საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-100(კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ. ჯ-ე
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
2019 წლის 23 დეკემბერს შ. ჯ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 10 სექტემბრის №327 დადგენილებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 დეკემბრის №95 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით, შ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 10 სექტემბრის №327 დადგენილება და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 დეკემბრის №95 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციამ“ იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაზეც სააპელაციო სასამართლოში აპელირებდა.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო არასწორ დაკვალვაზე (სახლი უნდა მდგარიყო გზასთან ახლოს, მაგრამ იდგა მოშორებით), ასევე ფასადზე უნდა ყოფილიყო დიდი ვიტრაჟები, სადაც იქნებოდა ავტოფარეხის შესასვლელი, თუმცა გაკეთდა ჩვეულებრივი ფანჯრები. გვერდით კედელზე გამოჭრილი იყო ფანჯრების ღიობები, რაც არ იყო გათვალისწინებული პროექტით. შ. ჯ-ე დაჯარიმდა აღნიშნულ დარღვევებზე, გადაიხადა ჯარიმა, მაგრამ დარღვევები გამოსწორდა ნაწილობრივ. დაკვალვა გასწორდა (სახლის მდებარეობა განისაზღვრა ზუსტად), შეთანხმდა ფასადის ვიტრაჟები, თუმცა დარღვევები სრულად არ აღმოფხვრილა. გვერდით, მინაბლოკის მაგივრად გამოჭრილ ფანჯრებზე მეზობლების თანხმობა ვერ მიიღო, რაც არსებული დარღვევის სანებართვო პირობების შეთანხმების გზით გამოსწორების შესაძლებლობას გამორიცხავდა. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, 2019 წელს გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, სამი თვის გასვლის შემდგომ, დაიწყო საქმის წარმოება. კანონის შესაბამისად, აღნიშნული დარღვევა ითვალისწინებს დაკისრებული ჯარიმის სამმაგი ოდენობის დაკისრებას. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდამრღვევს არც ჯარიმის გადახდა ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისაგან და არც დარღვევის გამოსწორება ჯარიმისაგან მითითებით განსაზღვრული გონივრული ვადის გასვლის შემდგომ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ კანონის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებში განსაზღვრული გონივრული ვადით. ასევე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ კანონის 93-ე მუხლით მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც არ არის გათვალისწინებული პროექტით, განიხილება როგორც სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევად, რაც დაჯარიმების საფუძველია. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამავე დადგენილებით გაცემული სამშენებლო ნებართვა. დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობის შესრულება.
კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილი არ არის კონკრეტულად რომელი პროცესუალური ნორმა იქნა დარღვეული ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული, აქედან გამომდინარე ცალსახაა, რომ სასამართლოს მიერ მოხდა კანონის და ფაქტების ზოგადი შეფასება, არასრული განმარტება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს არანაირი ფაქტობრივი გარემოებები. ყოველივე ეს კი, კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შ. ჯ-ის დადგენილებით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოუფხვრელობისათვის 3000 ლარით(სამმაგი ოდენობა) დაჯარიმების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, 2017 წლის 07 სექტემბერს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა. კერძოდ, მოქალაქე შ. ჯ-ე ქ. ბათუმში, ...ის ქ. №93-ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწაზე სამართალდარღვევით აწარმოებდა საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებს. მშენებლობისას დარღვეული იყო შენობის დაკვალვა (მდებარეობა) და ა.ა. ღერძებში პირველ სართულზე მოწყობილი იყო დამატებითი ღიობები. 2017 წლის 22 ნოემბრის შემოწმების აქტით დადგინდა, რომ შ. ჯ-ემ არ შეასრულა მითითების პირობები. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითრებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 08 იანვრის №13 დადგენილების საფუძველზე შ. ჯ-ე დამრღვევად იქნა მიჩნეული და დაჯარიმდა 1000 ლარით.
განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ შ. ჯ-ემ გადაიხადა №13 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა 1000 ლარი, ამასთან მან სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით მიმართა ბათუმის მერიას, რომლის 2018 წლის 17 იანვრის №244 ბრძანებით ცვლილებები შევიდა არქიტექტურულ პროექტში და გაიცა ახალი სამშენებლო ნებართვა. ცვლილება ითვალისწინებდა შენობის უკანა მხარეს აივნის ნაცვლად ფანჯრისა და ავტოფარეხის ადგილას სასაწყობე ფართის მოწყობას. მის მიერ მოხდა შენობის დაკვალვა (სახლის მდებარეობა განისაზღვრა ზუსტად), ასევე ახალი პროექტით შეთანხმდა ფასადის ვიტრაჟები, ამდენად ახალი პროექტით გათვალისწინებული იქნა შემოწმებით აღმოჩენილი დარღვევები, რის შემდეგაც მოსარჩელის მიერ გასწორდა შენობის დაკვალვა (მდებარეობა) და ა-ა ღერძებში პირველ სართულზე 1 ღიობის ნაცვლად მოეწყო ორი ღიობი.
2019 წლის 06 აგვისტოს კვლავ შემოწმდა შ. ჯ-ის მიერ მშენებარე ობიექტი, შემოწმებისას შედგა შემოწმების აქტი №222, სადაც მითითებულ იქნა შემდეგი დარღვევა: „გვერდით ფასადზე მინა-ბლოკის ნაცვლად მოწყობილია ფანჯრის ღიობი“. აღნიშნული აქტის საფუძველზე 2019 წლის 10 ოქტომბერს, შ. ჯ-ე "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 3000 ლარით, 2018 წლის 08 იანვრის №13 დადგენილებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მეორე ნაწილით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით და აძლევს ვადას დარღვევის გამოსასწორებლად; განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მეცხრე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა- ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტითა და სამშენებლო რეგლამენტით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით თვითმმართველ ქალაქში 1000 ლარის ოდენობით. იმავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა; ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; გ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ, გარდა ამ კოდექსის 451 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
დასახელებულ ნორმათა განმარტების შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შ. ჯ-ის დაჯარიმება - თავდაპირველი ჯარიმის 1000 ლარის სამმაგი ოდენობით - 3000 ლარით არ არის კანონიერი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ვინაიდან 2017 წლის 07 სექტემბერს გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დარღვეული იყო - შენობის დაკვალვა (მდებარეობა) და ა.ა. ღერძებში პირველ სართულზე მოწყობილი იყო დამატებითი ღიობები, ხოლო 2019 წლის 06 აგვისტოს №222 შემოწმების აქტში, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობისათვის სამმაგ- 3000 ლარით დაჯარიმებას, დარღვევად მითითებული იყო, რომ „გვერდით ფასადზე მინა-ბლოკის ნაცვლად მოწყობილი იყო ფანჯრის ღიობი“ .
ამდენად, საქმეზე დადასტურებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ 2019 წლის 06 აგვისტოს №222 შემოწმებით აქტით გამოვლენილი დარღვევა - „გვერდით ფასადზე მინაბლოკის ნაცვლად მოწყობილი იყო ფანჯრის ღიობი“, თავისი შინაარსით წარმოადგენს სხვა სამშენებლო დარღვევას და იგი კავშირში არ არის 2018 წლის 08 იანვრის №13 დადგენილებაში აღნიშნულ დარღვევებთან შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე- 11 ნაწილის თანახმად, შეეწყვიტა 2018 წლის 08 იანვრის №13 დადგენილების თანახმად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შემდეგ ახლად აღმოჩენილ დარღვევაზე ადმინისტრაციულ ორგანოს თავიდან უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება. გარდა აღნიშნულისა, პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ შ. ჯ-ის განცხადების საფუძველზე 2019 წლის 29 ოქტომბრის №2518 ბრძანებით არქიტექტურულ პროექტში შეიტანა ცვლილება, „ცვლილება ითვალისწინებს შენობის ა-გ და გ-ა ღერძებში მინაბლოკის ნაცვლად ფანჯრების მოწყობას, რომელიც არ საჭიროებს ახალ სამშენებლო ნებართვას“ შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე სამართალდარღვევასთან დაკავშირებითაც მოსარჩელის მიერ აღმოიფხვრა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებული მითითებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე