საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1026(კ-22) 28 ნოემბერი, 2023 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ.ბ-ა
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - თ.ე-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ბ-ამ 2019 წლის 11 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის №1/1-1650 ბრძანებისა და მ.ბ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 10 მაისის №1-1/229 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, საზღვრების კორექტირების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეზე მესამე პირად ჩაება თ.ე-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით მ.ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ბ-ამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, მისი სარჩელი ემყარებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მან შეიძინა საკუთრების უფლება ქ. თბილისში ...ის ქუჩის №22-ში მდებარე 1243 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ირიცხებოდა ს.ო-ის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილზე მიწის აუზის მოწყობამდეც არსებობდა შენობა. აღნიშნული ნაკვეთიდან გამოყოფილი 717 კვ.მ ფართი, რომელიც რეგისტრირებულია ... საკადასტრო კოდით, შეიძინა გ.ვ-ამ, მანვე 2010 წლის 15 ივნისს მიიღო საკუთრების №... მოწმობა ...ის ქუჩის №22-ის მიმდებარედ 391 კვ.მ ფართის მქონე ს/კ ... მიწის ნაკვეთზე, რომელიც შემდგომ შეიძინა მოსარჩელე მ.ბ-ამ და 2017 წლის 7 აპრილს ნაკვეთების გაერთიანების შედეგად მიენიჭა №... საკადასტრო კოდი, ხოლო ფართი გახდა 1108 კვ.მ. საჯარო რეესტრის 2014 წლის 26 ივნისს გადაწყვეტილებით (...) ...ის ქუჩის №22-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთის საზღვრები იმგვარად იქნა განსაზღვრული, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელზეც მოწყობილია აუზი (46 კვ.მ) და შენობა-ნაგებობების და ასევე ბეტონის მესრის ნაწილი, აღმოჩნდა საკადასტრო საზღვრებს მიღმა.
2015 წლის 21 აგვისტოს მითითებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ მდებარე მიწასთან ერთად (ჯამში 336 კვ.მ) იმგვარად აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში, თითქოს ეს იყო შენობა-ნაგებობის გარეშე არსებული ფართი. შედეგად, ექსპროპრიაციის გარეშე მოექცა მ.ბ-ას კუთვნილი აუზის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში. მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიერ 2015 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმის გამო, რომ ელექტრონული ვერსიით არ იყო წარმოდგენილი აუზი და უნდა წარმოდგენილიყო ურთიერთშესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა, მოგვიანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მ.ბ-ას კუთვნილი ქონების ნაწილის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის №1/1-1650 ბრძანებით გაზიარებულ იქნა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილება და დამტკიცებულ იქნა ამავე კომისიის 2018 წლის 29 ივნისის შემდგარი №119 სხდომის შედეგები, რომლითაც 2018 წლის 29 ივნისის სხდომაზე (№31 გადაწყვეტილება) განხილული იქნა და არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში ...ის ქ. №22-ში ფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის (ს.კ....) გაუქმება.
ამდენად, ერთადერთი გარემოება, რის გამოც მ.ბ-ას უარი ეთქვა ზედდების გაუქმებაზე არის ის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს კანონმდებლობის განუხრელი დაცვითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ძირითადი პრინციპების და მოთხოვნების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო აქტში დაესაბუთებინა, თუ რაში გამოიხატებოდა მიზანშეუწონლობა. უფრო მეტიც, დისკრეციული უფლებამოსილებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განმარტავს, როგორც ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მიუხედავად აღნიშნული დანაწესისა, სასამართლოს არ უმსჯელია იყო თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მისაღები და იცავდა თუ არა პროპორციულად კერძო და საჯარო ინტერესებს, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება მ.ბ-ას კანონიერ შენობა-ნაგებობებს; კერძოდ, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 29 მაისის ბრძანებით დაკმაყოფილებულ იქნა გ.ვ-ას განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში ...ის ქ. №22-ში პროექტის დარღვევით აშენებული საცხოვრებელი სახლი. ლეგალიზაციის დოკუმენტაციაში საექსპერტო დასკვნის არქიტექტურულ ნაწილში საპროექტო სახლის ვ2.7 ნიშნულზე განთავსებულია მარანი, საკუჭნაო, სატრენაჟორო, საცურაო აუზი, საუნა და გასახდელები, ამდენად, დასტურდება, რომ სახელმწიფომ კომპენსაციის გარეშე თავის საკუთრებაში აღრიცხა მ.ბ-ას კუთვნილი აუზი და ნაგებობების ნაწილი, მითითებული გარემოება კი, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მ.ბ-ა საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, საჩივარში მითითებული კასაციის საფუძვლებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ ვიანიდან განსახილველი დავის საგანია სახელმწიფოს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (ს/კ №...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 17 ივლისის №1-1650 ბრძანების კანონიერება, უნდა შეფასდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას, ასევე, განეკუთვნება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე გამოვლენილი ზედდების კორექტირების მოთხოვნაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამ მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით დამტკიცდა „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის“ დებულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის (მათ შორის მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობისას) შესახებ განცხადებებს და ფიზიკური პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მომართვებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 თებერვლის №... წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2018 წლის 06 თებერვალს №... განცხადებით მ.ბ-ამ მოითხოვა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მონაცემებში (საკადასტრო კოდი: №...) ცვლილების რეგისტრაცია. ვინაიდან განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: ...), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა მოთხოვნა განეხილა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ მ.ბ-ას მიერ საზღვრების კორექტირებისას წარდგენილი ნახაზით ზედდება მოიცავდა 46 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობას.
საკითხის განხილვის შედეგად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შესაბამისი კომისიის 2018 წლის 29 ივნისის №119 სხდომის ოქმის შედეგების გათვალისწინებით, 2018 წლის 17 ივლისის №1/1-1650 ბრძანებით მიზანშეუწონლად მიიჩნია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №22 (ს.კ: №...), ფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული გადაწყვეტილება მ.ბ-ას მიერ გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, თუმცა სამინისტროს 2019 წლის 10 მაისის №1-1/299 ბრძანებით, მ.ბ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მ.ბ-ამ განახორციელა მის სახელზე საკუთრების უფლებით №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაერთიანება და საჯარო რეესტრში, მ.ბ-ას მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით და საზღვრებით დარეგისტრირდა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №22-ში მდებარე 1108 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მ.ბ-ას საკუთრების უფლებით, მიწის ნაკვეთს კი მიენიჭა საკადასტრო კოდი №..., რომელიც 2018 წლის 01 თებერვლის განცხადების საფუძველზე დაიყო 2 ერთეულ მიწის ნაკვეთად. დაყოფის საფუძველზე, №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებითა და საზღვრებით, მესაკუთრის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დარეგისტრირდა მ.ბ-ას საკუთრების უფლება.
რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: №...), აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №1/1-3266 ბრძანება, რომელიც მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია.
კასატორი თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციისას მოხდა შეცდომა და სწორედ აღნიშნულმა შეცდომამ გამოიწვია ის, რომ სადავო ქონების (აუზის) ნაწილი მოექცა სახელმწიფოს საკუთრებაში. თავის მხრივ, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ არ დასტურდებოდა საჯარო რეესტრში №... განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მიწის ნაკვეთის მდებარეობა და შესაბამისად, არ არსებობდა მ.ბ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგულისხმოა, რომ დაყოფის საფუძველზე №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებითა და საზღვრებით სწორედ მოსარჩელის - მ.ბ-ას მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება. ხოლო №... მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები (რომელზეც მოსარჩელის მითითებითა და მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ნახაზის შესაბამისად, გამოვლინდა ზედდება), საბოლოოდ დაზუსტდა 2018 წლის 01 თებერვალს, რა დროსაც არ ყოფილა მითითება აუზის თაობაზე. გარდა ამისა, საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტით და წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობას, ამასთან, უფლების მოპოვების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის განთავსებაზე აპელირება, არამედ სადავო მიწის ნაკვეთზე კასატორის სახელზე კანონით დადგენილი წესით გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობა, რა მიმართებით კასატორის არგუმენტები დაუსაბუთებელია; კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი არ არის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ ქონებაზე, რომელზეც მოსარჩელე მოითხოვდა სახელმწიფოსგან საზღვრების კორექტირებას, რისი წარდგენის გარეშეც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი კომისია მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ზედდების გამოვლენის მოტივით მიწის ნაკვეთის საზღვრის კორექტირება, მით უფრო სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - 2015 წლის 21 აგვისტოს №1/1-3266 ბრძანების ძალაში ყოფნის პირობებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ.ბ-ამ ვერც ადმინისტრაციულ ორგანოში და ვერც სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა გამოვლენილი ზედდების ნაწილზე მისი უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, სააგენტოს მხრიდან სადავო აქტის გამოცემისას არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა თავისი უპირატესობა კონკრეტული სადავო ქონების მიმართ და შესაბამისად ვერ დაასაბუთა ის პოზიცია, რომ მის სახელზე განხორციელებული უძრავი ქონების რეგისტრაციების დროს ადგილი ჰქონდა შეცდომას, რაც პალატის მოსაზრებით, მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის უარყოფას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ.ბ-ას საკასაციო საჩივარზე 07.10.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. მ.ბ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს 07.10.2022წ. №... საგადახდო დავალებით ს.ა-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა