საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-207(კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები : ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს ,,მ...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მესამე პირები - შპს ,,ნ...ი“, შპს ,,კ...ი“, შპს ,,...ი“, შპს ,,ს...ი“, ,,P..."-ის ...ში, შპს ,,კ...ი“, შპს ,, ქ...ა“ (...).
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „მ...მა“ 2017 წლის 05 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ და შპს „მ...ისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 13 აპრილის N259/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „მ...ის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.1 და 4.5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების 8.1 და 8.5 პუნქტის ,,გ'' ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო. მოსარჩელეს დაევალა ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით , მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს ,,ნ...ი“, შპს ,,კ...ი“, შპს ,,...ი“, შპს ,,ს...ი“, ,,P..."-ის ...ში, შპს ,,კ...ი“ და შპს ,,ქ...ა“ (...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „მ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს „მ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „მ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლებზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მითითების შემთხვევაში სასამართლო დაადგენა, რომ კომისიას არ ჰქონდა უფლება არ გამოექვეყნებინა შპს „მ...ის“ მოწვევის ოფერტი და მერე დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, თუ ჩათვლიდა, რომ მისი პირობები შეუსაბამო იყო არსებულ რეგულაციებთან.
კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს კანონი, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული ტერმინი - „ზღვრული ტარიფი“. ამ კანონის სწორი განმარტების პირობებში სასამართლო დაადგენდა, რომ კომისიის 28.02.2017 წლის №608632-17, 02.03.2017 წლის №608/679-17 და 10.03.2017 წლის №08/748-17 წერილების მოთხოვნა იყო უკანონო (საერთაშორისო ზარზე ზღვრულ ტარიფზე მაღალი ტარიფის მოთხოვნა). შესაბამისად, მათი შეუსრულებლობის და მათ საფუძველზეც მიღებული კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებაც ვერ იქნებოდა კანონთან შესაბამისი. ვინაიდან სასამართლომ კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიჩნია კანონიერად, გაუგებარია არგუმენტაცია, რატომ მიანიჭა მან კომისიას ექსკლუზიური უფლება წერილის და მარტივი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაედგინა ახალი ზღვრული ტარიფი და რატომ არ ჰქონდა იგივე უფლება რომელიმე ოპერატორს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „მ...ის“ საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის - შპს „მ...ისათვის“ მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის - გაფრთხილების გამოცხადების კანონიერება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს "მ...ი" არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი. შესაბამისად, იგი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის სუბიექტს. ამასთან, ის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განსაზღვრული უფლებების, მათ შორის, კერძო, სუბიექტური, ინტერესების დაცვის რეალიზებასთან ერთად, ვალდებულია დაიცვას და შეასრულოს ყველა აუცილებელი მოქმედება, რაც კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით არის დადგენილი.
საქმის მასალების მიხედვით, კომისიის 21.05.2010წ. N240/9 გადაწყვეტილების (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით) მე-3 პუნქტის თანახმად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შპს ,,მ...ი’’ დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად. ამავე გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის თანახმად, მას დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო 4.5 პუნქტის შესაბამისად, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ასევე, 4.5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს ,,მ...ს’’, შპს ,,ჯ...ს’’ და შპ ,,მო...ს’’, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფები-3,5 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 09.10.2014წ. N 571/9 გადაწყვეტილებით საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დროებით დადგინდა ახალი სატარიფო რეგულაცია. ხსენებულ გადაწყვეტილებაში რამდენჯერმე განხორციელდა ცვლილება, მათ შორის, კომისიის 30.06.2016წ. N 446/19 გადაწყვეტილებით 09.10.2014წ. N 571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო კომისიის 29.12.2016წ. N 857/19 გადაწყვეტილებით 09.10.2014წ. N 571/9 გადაწყვეტილებას არ გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად 2017 წლის 1 მარტამდე კომისიაში წარდგენა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29.1. მუხლზე, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური ვალდებულება: ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება; ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება; გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება; ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება არ გამორიცხავს ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31.1 მუხლის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს: ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ; გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები; დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით; ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები.
ამასთან, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი ადგენს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებას. ამავე ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსებისა და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომისიის 21.05.2010წ. N 240/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, უდავოა ის ფაქტიც, რომ კომისიამ 2014 წლის ახალი სატარიფო რეგულაციები დაადგინა დროებით, ხოლო 29.12.2016წ. უარი განაცხადა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის მიზნით დადგენილი ტარიფის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, რითაც აღდგა დროებითი ღონისძიების დადგენამდე არსებული რეგულაცია.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომისიის 29.12.2016წ. N857/19 გადაწყვეტილება, რომლითაც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს უარი ეთქვათ დროებითი ეფექტური რეგულაციის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დროებითი რეგულაციის გაუქმების პირობებში, ამოქმედდა კომისიის 21.05.2010წ. N240/9 გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო ძალადაკარგული, წარმოადგენდა ძალაში მყოფ დოკუმენტს. დროებითი რეგულაციის მოქმედების შეწყვეტა გულისხმობდა ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოქმედების გაგრძელებას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთათვის მოეთხოვა იმ დროისათვის ძალაში არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი აქტით დადგენილ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის შეთავაზების წარდგენა, მათი კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნების მიზნით. საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობა/საჯაროდ გამოქვეყნება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად; საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს. სწორედ ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა სადავო აქტის მიღებისა და შესაბამისად შპს „მ...ისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების მიცემის საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტა მარეგულირებელი კომისიის მიერ გაფრთხილების გამოცხადების კანონიერება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-881 (კ-20)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დაადგინა:
1. შპს „მ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება.
3. შპს „მ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 05 იანვარს № 139 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 % - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე