Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-53(2კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ.კ-ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი- სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

2020 წლის 09 იანვარს კ.კ-მა სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 25 მაისის №2-16/71 მომართვისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2010 წლის 13 აგვისტოს №2-16/495 მომართვის ის ნაწილი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ქ. სენაკში, ...ის ქუჩის №134-ში მდებარე №... ...ის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 04 ივნისის №... და 2010 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებები - ქ. სენაკში, ...ის ქ.№134-ში მდებარე ...ის სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ; მოსარჩელემ ზემოხსენებულთან ერთად ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ქ. სენაკში, ...ის ქუჩის №134-ში მდებარე №... ...ის კ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ.კ-ის სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და ახლი აქტის გამოცემის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 25 მაისის N2-16/71 მომართვისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2010 წლის 13 აგვისტოს N2- 16/495 მომართვის ის ნაწილი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ქ. სენაკში, ...ის ქ. N134-ში მდებარე N... ...ის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 04 ივნისის N... გადაწყვეტილების და 2010 წლის 24 აგვისტოს N... გადაწყვეტილების ნაწილი, ქ. სენაკში, ...ის ქ. N134-ში მდებარე ...ის სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ; დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. სენაკში, ...ის ქ.N134-ში მდებარე N... ...ის კ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ; კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიუთითა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებზე, ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №977 დადგენილებაზე და განმარტა, რომ გასაჩივრებული მომართვები ქმნიდა სადავო ქონების სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციის საფუძველს, ვინაიდან დაურეგისტრირებელ უძრავ ქონებაზე, კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ კ.კ-მა სამჯერ: 2016 წლის 05 სექტემბერს, 2016 წლის 21 ნოემბერს და 2018 წლის 12 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრს ქ. სენაკში, ...ის №134-ში მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. პროცესუალურ მოწინააღმდეგეს მოეთხოვა თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რადგან აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების სერთიფიკატის მოწმობის №...) მიხედვით, სერთიფიკატი ძალაშია მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 201 წლის 23 აპრილს გაცემული №21-05/52666 ცნობით დგინდება, რომ კ.კ-მა გადაიხადა მხოლოდ თანხის ნახევარი - 500 ლარი, ნაცვლად ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასისა (1000 ლარი). გარდა ამისა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბერს №01/5290 წერილის თანახმად, კ.კ-ის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში არ არის წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ აუქციონის მსვლელობისა და შედეგების ოქმის საფუძველზე მიწის იდენტურობა ვერ დგინდება. ზემოხსენებულზე მითითებით კასატორი მიიჩნევს, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონიერია და არ ლახავს პროცესუალური მოწინააღმდეგის უფლებებს, რაც არ იქნა გათვალისწინებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ. კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს კ.კ-ის მიერ პირველივე აუქციონზე გამოტანილი ნივთის საბაზრო ფასის მხოლოდ ნახევრის, ანუ 50%-ის გადახდა და მიაჩნია, რომ პროცესუალურ მოწინააღმდეგეს სადავო ქონებაზე არ მოუპოვებია საკუთრების უფლება, რაც არ იქნა გათვალისწინებული და გაზიარებული სასამართლოს მიერ.

კასატორის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თვალსაზრისით სასამართლომ შეფასება არ მისცა №... სერთიფიკატში (მოწმობა) მითითებულ დათქმას იმის შესახებ, რომ - ,,სერთიფიკატი ძალაშია მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად", თუმცა ასეთი დოკუმენტი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტისათვის კ.კ-ს არ წარუდგენია, ამასთან კ.კ-ის მიერ დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც საარქივო და საგადასახადო დავალიანების მართვის პოლიტიკის სამმართველოში. თავის მხრივ, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების საფუძველზე სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო მოვალის - სს ,,...-ის" ქონებას. აღნიშნული ბრძანების, ასევე, ფოთის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანებით საგადასახადო ინსპექციას ნება დაერთო აუქციონის წესით მოვალის ქონების რეალიზაციაზე. აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ 2005 წლის 16 მაისის №8 ოქმის თანახმად, აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილ იქნა მოვალის საკუთრებაში არსებული რიგი ქონებები, მათ შორის, ... №12, 43 კვ.მ, ღირებულება - 1000 ლარი (იხ. ოქმის მე-7 პუნქტი). ამავე ოქმის თანახმად, აუქციონში მონაწილეობა სხვა პირებთან ერთად მიიღო კ.კ-მა, რომელსაც წინასწარი საფასურის სახით გადახდილი აქვს 200 ლარი, რაც თავის მხრივ შეადგენს 1000 ლარის 2 %-ს (თანახმად სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 88.5 მუხლისა). საგულისხმოა, რომ ოქმის ჩამონათვალში 1000 ლარად შეფასებული არაა სხვა არც ერთი ქონება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო უძრავი ნივთის საპრივატიზებო ღირებულება შეადგენდა 1000 ლარს, ხოლო კ.კ-ის მიერ დადასტურებულად გადახდილია მხოლოდ 500 ლარი, სრული ღირებულების 50%.

კასატორის განმარტებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ასევე სამართლებრივად არ აფასებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, როგორიცაა გამგეობის მიერ იდენტურობის დადგენა. კერძოდ, გადაწყვეტილების 3.8. პუნქტის თანახმად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №5290 წერილის მიხედვით, უძრავი ნივთის იდენტურობა ვერ დადგინდა. აღნიშნული წერილი კანონიერ ძალაშია, იგი კ.კ-ის მიერ სადავოდ არ გამხდარა, რასაც, თავი მხრივ, საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა და საერთოდ არ შეაფასა ზემოაღნიშნული წერილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართვებისა და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება, რომლითაც სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებზე: სენაკის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 17 სექტემბრის №06-434/7-8 წერილის საფუძველზე ქ. სენაკში, ...ის ქუჩა №134-ში რეგისტრირებული იქნა სს ,,...-ის" საკუთრების უფლება. საქმეში წარმოდგენილი აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ 2005 წლის 16 მაისის №8 ოქმით დადგენილია, რომ №15.02.05 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სს ,,ე...-ის" დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ ჩატარებულ იქნა ღია აუქციონი.

მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 30 მაისის აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების №... სერთიფიკატით (მოწმობა) დადგენილია, რომ ... №..., მდებარე სენაკი, ...ის ქუჩა №134, 500 ლარად შეიძინა კ.კ-მა. სერთიფიკატი ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის - საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ.

სს ,,ე...“-ის დირექტორ ბ.ს-ას 2019 წლის 13 ნოემბრის №2 წერილით დადგენილია, რომ 2005 წლის 16 მაისის №8 ოქმის საფუძველზე აუქციონის წესით კ.კ-ის მიერ 500 ლარად შეძენილ იქნა სს ,,ე...“-ის ... №12 მდებარე, ქ. სენაკი, ...ის ქ. №134-ში. ზემოაღნიშნული თანხა 500 (ხუთასი) ლარი კ.კ-ის მიერ ჩარიცხულ იქნა ფოთის საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე, სს ,,ე...-ის" ბიუჯეტის და სახელმწიფო ფონდების დავალიანების (144554 ლარი) დასაფარად.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ღია აუქციონის წესით. მითითებული ნორმის მეხუთე ნაწილის თანახმად აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია აუქციონის დაწყებამდე ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე წინასწარ შეიტანოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იმ ნივთის საწყისი ღირებულების პროცენტი, რომლის შეძენასაც აპირებს, რაც გამარჯვების შემთხვევაში ჩაითვლება გადახდილი თანხის ანგარიშში. იმავე კოდექსის 88-ე მუხლის მეცხრე ნაწილის თანახმად კი პირი რომლის შემოთავაზებული ფასი მიღებული იქნება აუქციონზე და რომელიც შეისყიდის ჩამორთმეულ ქონებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს თავის მიერ შემოთავაზებული ფასის არანაკლებ ნახევარი ან 5000 ლარი უმცირესი თანხის მიხედვით, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიფაროს რეალიზაციიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. თანხის სრულად დაფარვამდე მყიდველს არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმავე კოდექსის 88-ე მუხლის მეთერთმეტე ნაწილზე, რომლის შესაბამისად - თანხის სრულად გადახდისთანავე მყიდველს ეძლევა სერტიფიკატი გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ.კ-ს 2005 წლის 16 მაისს აუქციონზე შეძენილ, კერძოდ კი ქ.სენაკში, ...ის ქუჩის №134-ში მდებარე №12 ...ზე საკუთრების უფლება გადაეცა აუქციონის ჩატარებიდან სწორედ 14 დღის ვადაში - 2005 წლის 30 მაისს. თავის მხრივ კი აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ 2005 წლის 16 მაისის №8 ოქმით დადგენილია, რომ აუქციონზე სარეალიზაციოდ სხვა ქონებებთან ერთად გატანილ იქნა ... №12, 43 კვ.მ., ღირებულებით -1000 ლარი, რომლის შეძენა განახორციელა კ.კ-მა 500 ლარად და სრულად გადაიხადა რა აღნიშნული თანხა, მასზე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ სადავე პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მეთერთმეტე ნაწილის შესაბამისად - თანხის სრულად გადახდისთანავე, როგორც უძრავი ქონების შემძენს, მიეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს ,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილების 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, აუქციონს ატარებს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი. იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს. იმავე დადგენილების 3.2. მუხლით აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზების ავტორი, რის შემდგომ აუქციონი ცხადდება დასრულებულად, ხოლო 3.4. მუხლის თანახმად პირველ აუქციონზე საბოლოოდ შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70 პროცენტზე ნაკლები. ასევე საყურადღებოა იმავე დადგენილების 3.5. მუხლი, რომლის შესაბამისად - თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა შესაბამისი ფასის შემოთავაზება, საგადასახადო ორგანო პირველი აუქციონისთვის დადგენილი ფორმით აცხადებს განმეორებით აუქციონს, სადაც საბოლოოდ შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 50 პროცენტზე ნაკლები.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კ.კ-მა ქ. სენაკში, ...ის ქუჩის №134-ში მდებარე №12 ... შეიძინა მეორე აუქციონზე, ამდენად, საწყისი ღირებულების-1000 ლარის ნაცვლად, ღირებულების 50%-ის - 500 ლარის შეთავაზება და ამ ფასად ნივთის შეძენა კ.კ-ის მხრიდან აბსოლუტურად შეესაბამებოდა ზემოთ მოხმობილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ კ.კ-ის მიერ აუქციონზე შეძენამდე სადავო ქონება (სენაკი, ...ის ქ. №134-ში მდებარე №... ...) წარმოადგენდა არა სახელმწიფოს, არამედ კერძო სამართლის იურიდიული პირის - სს „... -ის“ საკუთრებას, რომლის ვალდებულებებიც სახელმწიფოს წინაშე შესრულდა ამ უკანასკნელის კუთვნილი, მათ შორის, კ.კ-ის მიერ შეძენილი, აუქციონზე რეალიზაციის შედეგად.

შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე