საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-302(კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხე) - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. ი-ე
მესამე პირები (სასკ 16.2) - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, ა(ა)იპ ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ე. ი-ემ 2018 წლის 2 აპრილს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქ.ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 18.10.2017წ. №ბ.10.01172912 და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 29.12.2017 წ. ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ა(ა)იპ ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო საქმეში ჩაერთნენ მესამე პირებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 2 ოქტომბრის №20/726213 მითითება, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის 2017 წლის 13 ოქტომბრის №20/726213 შემოწმების აქტი, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბ. ჭ-ის 2018 წლის 10 ოქტომბრის №ბ.10.011172912 ბრძანება ე. ი-ის (პ/ნ ...) 3000 ლარით დაჯარიმების შესახებ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის №3219 ბრძანება ე. ი-ის (პ/ნ ...) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის №20/726213 მითითება და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის №20/726213 შემოწმების აქტი; სხვა ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.
კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოების მითითება, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ განხილვისას სრულად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
კასატორი მიიჩნევს, რომ ე. ი-ისათვის დაკისრებული სანქცია საფუძვლიანია, ვინაიდან, სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა მოსარჩელის მიერ უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების ფაქტი. ამასთან, ე. ი-ემ მითითებით გათვალისწინებულ ვადაში არ წარადგინა მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია და არც დემონტაჟი განუხორციელა, რა სახის დარღვევაც ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას 3 000 ლარით.
რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის კანონიერებას, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისად, არ არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 08 ივნისს ე. ი-ემ №2017159 განცხადებით მიმართა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე (მდებარე: ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩის №18-ში) რეკონსტრუქციის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 12 ივნისის №20171634 წერილით ე. ი-ეს ეცნობა, რომ პროექტზე დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 5-დღიანი ვადა აღნიშნულის ხარვეზის აღმოსაფხვრელად (ს.ფ. 17-18).
2017 წლის 21 აგვისტოს ე. ი-ემ იმავე მოთხოვნით მიმართა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს, რაზედაც ეცნობა, რომ როგორც განაცხადიდან ირკვეოდა, ხდებოდა ქალაქგეგმარებითი პარამეტრების ცვლილება, კერძოდ, იზრდებოდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები, გამომდინარე აღნიშნულიდან, პირველ რიგში, საჭირო იყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრა.
2017 წლის 19 სექტემბერს ე. ი-ემ კვლავ მიმართა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს №201726213 განცხადებით და მოითხოვა სამშენებლო პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა (ს.ფ. 21).
2017 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ე. ი-ის მიმართ შედგა №20/726213 მითითება, რომლითაც დადგინდა, რომ ე. ი-ემ ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩის №18-ში განახორციელა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია. ამავე მითითებით, ე. ი-ეს განესაზღვრა 5-დღიანი ვადა დასახელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად.
2017 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ არ იყო შესრულებული 02.10.2017 წლის №20/726213 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 18.10.2017 წლის №ბ.10.01172912 ბრძანებით ე. ი-ე, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩის №18-ში მიმდინარე უკანონო მშენებლობისთვის, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 43-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით (ს.ფ. 22-23). აღნიშნული ბრძანება ე. ი-ემ გაასაჩივრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მოითხოვა დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №ბ10.01172912 ბრძანების ბათილად ცნობა და ზემოაღნიშნული აქტის მოქმედების შეჩერება (ს.ფ. 36-37).
2017 წლის 21 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი სხდომა, სადაც სხდომის თავმჯდომარემ - შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ დამკვეთს/მენაშენეს სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობის განხორციელების უფლება არ ჰქონდა.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის - გ. ჭ-ას 29.12.2017 წლის №3219 ბრძანებით, მოქალაქე ე. ი-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ე. ი-ე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას ძირითადად ამყარებს იმ არგუმენტით, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს, მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, წარდგენილ განცხადებაზე პასუხი დღეის მდგომარეობითაც არ მიუღია. აქედან გამომდინარე, მან ჩათვალა, რომ არ არსებობდა მშენებლობის დამაბრკოლებელი გარემოებები (მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო) და განახორციელა სადავო სამშენებლო სამუშაოები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა შეფასდეს, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, რაც მოსარჩელის სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნევისა და მისთვის სანქციის დაკისრებას დაედო საფუძვლად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. დადგენილების 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით. მე-3 ნაწილით კი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.
დასახელებული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება იმპერატიულად ადგენს ნებართვის გაცემის შესახებ წარდგენილ განცხადებაზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების აუცილებლობას, რომლის შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული რომელიმე აღნიშნული გადაწყვეტილებათაგან, მშენებლობის ნებართვა ჩაითვლება გაცემულად.
განსახილველ შემთხვევაში, ე. ი-ემ 2017 წლის 8 ივნისსა და 2017 წლის 21 აგვისტოს განცხადებებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს მის საცხოვრებელ სახლზე სარეკონსტრუქციო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, თუმცა წარდგენილ განცხადებებზე ორივე შემთხვევაში დაუდგინდა ხარვეზი.
2017 წლის 19 სექტემბერს ე. ი-ემ კიდევ ერთხელ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი განცხადებით, იმავე მოთხოვნით და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ქალაქ ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა ისე, რომ არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისად, არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ 2017 წლის 19 სექტემბერს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე წარდგენილ განცხადებაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 54-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში, დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ე. ი-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მშენებლობის ნებართვის მოთხოვნის თაობაზე განცხადების წარდგენისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების პირობებში, სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია და გაუთვალისწინებია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე (2017 წლის 19 სექტემბრის განცხადებით წარდგენილი მტკიცებულებები), შესაძლოა გამხდარიყო მოსარჩელისათვის სამშენებლო ნებართვის გაცემის წინაპირობა და სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცებას, სადავო აქტის კანონიერების თაობაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო პალატის მითითებით, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საკასაციო პალატა ამასთანავე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო ინტერესების გამტარებელმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო ინტერესები, ისე აქტის ადრესატის კერძო ინტერესებიც. ადმინისტრაციული ორგანოს ეს ორმაგი, ამბივალენტური ფუნქციის შესრულების ვალდებულება განაპირობებს ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაფუძნებას თანაზომიერების პრინციპზე, რაც გულისხმობს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის პროპორციულობის დადგენას. სზაკ-ის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ხოლო 97-ე მუხლი მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. მითითებული გარემოებების დადგენა კი დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, რათა მათ საფუძველზე მოხდეს ნორმათა შეფარდება.
ამდენად, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. მხარის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის, და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ) (სუსგ საქმეზე №ბს-391-386(3კ-12)).
შესაბამისად, საკითხის ხელახლა შესწავლისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში მიიწვიოს დაინტერესებული პირი და მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევისა შეფასების შედეგად მიიღოს კანონისმიერი გადაწყვეტილება.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა, საჭიროებს, არსებულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას, რაც სცდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. სწორედ ამიტომ, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 2 ოქტომბრის №20/726213 მითითებისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის №20/726213 შემოწმების აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენდა აღნიშნული აქტების ბათილად ცნობა. შესაბამისად, ამ ნაწილში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საფუძვლიანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე