Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-536(კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ჯ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ჯ...მა 2021 წლის 17 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ და „შპს „ჯ...ს“ მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრისთვის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №10-09/64 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 დეკემბრის №10/4219 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს „ჯ...ს“ სარჩელი განსჯად, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „შპს „ჯ...ს“ მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრისთვის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №10-09/64 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 დეკემბრის №10/4219 გადაწყვეტილებები; მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, გასაჩივრებულ აქტებში მითითებულ შემთხვევას განესაზღვრა სატატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, რადგან სამედიცინო დოკუმენტების ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: პაციენტ ბ. ს-ას შპს „ჯ...ში“ 2020 წლის 23 მარტიდან (03:27სთ.) 2020 წლის 3 ივნისის ჩათვლით (17:00სთ.) ჩატარებული აქვს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - DS:P22.8-P61.6-D64.9 და გაწერილია „სტაბილიზაციით“. შეტყობინებათა მოდულში პაციენტი ატვირთულია „უცნობად“. შემთხვევა შეცდომით დახურულია 2020 წლის 19 მაისს, როცა პაციენტი ჯერ კიდევ სტაციონარში იყო, რასაც დართული აქვს კომენტარი - „სამედიცინო შემთხვევა დარეგისტრირდა შეცდომით, არ ვითხოვთ“. რეალურად, პაციენტი კლინიკიდან გაწერილია 2020 წლის 3 ივნისს. იმავე წლის 4 ივნისს კი „უცნობი“ პაციენტი იდენტიფიცირდა, ხოლო სამედიცინო შემთხვევას, დასრულების შემდეგ დაემატა ახალი კოდები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირების დროს, შემთხვევას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. რაც შეეხება აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძვლებს, გასაჩივრებულ აქტებში მისი გამოყენება დასაბუთებულია.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, სრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი. შესაბამისად, არ არსებობს დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ პაციენტ ბ. ს-ასათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ კლინიკისთვის ასანაზღაურებელ თანხაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტსრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტ ბ. ს-ას მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს უარის თქმის კანონიერება. დადგენილია, რომ აღნიშნული პაციენტი წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 1.3 დანართით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობით მოსარგებლეს (ასაკობრივი ჯგუფი - 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები).

აღსანიშნავია, რომ ბ. ს-ასათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და ყურადღება გაამახვილა მოცემული სამედიცინო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებულ ან შეცვლილ კოდზე. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლომ მიუთითა დასახელებული დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი. დადგენილების №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი ბ. ს-ა სტაციონარულ მომსახურებას გადიოდა 2020 წლის 24 მარტის 03:27 საათიდან 2020 წლის 3 ივნისის 17 საათამდე. კლინიკის მიერ არასწორად მოხდა აღნიშნული პაციენტის სამედიცინო ისტორიის დახურვა, კერძოდ, ტექნიკური შეცდომის გამო, ელექტრონულ მოდულში სამედიცინო შემთხვევა დასრულებულად აისახა 2020 წლის 19 მაისს. საკასაციო პალატა მიუთითებს ზემოთ დასახელებულ სამართლებრივ ნორმებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ელექტრონულ პორტალზე დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გამო, ცალსახად არ უნდა ეთქვას უარი პაციენტისთვის 2020 წლის 3 ივნისამდე გაწეული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სამედიცინო შემთხვევის დასრულების დროდ მიეთითა 2020 წლის 19 მაისი, მით უფრო, რომ კომენტარის სახით აღინიშნა დასრულების უზუსტობაზე. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოება, რომ პაციენტის გაწერის შემდგომ, კერძოდ, 2020 წლის 4 ივნისს, შემთხვევას დაემატა ახალი კოდები, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა დახურული იყო. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით ანაზღაურებაზე უარი საფუძველს მოკლებულია. საბოლოოდ კი, მოპასუხემ საკითხის ხელახლა კვლევისას უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისასაც სათანადოდ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლით მიმდინარეობის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტების გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას, მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს 2023 წლის 25 მაისს №15315 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე