№ბს-843(კ-23) 16 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 2 მარტს თ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით, განსჯადობის წესების დაცვით, საქმე განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
2022 წლის 15 ივლისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით, მოსარჩელემ, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 02 დეკემბრის №... და 2022 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებების, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 15 ნოემბრის №147.223.2021 განკარგულების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის, გარდაბანში, სოფელი ...ში, ...ში მდებარე 599 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 06 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა №... განცხადება და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე, მდებარე -გარდაბანი სოფელი ..., ... 559 კვ.მ., უფლების სპორადული რეგისტრაცია.
ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2021 წლის 03 აგვისტოს №309194 მიმართვით გადაიგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. კომისიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და 2021 წლის 15 ნოემბრის №14/223/2021 გადაწყვეტილებით უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 02.12.2021 წელს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნა. 2021 წლის 30 დეკემბერს, მოსარჩელემ საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც 02.12.2021 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2022 წლის 31 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით მიწის ნაკვეთი მდებარეობს მისსავე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, არის სავალი გზის პირას და წარმოადგენს ერთადერთ მისასვლელ გზას მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. მიწის ნაკვეთი არის მეწყერსაშიში ზონის გაგრძელება და აუცილებელია მისი მოწყობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩამოშლა. სადავო მიწის ნაკვეთზე თ. ბ-იმა ჩაატარა მთელი რიგი სამუშაოები, გაწმინდა მიწის ნაკვეთი და 3-4 წლის წინ დარგო 40-ზე მეტი ხე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ჰქონდა, თითქოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი 71%-ით მოიცავს ი. ფ-ეის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, რაც არ შეესაბამება რეალობას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 15 ნოემბრის №147.223.2021 განკარგულება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 02 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო მყარ მიჯნაში არსებული მიწის ნაკვეთი, ასევე წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთებოდა დაბალი "ბეტონის მიჯნა" და ამასთანავე სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ მომხდარა საკითხის არსებითი გამოკვლევა. აღიარების კომისიის უარი დაეფუძნა ასევე სისტემური აღწერის დაუზუსტებელ გრაფიკულ მონაცემებს, თუმცა სასამართლოსთვის ბუნდოვანი იყო, დაუზუსტებელი მონაცემი ყოველგვარი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე რატომ ჩათვალა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მოსარჩელისათვის უარის თქმის საფუძვლად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, თ. ბ-იმა 2021 წლის 06 ივლისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, მდებარე გარდაბანი, სოფელი ..., ..., 599 კვ.მ. განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ასევე, მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა დოკუმენტაციის გადაგზავნაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარდგენილ განცხადებას არ ახლდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან.
საქართველოს ეროვნული არქივის 21.07.2021წ. №15/78259 წერილით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონალური არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ს 1986-1995, 1996-2000, 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი თ. მ.-ს ძე ბ-ის კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ. გარდაბნის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ს 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების ზონარგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება ჩაბარების აქტები, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო), მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები ქვემო ქართლის რეგიონალურ არქივში დაცვაზე არ შესულა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს 14.07.2021 წლის №21-02-1/89380 წერილით კი დგინდება, რომ არქივში არსებობს 2001-2007 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები. მოქალაქე თ. მ.-ს ძე ბ-ი აღნიშნულ სიებში არ ფიქსირდება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.11.2021 წლის №469179 წერილით დადგინდა, რომ სააგენტოში დაცულია სისტემური აღწერის შედეგად მიღებული უფლებადაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემი, რომლის მიხედვითაც განცხადებაზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებულია სისტემური აღწერა, ფიქსირდება ჩანაწერი - ... ი. ფ-ე. ჩანაწერის სარეგისტრაციო წარმოების მასალები საარქივო დოკუმენტაციაში დაცული არ არის. აღნიშნულ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არის ზედდება ი. ფ-ეის მიწის ნაკვეთზე. ამავე სისტემურ მონაცემებში ი. ფ-ეის მომიჯნავედ მითითებულია თ. ბ-ი, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისის 2021 წლის 03 აგვისტოს №... გადაწყვეტილების საფუძველზე, №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია, №309194 მიმართვით გადაეგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილების მიღება გადადო აღნიშნულ მიმართვაზე საბოლოო პასუხის მიღებამდე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 08 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოხდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ში. იგი შემოსაზღვრული არ არის, ფლობისა და სარგებლობის კვალი არ დაფიქსირდა, გარდა ძველი რამოდენიმე ხისა. ნაკვეთი ესაზღვრება მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთს. ნაკვეთს კვეთს საზოგადოებრივი დანიშნულების სარწყავი არხი. მოსარჩელე ნაკვეთით სარგებლობს 70-იანი წლებიდან.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 15 ნოემბრის №14 ოქმის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთს. იგი მდებარეობს დაინტერესებული პირის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) მომიჯნავედ, რომელიც, მისი განმარტებით, 1970 წელს მიიღო ...ში მუშაობის პერიოდში. როგორც საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ცარიელია, მას ფლობისა და სარგებლობის კვალი არ ეტყობა. მიწის ნაკვეთზე გადის სარწყავი არხი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2021 წლის 15 ნოემბერს მიღებული იქნა №14/223/2021 განკარგულება, რომლითაც თ. ბ-ის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე 599 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ ...) საკუთრების უფლების აღიარებაზე ეთქვა უარი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 02 დეკემბერს მიღებული იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე არ დადგინდა მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის/საკუთრების უფლება, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №147/223/2021 განკარგულებით (15.11.2021 წელი) თ. ბ-ის უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასტურდებოდა და მხარეები არ ხდიდნენ სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის არ წარუდგენია. თ. ბ-ი უთითებდა, რომ მან მოთხოვნილ მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და ფლობდა უწყვეტად. სადავო არ იყო ასევე ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი თ. ბ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტებები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 15 ნოემბრის №14/223/2021 განკარგულების უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან დასტურდებოდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე ფიქსირდებოდა მესამე პირის უფლება, რაც გამორიცხავდა საკუთრების უფლების აღიარებას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ი. ფ-ეის სახელზე მიწის ნაკვეთის აღრიცხვის საფუძვლიანობა უნდა ყოფილიყო შესწავლილი თ. ბ-ის განცხადების განხილვის ფარგლებში. დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ი. ფ-ეის სახელზე იყო აღრიცხული, რაც, პალატის შეფასებით, თ. ბ-იის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-იმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის პოზიციის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ი. ფ-ეის სახელზეა აღრიცხული, რაც პალატის შეფასებით, თ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს ქმნიდა. სასამართლომ აღნიშნული მიუთითა ისე, რომ არ გაცნობია საქმის მასალებს, კერძოდ: არ დაუთვალიერებია წარდგენილი მიწის ნაკვეთების ამსახველი მასალების ელ. ვერსია, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი არის თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წინ, გზის პირას, გვერდით, ეკვრის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და დარჩენილია სხვა ფართის მიწის ნაკვეთიც. შესაბამისად, თ. ბ-ი ვერანაირად ვერ მოხვდება მის მიწის ნაკვეთზე, თუ არ გაივლის ნებისმიერი მხრიდან დასარეგისტრირებელ მიწის ნაკვეთს. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საჯარო რეესტრიდან მიღებულ საქმის მასალებს, რომლებშიც დაფიქსირებულია, რომ ზედდება არის 71%, თუმცა არ არის შეფასებული რა მდგომარეობაა დანარჩენ 29%-ზე.
აპელანტებს არ წარმოუდგენიათ არანაირი დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებდა, რომ ეს ტერიტორია განკერძოებულ ბლოკს ეკუთვნოდა, არ წარმოუდგენიათ არანაირი მონაცემები ი. ფ-ეზე, არ ჩაურთავთ ი. ფ-ე (ან მისი უფლებამონაცვლე) მესამე პირად, თუმცა აპელანტები მათი პოზიციის გამყარების მიზნით იშველიებდნენ იმ ი. ფ-ეს, რომელიც არც კი მოიწვიეს, არც კი მოიკვლიეს მასზე ინფორმაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-იის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-იის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს თ. ბ-იისთვის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის (გადაწყვეტილებები - 02.12.2021 წ №... და 31.01.22 №...), გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ უძრავ ქონებაზე თ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის (15.11.21 წ. №147.223.2021 განკარგულება) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, თ. ბ-იმა 2021 წლის 06 ივლისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, მდებარე გარდაბანი, სოფელი ..., ..., 599 კვ.მ. მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა დოკუმენტაციის გადაგზავნაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარდგენილ განცხადებას არ ერთოდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან.
საქართველოს ეროვნული არქივის 21.07.2021წ. №15/78259 წერილით დგინდება, რომ ქვემო ქართლის რეგიონალური არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ს 1986-1995, 1996-2000, 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი თ. მ.-ს ძე ბ-ის კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ. გარდაბნის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ს 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების ზონარგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება ჩაბარების აქტები, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო), მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები ქვემო ქართლის რეგიონალურ არქივში დაცვაზე არ შესულა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს 14.07.2021 წლის №21-02- 1/89380 წერილით კი დგინდება, რომ არქივში არსებობს 2001-2007 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები. მოქალაქე თ. მ.-ს ძე ბ-ი აღნიშნულ სიებში არ ფიქსირდება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.11.2021 წლის №469179 წერილის თანახმად, სააგენტოში დაცულია სისტემური აღწერის შედეგად მიღებული უფლებადაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემი, რომლის მიხედვითაც განცხადებაზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებულია სისტემური აღწერა, ფიქსირდება ჩანაწერი - ... ი. ფ-ე. ჩანაწერის სარეგისტრაციო წარმოების მასალები საარქივო დოკუმენტაციაში დაცული არ არის. აღნიშნულ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთსა და ი. ფ-ეის მიწის ნაკვეთზე არის ზედდება. ამავე სისტემურ მონაცემებში ი. ფ-ეის მომიჯნავედ მითითებულია თ. ბ-ი, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 03 აგვისტოს №... გადაწყვეტილების საფუძველზე, №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია, №309194 მიმართვით გადაეგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ხოლო გადაწყვეტილების მიღება გადადო აღნიშნულ მიმართვაზე საბოლოო პასუხის მიღებამდე.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 08 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოხდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ში. იგი შემოსაზღვრული არ არის, ფლობისა და სარგებლობის კვალი არ დაფიქსირდა, გარდა ძველი რამდენიმე ხისა არსებობისა. ნაკვეთი ესაზღვრება მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთს. ნაკვეთს კვეთს საზოგადოებრივი დანიშნულების სარწყავი არხი. მოსარჩელე ნაკვეთით სარგებლობს 70-იანი წლებიდან.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 15 ნოემბრის №14 ოქმის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთს. იგი მდებარეობს დაინტერესებული პირის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) მომიჯნავედ, რომელიც, მისი განმარტებით, 1970 წელს მიიღო ...ში მუშაობის პერიოდში. მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ცარიელია, მას ფლობისა და სარგებლობის კვალი არ ეტყობა. მიწის ნაკვეთზე გადის სარწყავი არხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოახდინოს მხოლოდ შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). მოცემული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს. ამავე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი შემდეგი დოკუმენტები: 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
მითითებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გასაჩივრებული, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოსარჩელეს არც ადმინისტრაციული წარმოების და არც საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე არ წარუდგენია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან მისი მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მტკიცებულებები, რაც გახდებოდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 15 ნოემბრის №147.223.2021 განკარგულების კანონიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს არეგულირებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს,... (მუხლი 2.გ).
ამდენად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი პირობაა, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის საკუთრებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.11.2021 წლის №469179 წერილის თანახმად, სააგენტოში დაცულია სისტემური აღწერის შედეგად მიღებული უფლებადაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემი, რომლის მიხედვითაც განცხადებაზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებულია სისტემური აღწერა, ფიქსირდება ჩანაწერი - ... ი. ფ-ე. ჩანაწერის სარეგისტრაციო წარმოების მასალები საარქივო დოკუმენტაციაში დაცული არ არის. აღნიშნულ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არის ზედდება ი. ფ-ეის მიწის ნაკვეთზე. ამავე სისტემურ მონაცემებში ი. ფ-ეის მომიჯნავედ მითითებულია თ. ბ-ი, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებით განისაზღვრა მიწის ნაკვეთების პირველადი სისტემური რეგისტრაციისთვის გასატარებელი ღონისძიებები. მოცემული ბრძანებულების მე-4 პუნქტი ადგენდა რეგისტრატორის მიერ გამოსაყენებელ დოკუმენტებს, ხოლო მე-5 პუნქტი უთითებდა, რომ ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.
ამდენად, მართალია სისტემური რეგისტრაციის შედეგად რეგისტრირებული მონაცემები საჭიროებდა შემდგომ დაზუსტებას, თუმცა, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა თვითნებურად დაკავების საფუძვლით, მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ადგენს ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, ძალაში მყოფი სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით სხვა პირის საკუთრების უფლების აღრიცხვის ფაქტი, განსახილველ შემთხვევაში, გამორიცხავდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ თ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შესაბამისობაში არიან მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე ნ. გ-ის 09/08/2023 წ. საგადახდო დავალება №18142156107-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ბ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ-იის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;
3. თ. ბ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. გ-ის (პ/ნ ...) 09/08/2023 წ. საგადახდო დავალება №18142156107-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა