საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-99 (კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ.ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ონის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - გ.გ-ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
2020 წლის 30 მარტს გ.ბ-მა სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის 27 თებერვალს გაცემული №389 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის დავალდებულება საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი გადაწყვეტილება.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ბ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სასამართლო მე-4 პუნქტით ადგენს, რომ მიწის (უძრავი) ქონების სააღრიცხვო ბარათით (განაცხადის ნომერი: ..., მიწა (უძრავი ქონება) სარეგისტრაციო ნომრით: ..., მისამართი: ონი, სოფელი ..., ფართობი: 2867,28 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო - სამეურნეო) რეგისტრირებულია კ.გ-ის ოჯახის საკუთრებად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სასოფლო - სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია №199. საგულისხმოა, რომ ამავე პუნქტით სასამართლო ადგენს საწინააღმდეგო ფაქტს, კერძოდ, 2020 წლის 20 დეკემბრის №... წერილით სსიპ საჯარო რეესტრმა ზემოთ მითითებულ ნაკვეთზე ონის მუნიციპალიტეტს მოსთხოვა ნაკვეთის იდენტიფიცირება და ამავე დროს გადაეგზავნა სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა სასამართლომ არასწორად დაადგინა შემდეგი გარემოებები: თუ კ.გ-ს ჯერ კიდევ 01.08.00 წლის სააღრიცხვო ბარათით გადაცემული ჰქონდა 2867,28 კვ.მ მიწის ნაკვეთი, იხდიდა აღნიშნულ ნაკვეთზე გადასახადს და ასევე აღნიშნული სადავო ქონება მიღებულია სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ცალსახად დგინდება, რომ ეს წარმოადგენს იმ ნაკვეთს, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობდა კ.გ-ის ოჯახი, ხოლო მოგვიანებით მის მიერ რეესტრში წარდგენილი შპს ,,მ...-ის" მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზი 2000 კვ.მ-ზე არის სხვა ნაკვეთი, რომლის არასწორი იდენტიფიცირება მოახდინა მოპასუხე მხარემ, რადგან სასამართლო სხდომებზე ცალსახად დადგინდა და აღნიშნულს დაეთანხმა თავად მოპასუხეც, რომ სადავო აქტით ნაკვეთი იდენტიფიცირება მომხდარი არის ონის მუნიციპალიტეტის სატყეოს კუთვნილ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც მოგვიანებით განადგურდა და შესაბამისად აღნიშნული ნაკვეთი ვერ იქნებოდა ის მიწა, რომელზედაც მოხდა იდენტიფიცირება და რომელი ნაკვეთიც მყარი ღობით შემოღობილი ჰქონდა გ.ბ-ს და დღემდე ფლობს მას. შესაბამისად, სასამართლომ არ შეაფასა და არ დაადგინა საქმეზე რეალური ფაქტები და ყურადღებაც კი არ მიაქცია თავად იმ ფაქტს, რომ ის, რაც გადაწყვეტილებაში მიუთითა არის ურთიერთსაწინააღმდეგო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: გ.გ-მა N... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ონის მუნიციპალიტეტში, სოფელი .... გ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების დოკუმენტს წარმოადგენდა მიწის (უძრავი) ქონების 01.08.00 წლის სააღრიცხვო ბარათი, (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: ..., მიწა (უძრავი ქონება) სარეგისტრაციო ნომრით: ..., მისამართი: ონი, სოფელი ..., ფართობი: 2867,28 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო – სამეურნეო), რომელიც რეგისტრირებული იყო კ.გ-ის ოჯახის საკუთრებად (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია №199). ასევე დადგენილია, რომ მამის, კ.გ-ის გარდაცვალების შემდეგ, გ.გ-მა მემკვიდრეობით მიიღო მისი დანაშთი ქონება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 20 დეკემბრის №... წერილით ონის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ სააგენტოში წარდგენილი იყო №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ონის რაიონი სოფ. .... დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად, მერიას გადაეგზავნა წარდგენილი დოკუმენტაცია და ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ს/კ ..., სამკვიდრო, მერიის ცნობა) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის იდენტურობის დადასტურება.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის 13 თებერვალს განხორციელდა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება და დათვალიერების №04792 ოქმის მიხედვით დადასტურდა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით (საკადასტრო რუკა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნომერი: ..., თარიღი: 01.08.00წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე შესრულებული ,,მ...-ის" მიერ, თარიღი: 2018 წლის 09 ნოემბერს ასახული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და ფართობი – 2000 კვ.მ, ერთმანეთის იდენტური იყო. დათვალიერებას ესწრებოდნენ მეზობლები: გ.გ-ი, მ.გ-ი, ს.ბ-ი, დ.ბ-ი, გ.ბ-ი. ოქმში აღნიშნულია, რომ „დათვალიერების საგანი წარმოადგენდა მინდორს, ამჟამად ტერიტორია შემოღობილია ერთი მხრიდან რკინის მესრით“.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ონის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 27 თებერვლის №389 ბრძანების თანახმად, დადასტურდა საკუთრების უფლების დოკუმენტებით (მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი ... – 01/08/00წ) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და ,,მ...-ის" მიერ 11.09.2018 წ. შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე (ფართობი –2000 მ2) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს - ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის 27 თებერვალს გაცემული №389 ბრძანების კანონიერების შეფასება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა; ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერი მფლობელია ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს.
იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საპილოტო პროექტის ფარგლებში, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის, ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის, ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ 2020 წლის 13 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა საქართველოს კანონის - ,,მიწის ნაკვეთებზე, უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეადგინა ადგილზე დათვალიერების N04792 ოქმი, რომელიც ასახავს მიწის ნაკვეთის ს/კ ... და შპს ,,მ...-ის" მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის იდენტურობას, აღნიშნული დადასტურებულია ხუთი მოწმის მიერ; ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგად დადასტურებული იქნა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით (საკადასტრო რუკა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო N..., თარიღი: 01.08.00წ) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე შესრულებული შპს ,,მ...-ის" მიერ ასახული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და ფართობი (2000 კვმ) ერთმანეთის იდენტურია.
ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ - ონის მუნიციპალიტეტის მერიამ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აწარმოა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება, ასევე ადგილზე გასვლითა და მოწმეთა გამოკითხვით, შეისწავლა განსახილველი საკითხი, რის საფუძველზეც მერის მიერ გაიცა შესაბამისი ბრძანება.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინება;
3. გ.ბ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.03.2023წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე