საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-472(კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - რ.ც-ე, ც.ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
2021 წლის 18 იანვარს რ.ც-ემ და ც.ფ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა: სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით, რ.ც-ისათვის უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟისა და ც.ფ-ის დაჯარიმების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 03 ივლისის №000088 დადგენილების ბათილად ცნობა, ასევე, და რ.ც-ისა და ც.ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 20 ნოემბრის №1631 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით რ.ც-ისა და ც.ფ-ი სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ.ც-ემ და ც.ფ-მა, რომლებმაც მოითხოვეს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი თებერვლის განჩინებით რ.ც-ისა და ც.ფ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ.ც-ემ და ც.ფ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორები მიუთითებენ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილ გამოკვლევაზე, კერძოდ, კასატორების განმარტებით, გასაჩივრებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 20 ნოემბრის №1631 ბრძანებაში მითითებულია, რომ სადავო ობიექტი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და არ ექვემდებარებოდა ლეგალიზებას, რაც არსებითად მცდარი ინფორმაციაა და სწორედ აღნიშნულმა არასწორმა ინფორმაციამ განაპირობა გასაჩივრებული აქტების სამართლებრივი უსწორობა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით სადავო საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ კანონი არასწორად განმარტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით რ.ც-ისა და ც.ფ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ც-ისა და ც.ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 ივნისის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართი წარმოადგენს რ.ც-ის საკუთრებას, ც.ფ-სთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღი 24.05.2019 წ.).
2019 წლის 17 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ც.ფ-ის მიმართ შედგენილ იქნა №000088 მითითება, რომლის თანახმად, ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში (ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულ იქნა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, სახლის უკან ეზოს მხარეს აშენებულია კედლები კარ-ფანჯრის ღიობით და გაზრდილია შიდა ფართი. ასევე, მზიდ კედლებში გამოჭრილია ნიშები. ამავე მითითების შესაბამისად, ც.ფ-ს განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 იანვრის №000088 შემოწმების აქტის თანახმად, ც.ფ-ის მიერ არ შესრულდა №000088 მითითებით გათვალისწინებული პირობები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 05 მარტის №000088 ოქმის თანახმად, რ.ც-ემ, როგორც ც.ფ-ის წარმომადგენელმა, დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება ობიექტზე განთავსების გზით. მანვე განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია ც.ფ-ის მიერ 2005 წელს და შესაბამისად, ობიექტი ექვემდებარება ლეგალიზებას. აღნიშნული პოზიციიდან გამომდინარე, მხარემ ითხოვა დამატებითი ორთვიანი ვადა, რათა მოახდინოს ობიექტის ლეგალიზება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 20 მარტის №4-3/72-გ/20 ბრძანებით ც.ფ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით, 2020 წლის 20 მარტიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით.
2020 წლის 3 ივლისის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვისა და ინსპექტირების სამმართველოს ... - ...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ც.ფ-ის მიერ არ იქნა გამოსწორებული მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 დეკემბრის №000088 მითითებით გათვალისწინებული დარღვევები (ობიექტი არ იქნა მოყვანილი შესაბამისობაში საინვენტარიზაციო გეგმასთან და არც სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 3 ივლისს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ იქნა დადგენილება №000088, რომლის თანახმადაც, ც.ფ-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში (ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის. ამავე დადგენილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მესაკუთრეს - რ.ც-ეს დაევალა ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული დადგენილება რ.ც-ემ და ც.ფ-მა გაასაჩივრეს ადმინისტრაციული საჩივრით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 20 ნოემბრის №1631 ბრძანებით რ.ც-ისა და ც.ფ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 03 ივლისის №000088 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების საფუძვლით, ც.ფ-ის დაჯარიმებისა და აღნიშნული ფართის მესაკუთრისათვის - რ.ც-ისათვის ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის დავალების კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები აზუსტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნებს და იგი განმარტებული და გამოყენებული უნდა იქნეს ამ მოთხოვნათა შესაბამისად. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა); დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა); ე) ლანდშაფტური მშენებლობა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივი შეცვლა მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, კერძოდ, I კლასის შენობა ნაგებობის შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემულ დასტურს/თანხმობას, სხვა კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში კი - შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვას. ამდენად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. 124-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არა უმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. აღნიშნული კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ.“ ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია: მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები.
კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით.
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის, თანახმად, „ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; გ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე – თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, - უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება - მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.
ამდენად, კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. ზოგადი წესის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება მშენებლობის განმახორციელებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში (ს/კ ...) მიმდებარედ ც.ფ-ის მიერ განხორციელებულ იქნა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, სახლის უკან ეზოს მხარეს ამოყვანილია კედლები კარ-ფანჯრის ღიობით და გაზრდილია შიდა ფართი, მზიდ კედლებში გამოჭრილია ნიშები. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილ იქნა მოსარჩელის მიერ უნებართვო მშენებლობის ფაქტი და ც.ფ-ს პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს.
საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ც.ფ-ის მიერ უნებართვო სამუშაოების წარმოების ფაქტი დასტურდება როგორც საქმის მასალებით, ასევე, თავად ც.ფ-ის 2019 წლის 5 ნოემბერს №19/01193093334-17 ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადებით. აღნიშნული მოგვიანებით რ.ც-ემაც (როგორც ც.ფ-ის წარმომადგენელმა) დაადასტურა მუნიციპალურ ინსპექციაში 2020 წლის 5 მარტს გამართულ ზეპირ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, რომლის თანახმად, ც.ფ-ის მიერ სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 2005 წელს და შესაბამისად, ობიექტი ექვემდებარება ლეგალიზებას, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე იმ დადასტურებულ გარემოებაზე, რომ ც.ფ-ს, სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოუფხვრია ჩადენილი სამართალდარღვევა და საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე წარმოუდგენია განხორციელებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში მიმდებარედ რ.ც-ის საკუთრებაში, ... საკადასტრო კოდით, რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნებართვოდ. ასევე, დადგენილია, რომ აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა ც.ფ-ის მიერ. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დადასტურდა ც.ფ-ის მიერ სამართალდარღვევის განხორციელების ფაქტი, აღნიშნული წარმოადგენდა მისთვის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის უზრუნველყოფილის მიზნებიდან გამომდინარე, ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა დაეკისროს რ.ც-ეს, ვინაიდან, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მესაკუთრეს დღეის მდგომარეობით წარმოადგენს რ.ც-ე, რაც საკუთრების უფლების არსის გათვალისწინებით, გულისხმობს იმას, რომ მისი ნების არ არსებობის პირობებში, მხოლოდ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი ვერ მოახდენს განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟს.
რაც შეეხება კასატორთა მითითებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ობიექტი არასწორად შეფასდა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ სადავო - 2020 წლის 3 ივლისის №000088 დადგენილება, მოსარჩელეთა მიმართ, შედგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნებართვო მშენებლობის წარმოების საფუძვლით (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული რეკონსტრუქციისათვის და არა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მქონე ობიექტზე განხორციელებული სამუშაოებისათვის. აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმაც. შესაბამისად, კასატორთა არგუმენტი, რომ ობიექტი არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, არ ქმნის მოსარჩელეთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებისა და სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოცემულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასევე უსაფუძვლოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 20 ნოემბრის №1631 ბრძანების (რ.ც-ისა და ც.ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის მოთხოვნა, რამდენადაც, ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებული აქტი კანონიერია. ამასთან, საქმეში არაა წარმოდგენილი და მოსარჩელის მიერაც ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არ არსებობის შემთხვევაშიც ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელემ მშენებლობა განახორციელა უკანონოდ, სამშენებლო ნორმების, დაწესებული მოთხოვნების დაუცველად, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა და არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. რ.ც-ისა და ც.ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი თებერვლის განჩინება;
3. რ.ც-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.05.2023წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე