საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1007(კ-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - მ. ჯ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა. კ-იმა 2021 წლის პირველ ოქტომბერს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირის - მ. ჯ-ის მონაწილეობით და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2021 წლის 13 სექტემბრის №A12061151-045/001 განკარგულებისა და მ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ¼-ზე რეგისტრირებულია ა. კ-ის საკუთრების უფლება, ხოლო ქონების ¾-ის მესაკუთრეები არიან მისი ოჯახის წევრები. მესამე პირის - მ. ჯ-ის ვალის დასაფარად, აღმასრულებელმა მ. მ-ემ იძულებით აუქციონზე 350 ლარად გაყიდა მოსარჩელის კუთვნილი წილი, რომელიც შეიძინა მ. ჯ-იმა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღმასრულებელმა დაარღვია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რადგან თვითონ, როგორც მოვალე, რომელსაც სურვილი ჰქონდა შეეძინა ქონება, არ იყო ინფორმირებული აუქციონის დანიშვნისა და ჩატარების შესახებ. ასევე დაირღვა სხვა თანამესაკუთრეთა უფლებები, რომლებიც უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობდნენ, თუმცა ისინი ასევე არ იყვნენ ინფორმირებულნი აუქციონის შესახებ. გარდა ამისა, მ. ჯ-ისა და ქონების სხვა მესაკუთრეებს შორის არის მტრული დამოკიდებულება, ხშირია ურთიერთშეურაცხყოფის ფაქტები, რაც ასევე გამორიცხავს მათ თანასაკუთრებას ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ აღმასრულებლის მიერ დაირღვა ქონებაზე ყადაღის დადებისა და აუქციონის შეჩერების კანონით დადგენილი წესები. ამდენად, ა. კ-იმა დასახელებულ გარემოებებზე მითითებით მოითხოვა აუქციონზე შეძენილ ქონებაზე მ. ჯ-ის საკუთრების უფლების შესახებ განკარგულებისა და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
ა. კ-ის წარმომადგენელმა - ი. გ-ემ 2023 წლის 26 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთანავე, კასატორმა ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად გაასაჩივრა კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებული საოქმო განჩინებაც.
კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავს, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მას თავისი შვილის - მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 200 ლარის ოდენობით. 2012 წლის 2 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოვალეს ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის შემდეგ, სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოვალისთვის დაკისრებული საალიმენტო თანხა - 200 ლარი შემცირდა 70 ლარამდე. ამ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი ამოწერილი არ არის და წარმოებაში არ აქვს აღმასრულებელს. შესაბამისად, წინადადებაც ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე მოვალეს არ ჩაჰბარებია. ამასთან, სადავო აუქციონის თანხის ოდენობაც ამ გადაწყვეტილებიდან არის ნაანგარიშები. რაც შეეხება სადავო აუქციონის დანიშვნის შესახებ შეტყობინებას, აღნიშნული ფაქტი ვერ შეცვლის ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ წინადადების ჩაბარებას. აღსანიშნავია, რომ აღმასრულებლის 2021 წლის 12 აპრილის გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ ჩაბარდა ა. კ-ის მეუღლეს - მ. ბ-ეს, მაგრამ ის არის ზოგადი ხასიათის და რიცხვი და თვე არ არის მინიშნებული, რა დროს ტარდება აუქციონი, ასევე გაურკვეველია საფოსტო გზავნილში ჩაბარების დღე და რიცხვი, მაგრამ მთავარია, რომ აუქციონის დანიშვნის შესახებ გაფრთხილებაში არ არის მითითებული აუქციონის დანიშვნის შესახებ დრო, ადგილი, უფლებები, ის გარემოება, რომ 5000 ლარზე ნაკლები ღირებულების ქონებაზე ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი. ამრიგად, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალის ინფორმირების წესის მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 19 აპრილის აქტი, რომელშიც რიცხვი 19 გადასწორებულია, კერძოდ, ნაცვლად 19-ისა უნდა იყოს 06. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს 2021 წლის 12 აპრილის საჯარო რეესტრის პასუხი, რომლითაც იგი ინფორმაციას აწვდის აღმასრულებელს 2021 წლის 06 აპრილის №12061151 მომართვის პასუხზე, რომ უძრავი ქონება - ა. კ-ის საკუთრების ¼ (ს/კ ...) წილი, დაყადაღებულია აღმასრულებლის მომართვის საფუძველზე. კასატორის განმარტებით, აღმასრულებელს, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, ერღვეოდა აუქციონის გამოცხადების ერთთვიანი ვადა და კრედიტორს დააწერინა განცხადება აუქციონის შეჩერების შესახებ. ამასთან, აღმასრულებელს არ ჰქონდა ქონების შეფასების დოკუმენტი, რომელიც მან მიიღო 2021 წლის 10 მაისს. „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი, „აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში“. აღნიშნული ნორმის შინაარსი იცავს მოვალის ინტერესებს, რათა აღმასრულებლის მიერ არ იქნეს მისი უფლება შელახული.
ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ცალსახად იკვეთება სააპელაციო სასამართლოს განჩინებისა და ამავე დროს საოქმო განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ა. კ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა, მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის თავისი არასრულწლოვანი შვილის - მ. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის 29 ნოემბრიდან სრულწლოვანებამდე, დაეკისრა ალიმენტის, ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და 2012 წლის 2 ოქტომბერს სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნულ საქმეზე 2012 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო წარმოების მასალების მიხედვით, იმავე დღეს, 2012 წლის 10 ოქტომბერს, ა. კ-ი დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში და იმავე დღეს გაეგზავნა „წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“, თუმცა 2012 წლის 20 ოქტომბერს ჩაბარებაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, წინადადება 2013 წლის 14 თებერვალს, მოვალე ა. კ-იზე გადასაცემად, ჩაბარდა ა. კ-ის დედას - ც. კ-ის. მითითებული წინადადებით მოვალეს განემარტა მისი ვალდებულებები;
დადგენილია, რომ მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის მიმართ დაკისრებული ალიმენტის თანხა - 200 ლარი შემცირდა 70 ლარამდე და 2012 წლის 28 სექტემბრიდან მას დაეკისრა ყოველთვიურად 70 ლარის გადახდა. სააღსრულებო მოქმედების შესახებ 2014 წლის 20 მარტის ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ ა. კ-ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას, რის გამოც არ ექვემდებარებოდა მოძრავი/უძრავი ქონების აღწერა/დაყადაღებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ. მ-ეის მიერ ქონების აღწერა/დაყადაღება არ განხორციელებულა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოვალის ოჯახი ამოირიცხა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან (2014 წლის 11 ივლისს შეუწყდა რეგისტრაციის უფლება) 2014 წლის 24 სექტემბერს შედგა მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის მიხედვით, მოვალის საცხოვრებელ მისამართზე, მარტვილის რაიონის სოფელ ...ში, ყადაღა დაედო „...-ს“ ფირმის, ერთ ფერად ტელევიზორს. აღნიშნული ნივთი 2014 წლის 27 ნოემბერს გადატანილ იქნა სააღსრულებო ბიუროს საცავში, შეფასდა 100 ლარად და აღმასრულებლის მ. მ-ეის 2015 წლის 25 დეკემბრის წერილის საფუძველზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;
ასევე დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ¼-ზე დარეგისტრირდა ა. კ-ის საკუთრების უფლება, ხოლო ქონების ¾-ზე - მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლება. აღნიშნული ინფორმაცია აღმასრულებელს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, მიეწოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. ამის შემდეგ, 2021 წლის 6 აპრილს, აღმასრულებელმა - მ. მ-ემ წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს და მოითხოვა ა. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (1/4 წილი) შეფასება. აღსრულების ბიუროს შეფასების სამსახურის 2021 წლის 10 მაისის შეფასების დასკვნის მიხედვით, ა. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (1/4 წილი) შეფასდა 3500 ლარად. საბოლოოდ, სენაკის რაიონული სასამართლოს N2/370-2-12 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, აღმასრულებლის - მ. მ-ეის მიერ 2021 წლის 12 აპრილს ა. კ-ის თავის საცხოვრებელ მისამართზე, მარტვილის რაიონის სოფელ ...ში გაეგზავნა გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ. გაფრთხილების მიხედვით, ა. კ-ის განემარტა, რომ მისი დავალიანება კრედიტორის - მ. ჯ-ის წინაშე ჯამში შეადგენდა 9096 ლარს, რომლის აღსრულების მიზნით, მის თანასაკუთრებაში რიცხულ, მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე ცხადდებოდა აუქციონი. ასევე განემარტა, რომ აუქციონი ჩატარდებოდა ელექტრონულად, ვებგვერდის საშუალებით, ეცნობა იძულებითი, პირველი განმეორებითი და მეორე განმეორებითი აუქციონის ჩატარების პირობები და წესები, ასევე განემარტა, რომ აუქციონთან დაკავშირებით დამატებითი, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ცენტრის მეშვეობით, დაკავშირების შემთხვევაში, ხოლო პერსონალურად დამატებითი ინფორმაცია არ მიეწოდებოდა. გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ 2021 წლის 18 აპრილს ჩაიბარა ა. კ-ის მეუღლემ - მ. ბ-ემ. 2021 წლის 19 აპრილის უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ. მ-ეის მიერ, ქონების შემფასებლის გ. ს-ას თანდასწრებით, აღწერილ და ყადაღადადებულ იქნა მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების ა. კ-ის კუთვნილი ¼ წილი, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;
სააღსრულებო წარმოების მასალების მიხედვით, დასტურდება, რომ 2021 წლის 13 მაისს კრედიტორმა მ. ჯ-იმა მოითხოვა აღსრულების შეჩერება, ხოლო 2021 წლის 29 ივნისს - შეჩერების გაუქმება და ღია საჯარო ონლაინ აუქციონის დანიშვნა. 2021 წლის 10 აგვისტოს ჩატარდა ონლაინ აუქციონი-N..., სადაც გაიმარჯვა კრედიტორმა მ. ჯ-იმა (ლოტი-N...) და ა. კ-ის წილი უძრავი ქონების შემძენი გახდა მ. ჯ-ი, თუმცა იმის გამო, რომ აუქციონზე დადგენილი უძრავი ქონების ღირებულება შემძენმა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის NA12061151-043/001 განკარგულებით, აუქციონის შედეგები გაუქმდა. 2021 წლის 9 ივლისს ჩატარებულ, დასრულებულ იძულებით, საჯარო აუქციონზე მ. ჯ-იმა უძრავი ქონება შეიძინა 350 ლარად. 2021 წლის 14 სექტემბრის განცხადების საფუძველზე კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 20 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მარტვილის რაიონის სოფელ ...ში ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ¼ წილზე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახსა და მესამე პირის - მ. ჯ-ის ოჯახს შორის არის მტრული და წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, რის გამოც მათ შორის არაერთ ინციდენტს ჰქონია ადგილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების კანონიერების შეფასება, რომლის თანახმად, მოსარჩელის - ა. კ-ის საკუთრებაში რიცხული, მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ¼ წილის შემძენი (მესაკუთრე) იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მ. ჯ-ი, რომელმაც უძრავი ქონება 350 ლარად შეიძინა. ამასთანავე, სადავოა მესამე პირის სახელზე დასახელებული განკარგულების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 20 სექტემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება. აღსანიშნავია, რომ აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის - მ. ჯ-ის სასარგებლოდ. მოსარჩელე კი სადავო აქტების ბათილად ცნობას ითხოვს მოვალისადმი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაუბარებლობის მოტივით და დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან არ იცოდა, რომ პირველ აუქციონზე გამარჯვებულმა პირმა ვერ უზრუნველყო თანხის გადახდა და კვლავ ტარდებოდა აუქციონი უძრავ ქონებაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, აღმასრულებელი ვალდებული იყო ზემოაღნიშნულის შესახებ ეცნობებინა მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულების პროცესში დაირღვეოდა მისი, როგორც მოვალის უფლებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. დასახელებული მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-12 ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი დეტალურად განსაზღვრავს აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა სათანადო ინფორმირების სავალდებულოობას, ასევე შეუტყობინებლობის შედეგებს.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. ხსენებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს №2/370-2-12 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, აღმასრულებლის - მ. მ-ეის მიერ ა. კ-ის თავის საცხოვრებელ მისამართზე, მარტვილის რაიონის სოფელ ...ში 2021 წლის 12 აპრილს გაეგზავნა №12061151-036/001 გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ. გაფრთხილების მიხედვით, ა. კ-ის განემარტა, რომ მისი დავალიანება კრედიტორის - მ. ჯ-ის წინაშე ჯამში შეადგენდა 9096 ლარს, რომლის აღსრულების მიზნით, მის თანასაკუთრებაში რიცხულ, მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ცხადდებოდა აუქციონი. მასვე განემარტა, რომ აუქციონი ჩატარდებოდა ელექტრონულად ვებგვერდის საშუალებით, ეცნობა იძულებითი, პირველი განმეორებითი და მეორე განმეორებითი აუქციონის ჩატარების პირობები და წესები, ასევე განემარტა, რომ აუქციონთან დაკავშირებით დამატებითი, დეტალური ინფორმაციის მიღება, დაკავშირების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ცენტრის მეშვეობით, ხოლო პერსონალურად დამატებითი ინფორმაცია არ მიეწოდებოდა. გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ 2021 წლის 18 აპრილს ჩაიბარა ა. კ-ის მეუღლემ - მ. ბ-ემ (პ/ნ...). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები უდავოდ ადასტურებს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების მოვალისათვის სათანადოდ ჩაბარებას.
საკასაციო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა და აუქციონი ჩატარდა დასახელებულ ნორმათა დაცვით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2021 წლის 13 სექტემბრის №A12061151-045/001 განკარგულების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დარღვევას. ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სადავო განკარგულების კანონიერების პირობებში კი, ასევე არ არსებობს ამავე განკარგულების საფუძველზე მიღებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობა.
რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები საოქმო განჩინების, კერძოდ, კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის უართან დაკავშირებით მიღებული განჩინების გაუქმების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შესაძლოა იყოს სააპელაციო სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც ა. კ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოთ დასახელებული შუამდგომლობა დაყენებულია სააპელაციო სასამართლოშიც, რომელმაც ზეპირი განხილვის სხდომაზე იმსჯელა მასზე, გამოიკვლია ყოველმხრივ და მიიღო კანონიერი და დასაბუთებული საოქმო განჩინება. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც სრულიად უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 341 მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინება;
3. მ. მ-ეს დაუბრუნდეს ა. კ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 25 ივლისს №17962834575 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე