საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1340(კ-22) 28 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ვ. რ-ე
თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. რ-ემ 2017 წლის 27 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ვ. რ-ეის 8 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N000881 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 იანვრის N1-29 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. რ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ვ. რ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. რ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ვ. რ-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება და საქმე ვ. რ-ეის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინებით, ვ. რ-ეის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნას განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინებით განსახილველ საქმეში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. რ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. რ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N000881 დადგენილება, ვ. რ-ეისათვის ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. N3-ში (ს/კ ...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალების ნაწილში (მეორე პუნქტი); ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 16 იანვრის N1-97 ბრძანება ვ. რ-ეისათვის უნებართვოდ განხორციელებული სარეკონსტრუქციო (სამშენებლო) სამუშაოების დემონტაჟის დავალების ნაწილში. ვ. რ-ე „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის თანახმად გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N000881 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დაიწყო სამართალდამრღვევის მიმართ საქმის წარმოება, შედეგად 2016 წლის 11 მაისს მიღებული N000881 დადგენილებით ვ. რ-ეს დაეკისრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით და დაეკისრა იმ დროისთვის უნებართვოდ მიჩნეული სამშენებლო სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ნაგებობის დემონტაჟი.
კასატორის განმარტებით, სამართალდარღვევა არის „უნებართვო მშენებლობა“ და რადგანაც სამშენებლო სამართალდარღვევის მთელი წარმოების განმავლობაში არ მომხდარა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა სამსახურისთვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოეცა სხვა დადგენილება. ხოლო ის ფაქტი, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილების გამოცემის შემდეგ მოხდა დადგენილებაში ასახული დარღვევად მიჩნეული სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზება, არ ქმნის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს, რადგან ლეგალიზება შენობა-ნაგებობას კანონიერ სახეს აძლევს ლეგალიზების გადაწყვეტილების შემდეგ ანუ, ის კანონიერი გახდა 2018 წლის 17 მარტის შემდეგ, როდესაც განხორციელდა უნებართვოდ აშენებული ღობის ლეგალიზება, რაც ბუნებრივია კანონიერი ვერ იქნებოდა სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოების და აქტის გამოცემის მომენტისთვის. შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის მოსაზრებით, არ არსებობდა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N000881 დადგენილების ბათილად ცნობის წინაპირობა უნებართვოდ განთავსებული ღობის დემონტაჟის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ დავა სააპელაციო პალატის მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს, რომლის გამოვლენა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“. აღნიშნული კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, თუ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-11 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა; ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; გ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის (ტექნიკური საფრთხის კონტროლი) მოქმედება იმ შემთხვევაში ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ვ. რ-ეის მიმართ შეადგინა N000881 მითითება. აღნიშნული აქტით ვ. რ-ეს მიეთითა, მის კუთვნილ, ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული იყო 4 (ოთხი) კაპიტალური ნაგებობა, განხორციელებული იყო ერთი ნაგებობის რეკონსტრუქცია და მოწყობილი იყო კაპიტალური ღობე. ამავე მითითებით ვ. რ-ეს 25 კალენდარული დღის ვადაში განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟი დაევალა.
2016 წლის 11 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა შეადგინა N000881 შემოწმების აქტი, რომლითაც 2015 წლის 14 დეკემბრის N000881 მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დაფიქსირდა, რაც გახდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N000881 დადგენილებით, მოსარჩელის 8 000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების საფუძველი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 16 იანვრის N1-97 ბრძანებით ვ. რ-ეის წარმომადგენლის ა. კ-ის 2016 წლის 25 მაისის N185006/15 ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N000881 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის მიერ N2644345, N2662112, N2662111, N2698486 და N2698489 ბრძანებებით ლეგალიზებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის დავალების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში, მათ შორის, ღობის დემონტაჟის დავალების ნაწილში დადგენილება დარჩა ძალაში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 17 მარტის N3882810 ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ვ. რ-ეის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქალაქ თბილისში, ...ი, ...ის ქ. N3-ში (ნაკვეთის საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ღობე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის შესახებ, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახეზეა დამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან სააპელაციო წესით საქმის განხილვისას წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მშენებლობა ლეგალიზებულია, შესაბამისად, აღარ არსებობს ვ. რ-ეისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნებართვოდ აშენებული ღობის დემონტაჟის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ... სადავო აქტის გასაჩივრებისას პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ზედამხედველობის სამსახურის და მერიის სადავო აქტები“ (სუსგ ბს-785-771(კ-14), 05.05.2016წ.).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ თანახმად, ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. მოცემულ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის ლეგალიზებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივად უარი თქვა მისი დემონტაჟის განხორციელებაზე, ამდენად, არ არსებობდა სადავო აქტებით გათვალისწინებული დემონტაჟის დავალების ძალაში დატოვების საფუძველი (სუსგ 13.07.2022წ. №ბს-504-504(3კ-18)). შესაბამისად მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №000881 დადგენილების მე-2 პუნქტის (რომლითაც მოსარჩელეს დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი) ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ასევე, თანმდევი შედეგის სახით, არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 იანვრის N1-29 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველიც.
რაც შეეხება გასაჩივრებული აქტების კანონიერებას ვ. რ-ეის დაჯარიმების ნაწილში, პალატა აღნიშნავს, რომ ამ მიმართებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ აქვს (მხარე ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და სარჩელის უარყოფას). საკასაციო სასამართლო კასატორს მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამავე კანონის შესაბამისად.
მითითებული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების წინაპირობებს; კერძოდ „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან), ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ ვ. რ-ე დაბადებულია ... წლის ...ს, შესაბამისად იგი ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების დროისათვის (01.10.2019წ. (N4964-Iს)) წარმოადგენდა 65 წელს გადაცილებულ პირს, რაც ადასტურებს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე იგი ექვემდებარება 2016 წლის 11 მაისის N000881 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის (8 000 ლარის) გადახდისაგან გათავისუფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა