საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-316(კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...მა“ 2019 წლის 23 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის №001274 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 ივლისის №905 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება; აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გამახვილებული სათანადო ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,...მა'' 2018 წლის 15 იანვარს სამშენებლო სამართალდარღვევაზე მიღებული დადგენილებით გათვალისწინებული დარღვევის გამოსწორებისა და აღმოფხვრის მიზნით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს შეთანხმებული პროექტის ცვლილებისა და სამშენებლო ნებართვის თაობაზე. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შემოწმების აქტის შედგენისა და სამართალდარღვევაზე სამართალწარმოების დაწყების მომენტისათვის შპს ,,...ს'' განხორციელებული ჰქონდა კანონმდებლობით განსაზღვრული ქმედებები. აღნიშნული გარემოების გაუთვალისწინებლობით, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „...ის“ დაჯარიმების კანონიერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის N000904 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...შესახვევი, №14-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი: № ..., საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია შპს „...ის“ (ს/ნ ...) საკუთრების უფლება; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 დეკემბრის №3000429 ბრძანებით, ქ. თბილისში (სექტორი - ...ი, ...ო ზონა) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ № ...), შეთანხმდა ქარხნის არქიტექტურული პროექტი; გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა; მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 16 დეკემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის №000904 დადგენილებით, შპს „...ი“ დაჯარიმდა 4000 (ოთხი ათასი) ლარით, პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა- ნაგებობის მშენებლობისათვის.
2018 წლის 15 იანვარს შპს „...მა“ №AR1559504 განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და 2016 წლის 15 დეკემბრის №3000429 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის (საკ. კოდი ...) ცვლილება მოითხოვა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №3790208 შუალედური გადაწყვეტილებით, განმცხადებელს ეთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.
2018 წლის 16 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №001274 შემოწმების აქტი მასზედ, რომ შპს „...ის“ მიერ არ იქნა აღმოფხვრილი 2017 წლის 20 აპრილის №000904 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძველი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 აპრილის №4-3/46-გ/18 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 16 თებერვლის №001274 შემოწმების აქტის საფუძველზე, შპს „...ის“ მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით; შპს „...ის“ მიმართ საქმის განხილვისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადა განისაზღვრა 2018 წლის 16 აპრილიდან 2018 წლის 16 ივნისამდე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 15 ივნისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2018 წლის 15 ივნისს ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „...ის“ მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის №000904 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის №001274 დადგენილებით, შპს „...ი“ დაჯარიმდა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის №000904 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 3 აგვისტოს №4102953 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი ...ი, ...შესახვევის, №14-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი ...) შეთანხმდა ქარხნის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი" უზრუნველყოფს. დასახელებული კოდექსის მე-15 მუხლის ,,რ” და ,,ს“ ქვეპუნქტების მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნორმებს "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლი შემდეგი სახით განსაზღვრავს: სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. ამავე მუხლის მე-13 ნაწილი კი ადგენს, რომ შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით.
"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ. ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს, რომ მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც კი მოსარჩელის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის N000904 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლები და ქარხნის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N4102953 ბრძანებით, სადავო დადგენილების გამოცემის შემდეგ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 აპრილის N4-3/46- გ/18 ბრძანებით ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს „...ის“ დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე, გამოიყენა საქმის განხილვის გაგრძელების მაქსიმალური ვადა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 16 თებერვლის №001274 შემოწმების აქტის საფუძველით შპს „...ის“ მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გააგრძელა 2 თვით (შპს „...ის“ მიმართ საქმის განხილვისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადა განისაზღვრა 2018 წლის 16 აპრილიდან 2018 წლის 16 ივნისამდე).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც საქმეში არსებული მასალებით დგინდება, 2017 წლის 20 აპრილის №000904 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით, შპს „...ს“ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის 2016 წლის 15 დეკემბრის №3000429 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის ცვლილების მოთხოვნით 2018 წლის 15 იანვრამდე არ მიუმართავს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარეს 2017 წლის 20 აპრილის დადგენილება სადავოდ არ გაუხდია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „...ს“ 2017 წლის 20 აპრილის №000904 დადგენილების შედგენიდან - 2018 წლის 16 თებერვლის №001274 შემოწმების აქტის შედგენამდე პერიოდში გააჩნდა 2016 წლის 15 დეკემბრის №3000429 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის (საკ. კოდი: №...) ცვლილებისთვის გონივრული დრო, რაც არ გამოიყენა, ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს „...ის“ მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის დამატებით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადაში, შპს „...ის“ მიერ ასევე ვერ იქნა წარდგენილი 2017 წლის 20 აპრილის №000904 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელე მხარის პოზიცია უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;
3. მ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 11 აპრილს №9798 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე