Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-532(კ-23) 28 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ფ.ა-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 7 მარტს ფ.ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 2 თებერვლის №03-745/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეუღლე, რომელიც, მისი დაავადებიდან გამომდინარე, საჭიროებს იზოლირებულ გარემოს. მისი ოჯახი შედგება 5 სულისგან, ხოლო ოჯახს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელის მითითებით, მისთვის გაუგებარი და უსაფუძვლოა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 2 თებერვლის №03-745/ო ბრძანება და ამავე სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფ.ა-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლად - მოსარჩელის ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არ ირიცხება უძრავი ქონება, ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს, ამასთან, ფ.ა-ის მეუღლე არის შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლას და მხოლოდ ამის შემდგომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

ადმინისტრაციული მასალები ნათლად ადასტურებს, რომ ამ ეტაპისთვის არ არსებობს მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროება. გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ქირის გარეშე. მოსარჩელის მეზობლის განმარტებით კი, ფ.ა-ი 6 წელზე მეტხანს ცხოვრობს აღნიშნულ სახლში. დასახელებული გარემოებები სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამასთან, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ.ა-ი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დევნილის მოწმობით დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ..., ..., მე-3 კვარტალი, კორპუსი №2, ბინა №...; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ...ის ... №5.

ამასთან, ფ.ა-ის ოჯახის წევრი - მეუღლე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ) უვადოდ. ამასთან, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისტ. N06/14 თანახმად, თ.ს-ი დაავადებულია შერეული ტიპის შიზოაფექტური აშლილობით. ასევე, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.ს-ი ცნობილ იქნა მხარდამჭერის მიმღებად; თ.ს-ის მხარდამჭერად დაინიშნა ფ.ა-ი.

ასევე დადგენილია, რომ ფ.ა-მა 2016 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასდა 6 ქულით (1,50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები; 2,5 ქულა - სოციალური კრიტერიუმი; 2,0 ქულა - თ.ს-ი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული). ფ.ა-მა განაცხადი გააკეთა მეუღლესთან, ორ შვილთან და შვილიშვილთან ერთად.

დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად (ვიზიტის თარიღი 28.05.2021 წელი), ფ.ა-ი ქ. ზუგდიდში, ...ის 1-ლი შესახვევი №5-ში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს 1997 წლიდან ქირის გარეშე. 1993-1996 წლებში ცხოვრობდნენ ქირით სხვადასხვა მისამართებზე.

საქმის მასალებით, კერძოდ, დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 24 აპრილს ფ.ა-სთან განხორციელდა ვიზიტი მისამართზე: ზუგდიდის რაიონი სოფელი ..., ...ას ქუჩის ბოლო ჩიხი, სადაც მონიტორინგის ჯგუფს დახვდა 2 სართულიანი სახლი, თუმცა სახლში არავინ იმყოფებოდა. ამავე ოქმის მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფი გაესაუბრა ფ.ა-ის მეზობელს - ს.დ-ას, რომელმაც აღნიშნა, რომ 6 წელზე მეტია, რაც ცხოვრობს აღნიშნულ სახლში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 2 თებერვლის №03-745/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ფ.ა-ს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან დაკავშირებული პირის (განსახილველ შემთხვევაში - მისი ყოფილი მეუღლე) საკუთრებაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე ვალდებულია მასთან მცხოვრებ დევნილ პირს დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან მისცეს მასში ცხოვრების უფლება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. ხოლო 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, სააგენტოს მითითება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ამჟამად მოსარჩელეს გააჩნია საცხოვრებელი სახლი (დროებით), არ ქმნის ფ.ა-ის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. მართალია, ფ.ა-ის ოჯახი არ იხდის ქირას, თუმცა საგულისხმოა მოსარჩელის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისთვის აუცილებელი პირობები/საჭიროებები. იმ პირობებში, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ბინის განაწილების საკითხის გადაწყვეტისას განსაზღვრა პრიორიტეტული კრიტერიუმები, მოსარჩელესთან მიმართებით არ იქნა გათვალისწინებული რომ ოჯახი საჭიროებს გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რის გამოც სადავო აქტი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფ.ა-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე