Facebook Twitter

№17051-13 12 ივნისი, 2013 წელი

მ-ა გ., 17051-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ც-ის

მსჯავრდებულ _ გ. მ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით გ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენით გ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. მ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული გ. მ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. მ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი აღნიშნავს, რომ არის უკანონო პატიმარი და უარს აცხადებს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. მ-ას საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება, ხოლო ამავე კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მისთვის საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და სასჯელის სახით 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია, ვინაიდან აღნიშნული დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ მას განაჩენით უკანონოდ დასდეს მსჯავრი და აქედან გამომდინარე არ სურს, მასზე გავრცელდეს ამნისტია, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და არ არის უფლებამოსილი, გადასინჯოს იმ განაჩენის კანონიერება, რომლითაც მოხდა პირის მსჯავრდება, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება არ არის დამოკიდებული პირის სურვილზე და სავალდებულო წესით ეხება ყველა იმ პირს, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. მ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე