ბს-22 (კ-23) 27 ნოემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-მა 01.09.2020წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.03.2013წ. N..., 18.10.2013წ. N... და 08.09.2016წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე ნ. მ-ის სახელზე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება. მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით იშუამდგომლა საქმეში მესამე პირებად რ. მ-ის, მ. ქ-ის და გ. კ-ის ჩაბმის შესახებ, ასევე გ. კ-ისათვის, მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე: ...ის რაიონი, ...ი, ს/კ N..., ფართობი - 1115 კვ.მ.) გასხვისების და იპოთეკის დატვირთვის აკრძალვის თაობაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 02.09.2020წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ რ. მ-ი, მ. ქ-ე და გ. კ-ი. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გ. კ-ს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე: ...ის რაიონი, ...ი, ს/კ N..., ფართობი - 1115კვ.მ., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 18.01.2021წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...ო“ (ს/ნ ...).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 02.03.2022წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 29.04.2022წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ის წარმომადგენლის ლ. უ-ის შუამდგომლობა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 02.05.2022წ. მთავარი სხდომის ოქმით მესამე პირთა სიიდან ამოირიცხა სს „...ი“.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 02.05.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა 02.09.2020წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ. კ-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე: ...ის რაიონი, ...ი, ს/კ N..., ფართობი - 1115 კვ.მ., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2022წ. განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 02.05.2022წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელში დაფიქსირებული მოთხოვნები და მხარის იურიდიული ინტერესი არ არის თანხვედრაში. წარმომადგენლის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაჟღერებული მოსაზრება ზიანის ანაზღაურების თაობაზე იმთავითვე წინააღმდეგობაშია სარჩელში/სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ სასარჩელო მოთხოვნებთან. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარე ასაჩივრებს იმ აქტს, რომლითაც რ. მ-მა მემკვიდრეობის საფუძვლით დაირეგისტრირა უძრავი ქონება, ანუ ის, რაც სამკვიდროში მოხვდა და არ ასაჩივრებს მამკვიდრებლის რეგისტრაციას. ასევე, ასაჩივრებს მესამე პირების სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულ რეგისტრაციებს მათი საფუძვლების - ნასყიდობის ხელშეკრულებების გასაჩივრების გარეშე. სააპელაციო პალატამ მიუთითა უზენაესი სასამართლოს 23.02.2017წ. Nბს-729-721(კ-16) გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციის გაბათილება. სააპელაციო პალატის მითითებით რეგისტრაციის აქტების ბათილობაზე მსჯელობა შეუძლებელია მისი საფუძვლების - უფლების დამდგენ დოკუმენტებზე მსჯელობის გარეშე, თუმცა საკითხი სხვაგვარად დგას, როდესაც აქტების ბათილობა მხარეს ესაჭიროება მათი უკანონობის დასადგენად და შემდგომში ზიანის ასანაზღაურებლად. სააპელაციო პალატა სკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებზე მითითებით თვლის, რომ მესამე პირები: გ. კ-ი და მ. ქ-ე წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნ. მ-ის საკუთრების უფლების დადასტურების შემთხვევაში, სამართლებრივი თვალსაზრისით მას შეზღუდული აქვს შესაძლებლობა სადავო უძრავ ქონებაზე მოახდინოს მისი უფლების რეალიზება. ამასთან, მართებულია აპელანტის წარმომადგენლის მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ჭრილში, თუმცა არსებული სასარჩელო მოთხოვნებისა და ფორმულირების პირობებში, მსჯელობა არ არის შედეგზე ორიენტირებული. სააპელაციო სასამართლო სასკ-ის 281 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია დაეხმაროს მხარეს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებაში. კერძოდ, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. ადმინისტრაციულმა სასამართლომ დავის განხილვისას უპირველესად უნდა გაარკვიოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი და შეაფასოს მისი შესაბამისობა მოთხოვნის ფორმულირებასთან. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირება, რის შემდეგაც მხარემ თავად უნდა უზრუნველყოს სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა შესთავაზოს მოსარჩელეს მოახდინოს მოთხოვნის ტრანსფორმირება.
რაც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთის ფართს და ადგილმდებარეობას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხიც პირველი ინსტანციის სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ადმინისტრაციული სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპი ინკვიზიციურობის თაობაზე. განსახილველ საქმეზე მოსარჩელის (აპელანტის) მიერ ფორმულირებული სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული რეგისტრაციების შესახებ აქტების გამოცემის საფუძველი სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელე მხარის მიერ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობისას, სკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყოველთვის არაა შესაძლებელი საკითხის გადაწყვეტა სააპელაციო სასამართლოს მიერ. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია შესაძლებლობის და არა ვალდებულების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, ზემოთ მითითებული ჩანაწერი არ გულისხმობს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ვალდებულება საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების თაობაზე, შესაძლოა სრულად ჩანაცვლდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ. ამგვარი გაგება ეწინააღმდეგება ნორმის მიზანს, გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ვალდებულებასა და ინსტანციურობის პრინციპს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სრულებით დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, ამ ვალდებულების სისტემატური გადანაცვლება სააპელაციო სასამართლოზე, თითქმის აზრს დაუკარგავს პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახორციელებელ მართლმსაჯულებას და ფორმალურს გახდის მას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, რ. მ-ის სახელზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, სისტემური წესით რეგისტრირებული იყო ...ის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1391.13 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...; რეგისტრაციის ნომერი: ...; თარიღი: 25/09/2000წ., საფუძველი: საგადასახადო სია №1131). 21.03.2013წ. რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით რ. მ-ის (მამა -მამკვიდრებელი) მემკვიდრის რ. მ-ის (პ/ნ ..., შვილი) მიერ, სამკვიდრო მოწმობისა და წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიების საფუძველზე სადავო უძრავ ნივთზე (ს/კ ...) განხორციელდა მემკვიდრის - რ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, დაზუსტდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - .... 18.10.2013წ. რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით სადავო უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გაფორმების თარიღი:17/10/2013წ.) დარეგისტრირდა მ. ქ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლება, ხოლო 08.09.2016წ. რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით ამავე უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების (გაფორმების თარიღი: 08/09/2016წ.) საფუძველზე დარეგისტრირდა გ. კ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლება.
რაც შეეხება ნ. მ-ის სარეგისტრაციო მოთხოვნას, ნ. მ-მა 11.07.2020წ. №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. წარდგენილი სამკვიდრო მოწმობისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა მამკვიდრებლის, ზ. მ-ის სახელზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ს/კ ...) ცვლილების რეგისტრაცია, რა დროსაც დადგინდა ზედდება ... საკადასტრო კოდით გ. კ-ის საკუთრებაში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (ს/კ ...).
კასატორის მითითებით ნ. მ-ის მიერ ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.03.2013წ. N..., 18.10.2013წ. N... და 08.09.2016წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე სადავო ნაკვეთის მის საკუთრებად რეგისტრაცია. არც სარჩელში და არც სასამართლოში გამართულ სხდომებზე მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე არ უთითებდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად ვერ დგინდება მოსარჩელის - ნ. მ-ის მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობა. ასეთ ინფრომაციას არც უძრავი ნივთის (ს/კ ...) რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ...ის საკრებულოს 27.04.2000ს. №1 გადაწყვეტილება შეიცავს. მოსარჩელის აპელირება იმაზე, რომ უძრავი ნივთი (ს/კ ...) არასწორ ადგილას არის რეგისტრირებული, მით უფრო იმ პირობებეში, როდესაც სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ადგილმდებარეობა არ დგინდება, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლო ფორმალურად მიუდგა საქმის განხილვას და ფაქტობრივად საერთოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გარემოებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ მოხდა დავის საგნის ცვლილება - ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რითიც დაირღვა სსკ-ის 381-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. კასატორმა უზენაესი სასამართლოს 14.07.2016წ. Nბს-459-454(კს-16) განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ბუნებისა, სააპელაციო სასამართლოში არ შეიძლება დავის საგანს წარმოადგენდეს ის მოთხოვნა, რომელიც განხილვის საგანი არ ყოფილა პირველ ინსტანციაში. კასატორი თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სამართლებრივი გარემოებები. ამასთან, ის გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ნ. მ-მა 11.07.2020წ. №... განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს. წარდგენილი სამკვიდრო მოწმობისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა მამკვიდრებლის, ზ. მ-ის სახელზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ს/კ N...) ცვლილების რეგისტრაცია, რა დროსაც დადგინდა ზედდება N... საკადასტრო კოდით გ. კ-ის საკუთრებაში, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. მოცემული დავის ფარგლებში ნ. მ-ის მიერ სადავოდ არის გამხდარი N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, კერძოდ ნ. მ-ი ასაჩივრებს საჯარო რეესტრის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც რ. მ-მა მემკვიდრეობის საფუძვლით დაირეგისტრირა უძრავი ქონება, ანუ ის, რაც სამკვიდროში მოხვდა და არ ასაჩივრებს მამკვიდრებლის რეგისტრაციას. ასევე, ასაჩივრებს მესამე პირების სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულ რეგისტრაციებს მათი საფუძვლების - ნასყიდობის ხელშეკრულებების გასაჩივრების გარეშე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის შესაბამისად განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშულოად წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას (სუსგ 02.07.2015წ. Nბს-30-30(2კ-15)). მოცემულ შემთხვევაში ნ. მ-ის მიერ არაა შედავებული მესამე პირების საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნ. მ-ი სარჩელში მიუთითებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსგან ზიანის ანაზღაურების იურიდიულ ინტერესზე, რაც წინაამდეგობაშია სასარჩელო მოთხოვნების შინაარსთან. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სასკ-ის 281 მუხლის საფუძველზე უნდა გამოერკვია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი და მიეცა მისთვის სასარჩელო მოთხოვნების ტრანსფორმირების შესაძლებლობა. პროცესის ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას, მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი იმის გამო, რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნა სწორად ჩამოყალიბებული (სუსგ 05.06.2018წ. Nბს-859-855(კ-17)). დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება ნ. მ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლის და სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 381-ე მუხლის დარღვევის თაობაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. მ-ის მიერ დავის საგნის ცვლილება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება განპირობებული იყო მოსარჩელის იურიდიული ინტერესის გარკვევის საჭიროებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის გამორკვევის და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს ასევე სადავო ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რაც საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების საჭიროებას ქმნის.
საკასაციო პალატა სააპელაციო სასაამრთლოს უფლებამოსილებასთნ დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-121-117-2016), სადაც განიმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია არასრული (შეზღუდული) აპელაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პატივსადები მიზეზების არსებობისას. დიდმა პალატამ მიუთითა 24.11.2004წ. სტრასბურგში, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მიერ შემუშავებული N6 დასკვნის 98-ე და 135-ე პარაგრაფებზე, რომლის მიხედვით აპელაცია არ უნდა იყოს და არ უნდა განიხილებოდეს როგორც შეუზღუდავი შესაძლებლობა ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებში შესწორებების შეტანისა, რომელთა წარდგენაც მხარეს შეეძლო და უნდა წარედგინა პირველი ინსტანციიის სასამართლოში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არასრული აპელაციის დროს, სსკ-ის 385.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს საქმე დააბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა არსებითად განსახილველად და გადაწყვეტილების გამოსატანად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2022წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2022წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.02.2023წ. N04507 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი