა-ე განქორწინებული იყო მეუღლესთან და მასთან თანასაკუთრებაში არ გააჩნდა უძრავი ქონება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 25.01.2019წ. N15 განკარგულების დანართი N2-ის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი დათქმა იმის თაობაზე, რომ ,,პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომელთაც 2017 წლის 01 იანვრიდან შუამდგომლის აღძვრის დღემდე გააჩნიათ|გაჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი,“ არ უნდა შეფასდეს დაზარალებული ოჯახის პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის საფუძვლად. აპელანტის მოსაზრება ი. ა-ის და ნ. ა-ის განქორწინების ფიქტიური ხასიათის შესახებ, არ არის დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით უნდა გამოიკვლიოს ი. ა-ის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის ფაქტი, გამოიკლიოს რეალურად სად ცხოვრობს ი. ა-ე და მისი ყოფილი მეუღლის ქონება რამდენად წარმოადგენს ი. ა-ისათვის ალტერნატიულ საცხოვრებელს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხელახლა უნდა შეისწავლოს ი. ა-ის ინტერესში შემავალი საკითხი და ამ გარემოებების ურთიერთშეჯერებით დაასაბუთოს საკუთარი დასკვნა მოთხოვნის საფუძვლიანობასა თუ უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 25.01.2019წ. N15 განკარგულების დანართი N2-ის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომელთაც 2017 წლის 01 იანვრიდან შუამდგომლის აღძვრის დღემდე გააჩნიათ|გაჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ალტერნატიული უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა ოჯახისათვის საარსებო პრობლემის გადაწყვეტის მიზნით. ი. ა-ე 05.06.2017წ. განქორწინდა, ამდენად ამ დრომდე მას გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 30.09.2019წ. N102 სხდომის ოქმით ი. ა-ეს უარი ეთქვა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვაზე იმ მოტივით, რომ მისი მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 25.01.2019წ. N15 განკარგულებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.06.2018წ. N... ამონაწერით, ი. ა-ის ყოფილ მეუღლეს ნ. ა-ეს უფიქსირდებოდა უძრავი ქონება (საცხოვრებელი) ქ. ბათუმში. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე ი. ა-ე შვილებთან ერთად ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. 08.11.2017წ. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმის მიხედვით ი. ა-ის ოჯახს მიენიჭა მეორე კატეგორია, რაც გულისხმობს იმას, რომ სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი) გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 25.01.2019წ. N15 განკარგულების დანართი N2-ის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით თვლის, რომ არ არსებობდა ი. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ზემოაღნიშნული მუხლის მიხედვით, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომელთაც 2017 წლის 01 იანვრიდან შუამდგომლის აღძვრის დღემდე გააჩნიათ|გაჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. კასატორი თვლის, რომ ი. ა-ე 05.06.2017წ. განქორწინდა მეუღლესთან და ამ პერიოდამდე მას გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი. აღსანიშნავია, რომ კასატორი ზემოაღნიშნულ მუხლზე სასამართლოსთვის წარდგენილ შესაგებელში, ასევე სააპელაციო და საკასაციო საჩივარში მიუთითებს, ხოლო სადავო გადაწყვეტილება აღნიშნულ მუხლზე მითითებას არ შეიცავს. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ი. ა-ის სარგებლობაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის საკითხი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 22.05.2018წ. მოხსენებით ბარათზე, რომლის მიხედვით სოფ. ...ში ი. ა-ის ოჯახში ფაქტობრივად ცხოვრობს ი. ა-ე, მ. ა-ე, ლ. ა-ე და ნო. ა-ე, ხოლო მეუღლე-ნ. ა-ე გადასულია 2015 წლიდან. ასევე საქმეში დაცულია ნ. ა-ის მეზობლის ა. ჩ-ის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ის ნ. ა-ეს იცნობს 2011-2012 წლიდან, ნ. ა-ე გაცნობის დღიდან ცხოვრობს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N6ა-ში და მას თვალით არ უნახავს ნ. ა-ის საცხოვრებელ მისამართზე ი. ა-ე, მისი შვილები ან მშობლები. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ი. ა-ე 05.06.2017წ. განქორწინდა მის მეუღლესთან, საქმის მასალებით არ დასტურდება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ი. ა-ისა და ნ. ა-ის ერთ ოჯახად ცხოვრების ან თუნდაც ი. ა-ის მიერ ნ. ა-ის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ფაქტი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. N779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 2.12 მუხლი დასაშვებად თვლის იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობას, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი