Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1007(2კ-22) 28 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

2. ჯ. ჯ-ა, ჟ. ქ-ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ჯ-ამ 2021 წლის 23 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 27 იანვრის №03-100/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. 2021 წლის 24 მაისს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელედ ჯ. ჯ-ასთან ერთად მიეთითა ჟ. ქ-ა და საბოლოოდ მოითხოვეს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 27 იანვრის №03-100/ო ბრძანებისა და ამავე ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 აპრილის №03-1583/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის ჯ. ჯ-ასა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის მიხედვით ირკვეოდა, რომ ჯ. ჯ-ა და ჟ. ქ-ა არიან აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები. 1998 წლიდან, მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში, ყოფილი ...ის ავარიულ და ნგრევად შენობაში შვილებთან - ქ. ჯ-ასა და ნ. ჯ-ასთან ერთად.

მრავალწლიანი მუშაობის შემდგომ, ზუგდიდში, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ბინების განაწილების საკითხზე დაასრულა მუშაობა და კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა იხურება, მათ -შორის ჩვენი საცხოვრებელი შენობაც. შესაბამისად, აღნიშნულ ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ ახალაშენებულ კორპუსებში, კრიტერიუმების გარეშე.

აღნიშნული მიზნით, 2020 წლის 24 ივნისს განხორციელდა ვიზიტი მოსარჩელეების საცხოვრებელ ფართში, სადაც მონიტორინგის განმახორციელებლებს სახლში დახვდათ მოსარჩელეთა შვილები - ქ. და ნ. ჯ-აები, ვინაიდან ჯ. ჯ-ა იმყოფებოდა გალში, დედასთან, რომელსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად ესაჭიროება მედიკამენტების მიწოდება. მოსარჩელეების ადგილზე არყოფნის გამო, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ისინი არ ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მეზობლების ჩვენებით, ჟ. ქ-ას სამუშაო ადგილიდან ცნობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობით დადასტურებულია ოჯახის ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში ცხოვრების ფაქტი. ამასთან, ზუგდიდში მდებარე ...ისა და ...ის მიერ გაცემული ცნობებით, დასტურდება მოსარჩელეთა შვილების მშობლებთან ერთად ქ. ზუგდიდში, ...ს №...-ში ცხოვრების ფაქტი, რაც მოსარჩელეთა მოსაზრებით არ გაითვალისწინა მოპასუხემ და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების მოტივით „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ას და ჟ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 27 იანვრის №03-100/ო და 2021 წლის 23 აპრილის №03-1583/ო ბრძანებები და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ნგრევად ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე.

საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2020 წლის 3 დეკემბრის №77 სხდომის ოქმისა (ს.ფ. 100-111) და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის (ს.ფ. 43-60) საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში (,,...ი“) მდებარე შენობა წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, განიხილებოდა როგორც ნგრევადი ობიექტი, შესაბამისად, იქ მცხოვრები დევნილების საკითხი განიხილებოდა კრიტერიუმების გარეშე.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ მისამართზე 2020 წლის 26 ივნისს განხორციელდა ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა; აღწერის ფორმაში მოსარჩელეთა ოჯახის წევრებად მითითებულნი არიან: ქ. ჯ-ა (ოჯახის უფროსი); ნ. ჯ-ა (და); ჯ. ჯ-ა (მამა); ჟ. ქ-ა (დედა). 2020 წლის 26 ივნისს, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს ხსენებულ მისამართზე დახვდათ მხოლოდ ქ. და ნ. ჯ-აები. აღწერის ფორმაში ჯ. ჯ-ასა და ჟ. ქ-ას გრაფაში მითითებულია, რომ იმყოფებოდნენ გალის რაიონის სოფ. ...ში. მონიტორინგის ფორმა შეივსო ქ. ჯ-ასთან გასაუბრების შედეგად, რომელმაც განმარტა, რომ მის ოჯახს საცხოვრებელი ფართი მოკავებული აქვს 1993 წლიდან. ბებია (ჯ.-ს დედა) - ლ. რ-ა ცხოვრობს ...ში შვილთან - ჯ.-სთან და რძალთან - ჟ.-სთან ერთად. როგორც ქ. ჯ-ამ განმარტა, მისი მშობლები პერიოდულად ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ მისამართზე. ქ.-ს და ნ.-ს სხვა დედმამიშვილები არ ჰყავთ.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ნგრევად ან საცხოვრებლად უვარგის შენობაში დევნილთა ოჯახების ცხოვრების ფაქტი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. მიუხედავად ამისა, ჯ. ჯ-ას და ჟ. ქ-ას ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების მოტივით, ისე ეთქვათ უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, რომ მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტის საფუძველზე, დაადგინა ნგრევად შენობაში მოსარჩელეთა არცხოვრების ფაქტი და თანაც ისე, რომ სადავო გადაწყვეტილებებიდან არ ირკვევა, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო კომისია, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ქალაქ ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 11 თებერვალს გაცემულია ცნობა ჯ. ჯ-ას 1998 წლიდან 11.02.2021 წლამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ს ქ. №...-ში ცხოვრების შესახებ; შპს „ზ...ის“ დირექტორის მიერ 2021 წლის 22 თებერვალს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ჟ. ქ-ა მუშაობდა ზუგდიდის შპს „ზ...ის“ ყველის სარეალიზაციო უბანში ხელშეკრულებით 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მისამართი - ქ. ზუგდიდი, ...ს ...ის შენობა ... სართული, ხოლო ოჯახის წევრებად მითითებულნი არიან: ჯ-ა ჯ.; ქ-ა ჟ.; ჯ-ა ქ.; ჯ-ა ნ.; ასევე, სანოტარო წესით დამოწმებული ჩვენებით, ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №...-ში მცხოვრები დევნილი პირები - ტ. რ-ა, გ. ჭ-ა და მ. ფ-ა ადასტურებენ, რომ 1998 წლიდან ჯ. ჯ-ა და მისი ოჯახი, მეუღლე ჟ. ქ-ა, შვილები ქ. და ნ. ჯ-აები ჩაწერილები არიან და ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ მისამართზე და მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, შესაბამისად, 2022 წლის 13 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ჯ. ჯ-ასა და ჟ. ქ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა - ჯ. ჯ-ამ და ჟ. ქ-ამ, ასევე მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სააგენტომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა საკითხის სრულყოფილად შესასწავლად, კერძოდ, 2020 წლის 3 დეკემბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ (სხდომის ოქმი №77) ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში მდებარე „...ის“ ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე და ჯ. ჯ-ას და ჟ. ქ-ას უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. მოსარჩელეთა მიმართ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება, თავის მხრივ ეფუძნება აღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერის მასალებს, რომელიც ჩატარდა 2020 წლის 26 ივნისს.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად ჩატარებული მონიტორინგისას, ჯ. ჯ-ას შვილთან ქ. ჯ-ასთან გასაუბრების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ჯ-ა და ჟ. ქ-ა ცხოვრობდნენ გალში, სოფ. ...ში ჯ.-ს დედასთან ლ. რ-ასთან. შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს მითითება, საკითხის ხელახლა გამოკვლევაზე, მაშინ როდესაც ზემოხსენებული „წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კრიტერიუმების გარეშე ხდება იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამდენად, ნგრევადი კომპაქტური ობიექტის დახურვის დროს სააგენტოს გამოჰყავს იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. ოჯახისთვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე მისი განსახლება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ნგრევად ობიექტში, სააგენტო ვერ ჩააყენებს დევნილ ოჯახს სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში და კრიტერიუმების და ქულათა სისტემის გარეშე ვერ განასახლებს მას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რაც მოსარჩელეთა შემთხვევაში არ დადასტურდა, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ რაიმე მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას.

კასატორის განმარტებით სააგენტომ სასამართლოს წარუდგინა მონიტორინგის მასალები და არსებობდა გონივრული მოლოდინი, რომ მშობლების საცხოვრებელთან დაკავშირებით ქ. ჯ-ა სრულ და ამომწურავ ინფორმაცია ფლობდა. აღნიშნული კი, თავისთავად გამორიცხავდა სააგენტოს მხრიდან რაიმე დამატებითი მოკვლევის განხორციელებას. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ჯ. ჯ-ას და ჟ. ქ-ას, მათ ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვათ კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ხოლო რაც შეეხებათ მათ შვილებს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის (ოქმი №77) გადაწყვეტილებით 2020 წლის 07 დეკემბერს გაიცა ადმინისტრაციული დაპირება №03/19328, რომლის მიხედვითაც ერთოთახიანი ბინით, კრიტერიუმების გარეშე დაკმაყოფილდებიან ქ. და ნ. ჯ-აები.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით სააგენტოს მიერ 2021 წლის 27 იანვარს გამოცემულ №03-100/ო ბრძანებაში 2021 წლის 23 აპრილის №03-1583/ო ბრძანებით ცვლილება შევიდა და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით. „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი 077), ჯ. ჯ-ას პ/ნ ... და ჟ. ქ-ას პ/ნ ... ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.“ ცვლილება განხორციელდა იქიდან გამომდინარე, რომ კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი განსახლებისას სააგენტოს ნგრევადი ობიექტიდან ფაქტობრივად მაცხოვრებელი დევნილები გაჰყავს და არა მხარის განაცხადით/აპლიკაციით გათვალისწინებული პირები.

საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, კერძოდ, გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები, ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, რა დროსაც დადასტურდა, რომ არსებობდა ჯ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად, სადავო ბრძანებები კანონიერია და არ არსებობდა საკითხის ხელახლა გამოკვლევის დავალების წინაპირობები.

კასატორების - ჯ. ჯ-ას და ჟ. ქ-ას განმარტებით, სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად დაადგინა მათი ზუგდიდში ცხოვრების ფაქტი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითა აღნიშნულზე, მათი სარჩელი არა სრულად, არამედ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

კასატორების მითითებით, მათი ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ქ. ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 11 თებერვლის №40 ცნობით (ს.ფ. 63); ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელშიც ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მისამართი: ქ.ზუგდიდი, ...ს ქუჩა, ...ის შენობა, მე-... სართული. შპს „ზ...ის“ დირექტორის 2021 წლის 22 თებერვლის №3 ცნობით დადასტურებულია (ს.ფ. 64), რომ ჟ. ქ-ა მუშაობს ზემოაღნიშნულ მარკეტში.

კასატორების განმარტებით, საქართველოს სტრატეგია დევნილებთან მიმართებაში და ამ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში მათ ინტეგრირებას, ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე. სასამართლომ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის დროული განხილვის უფლება, არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რადგან საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება გამოიწვევს საქმის განხილვის დროში გაჭიანურებას, მაშინ როდესაც დრო კასატორებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კერძოდ, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტია, განიხილება როგორც ნგრევადი და მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, აქედან გამომდინარე, კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივის აქტის გამოცემა ჯ. ჯ-ას და ჟ. ქ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ჯ. ჯ-ასა და ჟ. ქ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ჯ. ჯ-ასა და ჟ. ქ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩლეთა მიერ გასაჩივრებულია „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 27 იანვრის №03-100/ო ბრძანება და ამავე ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2021 წლის 23 აპრილის №03-1583/ო ბრძანება. სადავო აქტებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ნგრევად ობიექტში არ ცხოვრების მოტივით, ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სწორედ, აღნიშნული აქტების შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე, რაც თავის მხრივ მოიცავს უბინაოდ დარჩენილი დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას, ხოლო კონსტიტუციის მითითებული ჩანაწერის რეალიზების საშუალებას იძლევა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, ხოლო გამონაკლისის სახით კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს კრიტერიუმების შეფასების გარეშე დევნილთა განსახლებას მათი ნგრევად ობიექტში ცხოვრების დადასტურების შემთხვევაში.

მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. სწორედ, ამ მიზნის უზრუნველსაყოფად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს და დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს, წარმოადგენს ნგრევადსაშიშს, უპირატესობა ენიჭება ოჯახის უსაფრთხოებას და კანონმდებლობა ითვალისწინებს ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახის დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რისთვისაც აუცილებელია დადასტურდეს დევნილი ოჯახის ნგრევადსაშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება და დროებით ადგილზე არ ყოფნა არ შეიძლება გახდეს განსახლებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა ბუნებრივად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ადგილი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ჯ. ჯ-ა და ჟ. ქ-ა არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. მათი საცხოვრებელი მისამართია, ზუგდიდი ...ს №..., მე-... სართული „...ის“ შენობა. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის სამინისტროს ,,დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2020 წლის 3 დეკემბრის №77 სხდომის ოქმითა (ს.ფ. 100-111) და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით (ს.ფ. 43-60) დადასტურებულია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქ. ზუგდიდში, ...ს №...-ში მდებარე „...ის“ შენობა წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, მიმდინარეობს აღნიშნული ობიექტიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

2020 წლის 26 ივნისს, მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №...-ში (,,...ი“) მდებარე ობიექტში განხორციელდა ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. აღწერის ფორმაში მოსარჩელეთა ოჯახის წევრებად მითითებულნი არიან: ქ. ჯ-ა (ოჯახის უფროსი); ნ. ჯ-ა (და); ჯ. ჯ-ა (მამა); ჟ. ქ-ა (დედა). მონიტორინგისას, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მისამართზე დახვდათ მხოლოდ ქ. და ნ. ჯ-აები. აღწერის ფორმაში ჯ. ჯ-ასა და ჟ. ქ-ას გრაფაში მითითებულია, რომ იმყოფებოდნენ გალის რაიონის, სოფ. ...ში. ქ. ჯ-ასთან შედეგად გასაუბრების შედგენილი მონიტორინგის ფორმის თანახმად ირკვევა, რომ მის ოჯახს ფართი მოკავებული აქვთ 1993 წლიდან. ის და ნ. დაოჯახებულები არ არიან. ფართი თავიდან მოკავებული ჰქონდა მათ ბებია-ბაბუას. მისი ბაბუა (ჯ.-ს მამა) - მ. ჯ-ა გარდაიცვალა 2019 წელს გალის რაიონის სოფ. ...ში. ბებია (ჯ.-ს დედა) - ლ. რ-ა ცხოვრობს ...ში შვილთან -ჯ.-სთან და რძალთან - ჟ.-სთან ერთად. როგორც ქ.-მ განმარტა, მისი მშობლები პერიოდულად ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ მისამართზე.

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დევნილი ოჯახის მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელეთა ოჯახი რეალურად არ ცხოვრობდა სადავო ფართში, რის გამოც სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 27 იანვრის №03-100/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №77), ჯ. ჯ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების მოტივით, უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ბრძანებით განმცხადებლად მხოლოდ ჯ. ჯ-ა მიეთითა, თუმცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 აპრილის №03-1583/ო ბრძანებით 2021 წლის 27 იანვრის №03-100/ო ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №77), ჯ. ჯ-ას და ჟ. ქ-ას ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვათ ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ქალაქ ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 11 თებერვალს გაცემულ №04 ცნობაზე (ს.ფ. 63), რომლითაც დასტურდება ჯ. ჯ-ას 1998 წლიდან 11.02.2021 წლამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ს ქ. №...-ში ცხოვრების ფაქტი. გარდა ამისა, შპს ,,ზ...ის“ დირექტორის მიერ 2021 წლის 22 თებერვალს გაცემული ცნობით (ს.ფ. 64) ირკვევა, რომ ჟ. ქ-ა მუშაობს ზუგდიდის შპს ,,ს...ის“ ყველის სარეალიზაციო უბანში ხელშეკრულებით 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით (ს.ფ. 62), ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მისამართი - ქ. ზუგდიდი, ...ს ...ის შენობა ... სართული, ხოლო ოჯახის წევრებად მითითებულნი არიან: ჯ-ა ჯ., ქ-ა ჟ., ჯ-ა ქ., ჯ-ა ნ.. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცულია სანოტარო წესით დამოწმებული ჩვენება, რომელშიც ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №...-ში მცხოვრები დევნილი პირები - ტ. რ-ა, გ. ჭ-ა და მ. ფ-ა ადასტურებენ, რომ 1998 წლიდან ჯ. ჯ-ა და მისი ოჯახი, მეუღლე ჟ. ქ-ა, შვილები ქ. და ნ. ჯ-აები ჩაწერილები არიან და ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ მისამართზე და მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ (ს.ფ. 71-76). ამრიგად, მონიტორინგისას ქ. ჯ-ასთან გასაუბრებისა და მოსარჩელეთა ფაქტობრივად მათ საცხოვრებელ მისამართზე არყოფნის მიუხედავად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემომითითებული მტკიცებულებებით დადასტურებულია ჯ. ჯ-ას და ჟ. ქ-ას ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე მდებარე ...ის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ემყარება მხოლოდ 2020 წლის 26 ივნისს ქ. ჯ-ასთან გასაუბრების შედეგებს, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია საწინააღმდეგო გარემოებები, რაც თავის მხრივ მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის დაუსაბუთებლობაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის ხელახლა გამოკვლევის საჭიროებაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებები და შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

„..სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას..“ (სუს 19.10.2017წ. №ბს-329-327(2კ-17) განჩინება). ამასთან, „..გარდა იმისა, რომ ასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის მატერიალური კანონიერების შეფასების შეუძლებლობას უნდა დაუკავშირდეს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი დავის სასამართლო წესით გონივრულ ვადაში დასრულების ინტერესი. საქმის გონივრულ ვადაში, ეფექტიანად განხილვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. საქმის განხილვის ვადის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის სირთულე, მოდავე მხარეების და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობა, ასევე საქმის განხილვის შედეგი დაინტერესებული მხარეებისათვის...“ (სუს 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-1198(კ-19) განჩინება) .

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი, რადგან შესაბამისი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებათა გამოკვლევის საჭიროების ნაცვლად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თავად სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმების აუცილებლობა. პალატის მოსაზრებით, საქმის არსებითად გადაწყვეტაზე უარი ატარებს ფორმალურ ხასიათს. როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასების შესაძლებლობას, მით უფრო მაშინ როდესაც საქმეში დაცული არაერთი მტკიცებულებით დადასტურებულია სადავო გარემოება მოსარჩელეთა ნგრევად ობიექტში ცხოვრების თაობაზე, შესაბამისად, საფუძვლიანია კასატორების - ჯ. ჯ-ას და ჟ. ქ-ას მოსაზრება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვა გამოიწვევს საქმის გაჭიანურებას.

განსახილველი საქმის არსის გათვალისწინებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება, თუნდაც ეს მოიცავდეს დროის გარკვეულ მონაკვეთს, არ გულისხმობს, რომ მოსარჩელეთა ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს კონკრეტულ ობიექტში. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ვიზიტისას მოსარჩელეთა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არყოფნის გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილ მონიტორინგის მასალებს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა მოსარჩელეთა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად არასრულყოფილად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელეთა დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 27 იანვრის №03-100/ო და 2021 წლის 23 აპრილის №03-1583/ო ბრძანებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა ოჯახის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ხოლო ჯ. ჯ-ას და ჟ. ქ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ჯ. ჯ-ასა და ჟ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ჯ. ჯ-ას და ჟ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 27 იანვრის №03-100/ო და 2021 წლის 23 აპრილის №03-1583/ო ბრძანებები;

6. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ჯ. ჯ-ასა და ჟ. ქ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე;

7. მხარეები გათავისუფლებულები არიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა