Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-755(კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ფ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მესამე პირი - ხაშურის მუნიციპალიტეტი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ფ...მა“ 2020 წლის 12 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ და შპს „ფ...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ იმავე სააგენტოს 2020 წლის 20 თებერვლის №646 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ფ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ფ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით შპს „ფ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება; მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ფ...მა“, რომელმაც იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომელზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 20 თებერვლის N646 განკარგულებებით შპს „ფ...“ (ს/ნ:...) დარეგისტრირდა შავ სიაში. ზემოხსენებული განკარგულების თანახმად, მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული 2020 წლის 20 თებერვლის N646 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სადავო განკარგულებით განმარტებულია, რომ არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კომპანია ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ შეასრულებდა ვალდებულებას, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ხელშეკრულების შეწყვეტა. შემსყიდველი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) ორგანიზაციის 2019 წლის 25 დეკემბრის N07/14507 წერილით მოსარჩელეს ეთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 24 იანვრის ჩათვლით, მიუხედავად ზემოხსენებული ვადისა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ შესაძლოა მოსარჩელეს ვერ მოესწრო აღნიშნულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც 2020 წლის 8 იანვარს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

კასატორის განმარტებით, შემსყიდველი ორგანო, ერთი მხრივ კონკრეტული ვალდებულებების შესასრულებლად მხარეს უსაზღვრავს ვადას, რომლის მიხედვითაც აპელანტმა უნდა იხელმძღვანელოს მეორე მხრივ, შემდგომში მხარის ინფორმირების გარეშე თავად აუქმებს აღნიშნულ ვადას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შესაძლოა, კომპანიას ვერ მოესწრო სამუშაოების დასრულება, რის გამოც 2020 წლის 08 იანვარს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა 2020 წლის 14 იანვრის წერილი განმარტეს კასატორის საწინააღმდეგოდ და მიიჩნიეს, რომ მითითებული წერილი არ წარმოადგენდა ვადის გაგრძელებას. ზემოხსნებული წერილით დასტურდება, რომ კასატორს სამუშაოების შესრულება ეთხოვა 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ვადა განისაზღვრა ხსენებულ პერიოდამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია საერთოდ არ გაუგზავნიდა მხარეს ხსენებულ წერილს და პირდაპირ შეწყვეტდა ხელშეკრულებას. კასატორისათვის ყოვლად გაუგებარია, რატომ განმარტა ზემოაღნიშნული წერილი სასამართლომ სხვაგვარად და რატომ მიიჩნია, რომ 16 დღეში დარჩენილი 17 ...ის სავარაუდო პროექტის წარდგენას შპს ,,ფ...“ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ შეძლებდა.

კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ სასამართლომ ასევე უგულებელყო კანონიერი ნდობის პრინციპი, რომელიც გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და რომელიც თავის მხრივ კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას, რომელიც კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის გაცრუებას. ამასთანავე, მოქალაქის ნდობა მმართველობითი ორგანოს ქმედებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 აგვისტოს განჩინებით შპს „ფ...ს“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ფ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს შპს „ფ...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ხაშურის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის 2 ოქტომბერს გამოაცხადა N... ელექტრონული ტენდერი საინჟინრო მომსახურებების (...) შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2019 წლის 24 ოქტომბრის №3 სხდომის ოქმით ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ფ...“ (ს/ნ: ...).

ხაშურის მუნიციპალიტეტსა (,,შემსყიდველი“) და შპს ,,ფ...ს“ (,,მიმწოდებელი“) შორის 2019 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა №210 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის უნდა წარედგინა პროექტის სავარაუდო ვარიანტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში მას შემსყიდველი ორგანიზაციისთვის უნდა წარედგინა სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ექსპერტიზის დასკვნით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 31 111 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2020 წლის 24 იანვარი. ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.02%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ს, ,,შემსყიდველს’’ უფლება ჰქონდა შეეწყვიტა ხელშეკრულება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 დეკემბრის №07/14507 და 25 დეკემბრის №07/14673 წერილებით შპს ,,ფ...ს“ ეცნობა, რომ მას არ ჰქონდა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი ინსპექტირების ჯგუფის 2019 წლის 30 დეკემბრის დასკვნის თანახმად, მიმწოდებელმა 2019 წლის 30 დეკემბერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 20 (ოცი) ...ის ნაცვლად შემსყიდველ ორგანიზაციას განსახილველად ნაწილობრივ წარუდგინა მხოლოდ სამი ...ის არასრული პროექტი, რის გამოც მათზე ვერ მოხერხდა მოწონების ანდა შენიშვნების გამოვლენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შეფერხების გამო არსებული მდგომარეობის და ხელშეკრულების ვადების გათვალისწინებით, არსებობდა საშიშროება, რომ შეფერხებულიყო ...ების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, ვინაიდან არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კომპანია ხელშეკრულების მოქმედების ვადაშიც ვერ შეასრულებდა ვალდებულებებს, ინსპექტირების ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,ფ...სთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა, რის თაობაზეც ეცნობა მოსარჩელეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 იანვრის №03/187 წერილობითი შეტყობინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, შპს ,,ფ...ს“ (ს/ნ:...) მიერ N... ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2019 წლის 31 ოქტომბრის №216 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 20 თებერვლის №646 განკარგულებით შპს ,,ფ...“ (ს/ნ:...) 2020 წლის 21 თებერვალს დარეგისტრირდა შავ სიაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობებზე“, რომლის მე-3 მუხლით განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/ მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. ამასთან, ამავე ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ამასთანავე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ფ...ს’’ მიერ ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული 2019 წლის 31 ოქტომბრის №210 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს.

ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებებს, რომ როგორც პროექტის სავარაუდო ვარიანტის, ისე სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა ამოწურული იყო და მიმწოდებელმა ოცი ...ის ნაცვლად შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა სამი ...ის არასრული პროექტი, რაც შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევდა უფლებას ცალმხრივად უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არც სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენამდე (ექსპერტიზის დართვით) 20 (ოცი) დღით ადრე არც პროექტის სავარაუდო ვარიანტი და არც ვალდებულების სრულად შესრულების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ 31 ოქტომბრიდან 08 იანვრამდე (68 დღეში) მხოლოდ სამი ...ის არასრული პროექტის წარდგენა მოახერხა, გაუგებარია როგორ შეძლებდა 16 დღეში დარჩენილი 17 ...ის სავარაუდო პროექტის წარდგენას (რომლის შესრულების ვადა უკვე აღარც არსებობდა) და შემდეგ როდის წარადგენდა საბოლოო პროექტს, რაც ქმნიდა საფუძვლიან ვარაუდს იმისას, რომ კომპანია ხელშეკრულების მოქმედების ვადაშიც ვერ შეასრულებდა ვალდებულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 20 თებერვლის №646 განკარგულება შპს ,,ფ...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. შპს „ფ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

3. ნ.ტ-ს (ს/ნ...) დაუბრუნდეს 2023 წლის 28 ივლისს №... საგადახდო დავალებით შპს „ფ...ს“ (ს/ნ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე