Facebook Twitter

№ბს-837(2კ-23) 16 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 24 იანვარს შპს „მ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ გორში, ...ის გზატკეცილზე მდებარე №..., ქუთაისში, ...ას ქუჩის 1-ლ შესახვევში, №4ა-ში მდებარე (ნაკვეთი ...) №... და ქუთაისში, ...ოს ქუჩა № 4ა-ს მიმდებარედ (ყოფილი ...ას ქუჩა, შესახვევი 1, № 4ა) არსებულ, №... საკადასტრო კოდებით აღრიცხულ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №6/58961 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 23 მარტის №1-1/151 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მითითებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადასტურების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,მ...ის“ წინამორბედს, სპეციალიზირებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო ,,მ...ას“ საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის მინისტრის 1996 წ. 14 მაისის №1-4/161 და 11 ივნისის №1-3/219 ბრძანებებით იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ,,მ...ის“ ბალანსზე რიცხული ქონება. 1996 წლის 23 მაისს შეიქმნა შრომითი კოლექტივის ამხანაგობა, რომელმაც 1996 წლის 24 ივნისს სამინისტროსთან დადო საიჯარო ხელშეკრულება 10 წლის ვადით. ქონების კოლექტივისათვის გადაცემა დადასტურდა მიღება-ჩაბარების აქტით. ქონების გამოსყიდვის ღირებულებად, ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, განისაზღვრა 17 552.60 აშშ დოლარი. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, 1996 წლის 07 აპრილს №60 ორმხრივი აქტის და საბანკო ქვითრების თანახმად, მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა ქონების ღირებულებიდან ფულადი ნაწილის სახით 9 715 ლარი, რაც გაცვლითი კურსით უდრიდა 7 710.32 აშშ დოლარს. გარდა ამისა, მოსარჩელემ შეიტანა 257 ცალი ვაუჩერი, ხელშეკრულების 2.6 პუნქტის საფუძველზე, რაც უდრის ასევე 7 710 აშშ დოლარს, ვინაიდან 1 ცალი ვაუჩერის რაოდენობა შეადგენდა 30 აშშ დოლარს. სულ ჯამში, გადახდილი თანხა და ვაუჩერების ღირებულება შეადგენს 15 420.32 აშშ დოლარს. გადასახდელი დარჩა 2 130 აშშ დოლარი. ამ თანხის ექვივალენტი თანხა - 3 817 ლარის ოდენობით გადახდილი იქნა დადგენილ ვადაში, 2004 წლის 01 დეკემბერს №49 საგადასახადო დავალებით. ამდენად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მოსარჩელემ შეასრულა ქონების გამოსყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები და მთლიანად დაფარა გამოსასყიდი ქონების ღირებულება 17 552.6 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა გამოსყიდული ქონების მესაკუთრე მოსარჩელე ვერ გახდა.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 04 ოქტომბერს გამოსცა №6/58961 ადმინისტრაციული აქტი და მოსარჩელეს უარი უთხრა გამოსყიდულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებაზე. მოპასუხემ საკუთარი პოზიცია დააფუძნა იმ გარემოებას, რომ სააგენტოს არქივში არ არის დაცული 1996 წლის 24 ივნისის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და სპეციალიზირებულ სამშენებლო სამონტაჟო სამმართველოს „მ...ას“ შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის, ასევე წარდგენილი ქვითრის ასლებში ბუნდოვანია თანხის გადახდის დანიშნულების ველი, რის გამოც გაურკვეველია, ამ ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად იქნა თუ არა გადახდილი ეს თანხები.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „მ...ის“ სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორში, ...ის გზატკეცილზე მდებარე №..., ქუთაისში, ...ას ქუჩის I შესახვევში, №4ა-ში მდებარე (ნაკვეთი ...) №... და ქუთაისში, ...ოს ქუჩა №4ა-ს მიმდებარედ (ყოფილი ...ას ქუჩა, შესახვევი 1, № 4ა) არსებულ № ... საკადასტრო კოდებით აღრიცხულ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №6/58961 აქტი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 23 მარტის №1-1/151 ბრძანება; შპს „მ...ის“ სასარჩელო მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ მითითებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ არ დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაევალა: ა) შეისწავლოს, წარმოადგენს თუ არა შპს „მ...“ 1996 წლის 24 ივნისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებაში მოიჯარე მხარის - „მ...ის“ სამონტაჟო სამმართველოს კოლექტივის მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობის უფლებამონაცვლეს; ბ) შპს „მ...ის“ მიერ რა ოდენობის თანხა იქნა გადახდილი სახელმწიფოს ანგარიშზე და ეს გადახდები წარმოადგენდა საიჯარო ქირას თუ ქონების გამოსყიდვის ღირებულებას; გ) სად და კონკრეტულად რა ფარგლებში მდებარეობს სადავო უძრავი ქონება; დ) გამოიკვლიოს და შეაფასოს, ქონების გამოსყიდვის ფასში შედის თუ არა სადავო შენობა-ნაგებობებზე არსებული წესით დამაგრებული მიწის ნაკვეთები და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის" ფარგლებში რამდენადაა ამ საკითხის გარკვევა რელევანტური; ე) ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების დადასტურების, ან მასზე უარის თქმის შესახებ.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და შპს „მ...მ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „მ...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 05 აპრილს, შპს „მ...მ“ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ გონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის“ შესაბამისად მოითხოვა ქალაქ ქუთაისში, ...ას ქუჩაზე, შესახვევი I, 4ა-ში (ს/კ ...), ქალაქ ქუთაისში, ...ოს ქუჩაზე, 4ა-ს მიმდებარედ (ყოფილი ...ას ქუჩა, შესახვევი I, 4ა) (ს/კ ...) და ქალაქ გორში, ...ის გზატკეცილზე (ს/კ ...) მდებარე უძრავ ქონებებზე შპს „მ...ის“ საკუთრების უფლების დადასტურება. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება შპს „მ...ს“ გადაეცა საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის მინისტრის 1996 წლის 11 ივნისის №1-1/213 ბრძანებით, იჯარა-გამოსყიდვის უფლებით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 ოქტომბრის №6/58961 აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ იჯარა გამოსყიდვის ხელშეკრულება სააგენტოში დაცული არ არის და ასევე, ბუნდოვანია გადახდილი თანხების დანიშნულება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 23 მარტის №1-1/151 ბრძანებით შპს „მ...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 ოქტომბრის №6/58961 აქტი.

მოპასუხეებმა შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დამატებით მიუთითეს, რომ გორში სადავო ტერიტორია დაყოფილია რამდენიმე ერთეულად და ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. 1997 წლამდე შენობა ნაგებობები იყო ცალკე უფლების ობიექტი, მოსარჩელე კი საკუთრებას ითხოვს მთლიანად უძრავ ქონებაზე (მიწასთან ერთად). გარდა ამისა, არ დგინდება, რომ შპს „მ...“ არის იჯარა გამოსყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ამხანაგობის უფლებამონაცვლე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 14 მაისის ბრძანებით დადგინდა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამმართველოს „მ...ის“ იჯარით გაცემა, გამოსყიდვის უფლებით. „მ...ის“ იჯარა-გამოსყიდვის უფლებით აღების მიზნით, კოლექტივის მიერ 1996 წლის 23 მაისს შედგა დროებითი ამხანაგობის შექმნის შესახებ სადამფუძნებლო ხელშეკრულება, რაც დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ. იმავე სამინისტროს 1996 წლის 11 ივნისის ბრძანებით ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სპეციალური სამშენებლო სამმართველოს „მ...ა“ იჯარა-გამოსყიდვის უფლებით პირდაპირი წესით გადაეცა შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას. 1996 წლის 24 ივნისს კი საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და „მ...ის“ სამონტაჟო სამმართველოს კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება „მ...ის“ ქონებაზე, გამოსყიდვის უფლებით. ქონების ღირებულება 1996 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 17 552.60 აშშ დოლარს. ხელშეკრულების პირობები შეთანხმებულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი - 2006 წლის 24 ივნისამდე, საიჯარო ქირა - წელიწადში 1 760 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველ 6 თვეში ერთხელ გადახდის პირობით, საიჯარო ქირა უნდა დაკორექტირებულიყო ყოველწლიურად ქონების გამოსყიდვის პირდაპირპროპორციულად. საიჯარო ქირა არ წარმოადგენდა იჯარით აღებული ქონების გამოსასყიდ თანხას. ქონების ღირებულების გამოსასყიდი თანხის დაფარვა უნდა წარმოებულიყო ყოველწლიურად ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის აშშ დოლართან არსებული კურსით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე (...) ჩარიცხვით, სააქციო კომერციულ ბანკ „...ში“. ამასთან, გამოსყიდული ქონების 50% აუცილებელი წესით უნდა დაფარულიყო ვაუჩერის მოქმედების პერიოდში, მიწაზე საიჯარო ქირის გადახდა კი უნდა დარეგულირებულიყო სპეციალური კანონით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა მეიჯარის უფლება, ვადამდე გაუქმებულიყო ხელშეკრულება, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე არ გადაიხდიდა საიჯარო ქირას, გამოსასყიდ თანხას. იჯარით გაცემული ქონება რჩებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო ქონების გამოსყიდვის შემთხვევაში, საიჯარო ქონება გადავიდოდა მოიჯარის საკუთრებაში, რაზეც უნდა გაცემულიყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ. ხელშეკრულების ერთ-ერთი ხელმომწერი არის დროებითი ამხანაგობის თავმჯდომარე ო.მ-ი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „მ...ისა“ და ო.მ-ის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილია როგორც საიჯარო ქირის, ასევე ქონების გამოსყიდვის თანხის ნაწილი. კერძოდ: შპს ფირმა „მ...ის“ მიერ 1997 წლის (წელი გარკვევით არ იკითხება) 4 მარტს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს №000141450 ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 1 200 ლარი, შენატანის დანიშნულებად მიეთითა საიჯარო ქონების ქირა. 1997 წლის 7 აპრილს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და „მ...ს“ შორის შედგა აქტი, რომლითაც მოხდა სამინისტროს ანგარიშზე შეტანილი თანხებისა და საპრივატიზაციო ბარათების ურთიერთშედარება. გაირკვა, რომ „მ...ის“ მიერ სამინისტროს №001141776 ანგარიშზე 1996 წლის 28 ივნისის მდგომარეობით გადახდილი იყო: 9 715 ლარი (1 აშშ დოლარი კურსის იმ დროისათვის შეადგენდა 1,26 ლარს) და 257 ვაუჩერის მეშვეობით - 7 710 აშშ დოლარი. შპს ფირმა „მ...ის“ მიერ 1997 წლის 14 აპრილს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს №000141450 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 1 120 ლარი, შენატანის დანიშნულებად გარკვევით არ იკითხება. იმავე დღეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს №000141450 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 1 200 ლარი, შენატანის დანიშნულებად მიეთითა საიჯარო ქონების ქირა. შპს ფირმა „მ...ის“ მიერ 1997 წლის ივნისში (დღე არ ფიქსირდება) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს №000141450 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 1 088 ლარი, შენატანის დანიშნულება მითითებული არაა. შპს ფირმა „მ...ის“ მიერ 2020 წლის 20 ივნისს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს №210130212 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 500 ლარი, შენატანის დანიშნულებად მიეთითა 2000-2001 წლების ქონების იჯარა. შპს ფირმა „მ...ის“ მიერ 2004 წლის 1 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს №300121500 ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 3 054 ლარი, შენატანის დანიშნულებად მიეთითა იჯარა გამოსყიდვით აღებული ქონების საიჯარო ქირა 1997-2004 წლების ჩათვლით. იმავე დღეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს №300121500 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 3 817 ლარი, შენატანის დანიშნულებად მიეთითა იჯარა-გამოსყიდვით აღებული ქონების ღირებულება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ წარმოდგენილი ქვითრები ზოგიერთ შემთხვევაში არ იძლეოდა გადახდის დანიშნულების იდენტიფიკაციის საშუალებას, თუმცა ეს გარემოება იმთავითვე, უპირობოდ ვერ გახდებოდა საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი. გადახდის თარიღის და თანხის ოდენობის, ასევე მხარის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დანიშნულების განსაზღვრა, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, გადახდილი თანხის დანიშნულება უნდა განსაზღვრულიყო შპს „მ...ის“ სასარგებლოდ და უნდა ყოფილიყო მიჩნეული საპრივატიზებო ქონების ღირებულებად.

სააპელაციო სასამართლო მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ვერ იქნა დადასტურებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა, სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დამატებით ვადას დარჩენილი (გადაუხდელი) თანხის გადასახდელად, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციულ ორგანოებს შპს „მ...ისაგან“ არ მოუთხოვიათ თანხების გადახდის დანიშნულებასთან დაკავშირებული დამატებითი მტკიცებულებები. ამასთან, არ გარკვეულა, გადახდილი იყო თუ არა საპრივატიზებო საფასურის თუნდაც 80%, რათა სააგენტოს განესაზღვრა დაინტერესებულ პირისათვის ვადა დარჩენილი (გადაუხდელი) თანხის გადასახდელად. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში გადაეხადა დაუდასტურებელი თანხის ოდენობა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ გორში მდებარე ქონების იდენტიფიკაცია შესაძლებელი იყო საქმეში წარმოდგენილი ტექბიუროს არქივში დაცული თუ სისტემური აღრიცხვის (ე.წ. ყვითელი ფენის) მონაცემებით. ქონების ადგილმდებარეობის გარკვევასთან მიმართებაში საყურადღებო იყო გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1979 წლის 29 ივნისის №199 გადაწყვეტილებაც (ოქმი №12), რომლითაც „პროშვენტილაციის“ სამშენებლო სამონტაჟო სამმართველოს სპეციალური ბაზის მოსაწყობად გამოეყო 1 ჰა ფართის მქონე მიწის ნაკვეთი ქალაქის საწარმოო ზონაში, სარაიონთაშორისო ბინათმშენებლობის სამმართველოს საქმიანი ეზოს ჩრდილოეთ საზღვრიდან. ანალოგიურად, იდენტიფიკაცია შესაძლებელი იყო ქუთაისში მდებარე უძრავ ქონებაზეც, თუკი მოძიებული იქნებოდა დამატებითი მტკიცებულებები. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ქონების (ან მისი ნაწილის) სახელმწიფოს მხრიდან მუნიციპალიტეტის სახელზე აღრიცხვა, არ გულისხმობდა, რომ უძრავი ნივთი განკარგული იყო.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ საიჯარო ხელშეკრულება „მ...ის“ ქონებაზე, გამოსყიდვის უფლებით, 1996 წლის 24 ივნისს გაფორმდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და „მ...ის“ სამონტაჟო სამმართველოს კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის. შპს „მ...“ დაფუძნდა 1996 წლის 29 ივლისს. წესდების მიხედვით, საზოგადოება არის სამშენებლო-სამონტაჟო სამრეწველო ფირმა „მ...ის“ სამმართველოს (ყოფილი სახელმწიფო საწარმო) უფლებამონაცვლე. 1996 წლის 12 სექტემბერსა და 1997 წლის 3-4 ივლისს, ერთი მხრივ, შპს ,,მ...სა“ და მეორე მხრივ, მის გორისა და ქუთაისის ფილიალებს შორის შედგა მიღება-ჩაბარებისა და ინვენტარიზაციის აქტები, რომელთა თანახმად, გორისა და ქუთაისის ფილიალებმა პირველი მხარისაგან სამართავად მიიღეს შპს „მ...ის“ მიერ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსაგან იჯარა-გამოსყიდვის უფლებით აღებული ქონება, მათ შორის გორში ადმინისტრაციული, ასაწყობ-დასაშლელი, საწყობისა და საყარაულო შენობები, ხოლო ქუთაისში - ასაწყობ-დასაშლელი შენობა და ეს ქონება აღრიცხული იყო შპს „მ...ის“ ბალანსზე. პალატამ მიუთითა, რომ უფლებამონაცვლეობის საკითხი არ ყოფილა შპს „მ...ის“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც დაადასტურა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ზეპირი მოსმენის სხდომაზე. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ უნდა დადგენილიყო წარმოადგენდა თუ არა შპს „მ...“ - „მ...ის“ სამონტაჟო სამმართველოს კოლექტივის მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობის უფლებამონაცვლეს (დაინტერესებულ პირს), უსაფუძვლო იყო, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არ ქმნიდა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რადგან დავა გადაწყვეტილი იყო ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რასაც ეთანხმებოდა სააპელაციო პალატაც.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ შპს „მ...ის“ წარმომადგენლის მიერ 2022 წლის 01 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა გადახდის ქვითრები. ასევე, 2023 წლის 27 თებერვალს წარმოდგენილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 იანვრის №000265523 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, „2005 წლის 15 სექტემბერს მომზადებულ ტექნიკურ პასპორტში არსებული ქალაქ გორში, ...ის გზატკეცილზე, ...ზე მდებარე სპეც. სამშენებლო სამონტაჟო სამმართველო ,,მ...ის“ გორის საწარმოო ბაზის გენ-გეგმაზე ასახული 1320 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრების გაორიენტირება (ადგილმდებარეობის დადგენა) სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული ნახაზი შესრულებულია ხარვეზით. ამასთან აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ პასპორტში არსებული შენობა-ნაგებობები და მათ შორის არსებული ტერიტორია (დანართი №1 და №2), რომელიც წარმოადგენს 1996 წლის 24 ივნისის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ იჯარით შემდგომი გამოსყიდვის უფლებით „მ...ის“ სპეც. სამონტაჟო სამმართველოს კოლექტივის გადაწყვეტილებით შექმნილ ამხანაგობისათვის გადაცემულ, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ,,მ...ის“ სპეციალური სამონტაჟო სამმართველოს უძრავ ქონებას, ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებულ შენობა-ნაგებობებს და მათ შორის არსებულ ტერიტორიას (დანართი №3 და ფოტოილუსტრაცია)“. წარმოდგენილ იქნა ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 07 თებერვლის №... წერილი, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა, სადაც მოცემულია №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციის თანახმად, როგორც სამინისტროში, ასევე სასამართლოში მოთხოვნა წარმოდგენილი იყო „მ...ის“ მიერ, რომელიც დაფუძნდა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 29 ივლისის დადგენილებით (რეგისტრაციის №2/4-730) და 1996 წლის 29 ივლისის წესდების შესაბამისად, მ...ის სამმართველოს (ყოფილი სახელმწიფო საწარმოს) უფლებამონაცვლეს წარმოადგენს. ამავდროულად შპს „მ...“ საკუთრების უფლების დადასტურებას ითხოვს იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც დადებულია 1996 წლის 24 ივნისს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მ...ის სამონტაჟო სამმართველოს კოლექტივის დროებით ამხანაგობას შორის.

1996 წლის 24 ივნისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების საგანი იყო შენობები (კაპიტალური და დასაშლელ-ასაწყობი შენობა) და მოძრავი ნივთები როგორც სააგენტოში, ასევე სასამართლოში მოსარჩელე მხარე ითხოვდა საკუთრების უფლების დადასტურებას მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე. სასარჩელო მოთხოვნას წამოადგენდა კონკრეტულ საკადასტრო კოდებზე მოსარჩელის სასარგებლოდ საკუთრების უფლების დადასტურება, ამავდროულად მოსარჩელე მხარე თავისი მოთხოვნის თუ უფლების დადასტურების მიზნით წარმოადგენს მტკიცებულებას (2023 წლის 16 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა), რომელიც მოსარჩელის მოთხოვნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. შესაბამისად, სასამართლოს უპირველეს ყოვლისა, ევალებოდა შპს „მ...ის“ უფლების არსებობის, თუ ამ უფლების ფარგლების შემოწმება, რათა შემდგომ წარემართა სამინისტროს გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებისა თუ უკანონობაზე მსჯელობა. თუმცა სათანადო მოსარჩელისა, თუ მოთხოვნის ფარგლების საფუძვლიანობის შემოწმების გარეშე (თუმცა ამ უკანასკნელთა კვლევა სასამართლოს უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა), სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი არ შეესაბამებოდა კანონს და არსებობდა მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილობის საფუძველი. მხარეების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, სამინისტროს უქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ შპს „მ...ის“ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

კასატორის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციის თანახმად, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, 1996 წლის 24 ივნისს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და „მ...ის“ სამონტაჟო სამმართველოს კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება სააგენტოს არქივში დაცული არ არის. მითითებული საიჯარო ხელშეკრულება გამოთხოვილ იქნა სს „ვ...დან“, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მოიცავს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ბალანსზე რიცხული უძრავი ნივთების ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაცია/დოკუმენტაციას. შესაბამისად, არ დგინდება შპს „მ...ის“ მიერ განცხადებებით მოთხოვნილი უძრავი ქონებების და საიჯარო ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონებების იდენტურობა, რაც იმთავითვე გამორიცხავს საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ განცხადებების დაკმაყოფილებას. ამასთან, არც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და არც სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მითითებული ქონებების იდენტურობას.

გარდა ამისა, სააგენტოში არ მოიპოვება 1996-2003 წლებში გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია. სააგენტოში დაცულია ინფორმაცია მხოლოდ ამავე სუბიექტის მიერ: 02.12.2004წ. - 3817.00 ლარის და 02.12.2004წ. - 3054.00 ლარის გადახდების შესახებ, თუმცა აღნიშნული ქვითრების დანიშნულების ველი ბუნდოვანია, შესაბამისად არსებული ჩანაწერის მიხედვით გაურკვეველია ასახავს თუ არა იგი ზემოხსენებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულ გადახდებს.

1996 წლის 24 ივნისის საიჯარო ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, საიჯარო ქირა განსაზღვრულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 03.01.1995 წლის №20 დადგენილების შესაბამისად და იგი შეადგენს საიჯარო ქონების ღირებულების 10,027 პროცენტს, ანუ 1760 დოლარს წელიწადში. ამავე ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, საიჯარო ქირა მოიჯარემ მეიჯარეს უნდა გადაუხადოს ეროვნული ვალუტით ყოველ ექვს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თანაბარწილად, გადახდის დღისთვის დოლარის ეროვნულ ვალუტასთან არსებული კურსით, ხოლო 2.5 მუხლის თანახმად იჯარით აღებული ქონების ღირებულების გამოსასყიდი თანხის დაფარვა მოიჯარემ უნდა აწარმოოს ყოველწლიურად იჯარით აღებული ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით. აქედან გამომდინარე, სააგენტოში დაცული ინფორმაციით, შპს „მ...ის“ მიერ წარმოდგენილი ქვითრებით და მოძიებული დოკუმენტაციის თანახმად, არ დასტურდება შპს „მ...ის“ მიერ საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად იჯარით აღებული ქონების გამოსასყიდი თანხის გადახდა.

სასამართლო ერთის მხრივ თავად აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ქვითრები არ იძლევა გადახდის დანიშნულების იდენტიფიკაციის საშუალებას, თუმცა ასევე უთითებს, რომ ეს ვერ გახდება საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი, მაშინ როდესაც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-3 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების დადასტურების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდა სრულად (მათ შორის, ვადის გადაცილებით) ან უძრავი ქონების შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის სულ მცირე, 80% გადახდა (მათ შორის, ვადის გადაცილებით).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს გორში, ...ის გზატკეცილზე მდებარე №..., ქუთაისში, ...ას ქუჩის 1-ლ შესახვევში, №4ა-ში მდებარე (ნაკვეთი ...) №... და ქუთაისში, ...ოს ქუჩა №4ა-ს მიმდებარედ (ყოფილი ...ას ქუჩა, შესახვევი 1, № 4ა) არსებულ, №... საკადასტრო კოდებით აღრიცხულ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ოქტომბრის № 6/58961 აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 23 მარტის №1-1/151 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მითითებულ უძრავ ქონებებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადასტურების დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის 6-61 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ქონების სააგენტო ახორციელებს აგრეთვე მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, ხელს უწყობს დაინტერესებული ფიზიკური პირებისა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვას. დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას ქონების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესს, მომსახურების სახეებსა და მომსახურების საფასურის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რიგი ქონების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის ხელშეწყობა, ბაზრისა და მიწის ფონდის ათვისება, ქონების რაციონალურად გამოყენება და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკუთრების უფლების დადასტურება არის უძრავ ნივთზე პრივატიზების პროცესის დასრულება და დაინტერესებული პირისთვის, საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე, შესაბამისი დოკუმენტის გაცემა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დადასტურება ხორციელდება, თუ: ა) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ქონების საპრივატიზებო საფასური გადახდილია სრულად (მათ შორის, ვადის გადაცილებით) ან უძრავი ქონების შემთხვევაში, სრულად გადახდილია საპრივატიზებო საფასურის, სულ მცირე, 80% (მათ შორის, ვადის გადაცილებით), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, სრულად გადახდილია საპრივატიზებო საფასურის, სულ მცირე, 50% (მათ შორის, ვადის გადაცილებით); გ) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ დადგენილების ამოქმედების დღისთვის არ არის გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; დ) სრულად შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ამ წესით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, სააგენტო განუსაზღვრავს დაინტერესებულ პირს ვადას დარჩენილი (გადაუხდელი) თანხის გადასახდელად. თანხის დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს საკუთრების უფლების დადასტურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი კარგავს, ამ წესის შესაბამისად, საკუთრების უფლების დადასტურების მოთხოვნის უფლებას. ამ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები ან/და გაწეული დანახარჯები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამმართველოს - “მ...ის“ იჯარა-გამოსყიდვის უფლებით აღების მიზნით, კოლექტივის მიერ 1996 წლის 23 მაისს შედგა დროებითი ამხანაგობის შექმნის შესახებ დამფუძნებელი ხელშეკრულება, რაც დამოწმებულ იქნა ნოტარიუსის მიერ. სამინისტროს 1996 წლის 11 ივნისის ბრძანებით ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სპეციალური სამშენებლო სამმართველო ,,მ...ა“ იჯარა-გამოსყიდვის უფლებით პირდაპირი წესით გადაეცა შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას.

1996 წლის 24 ივნისს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და „მ...ის“ სამონტაჟო სამმართველოს კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება ,,მ...ის" ქონებაზე, გამოსყიდვის უფლებით. ქონების ღირებულება 1996 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 17 552,60 აშშ დოლარს. ხელშეკრულების პირობები შეთანხმებულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან. იმავე დღეს შედგა ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, ქონების ჩამონათვალის შესახებ დანართით.

ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი - 2006 წლის 24 ივნისამდე (1.4. პუნქტი), საიჯარო ქირა - წელიწადში 1 760 აშშ დოლარით ყოველ 6 თვეში ერთხელ გადახდის პირობით, საიჯარო ქირა კორექტირდებოდა ყოველწლიურად ქონების გამოსყიდვის პირდაპირპროპორციულად (2.1. - 2.3. პუნქტები).

საიჯარო ქირა არ წარმოადგენდა იჯარით აღებული ქონების გამოსასყიდ თანხას. ქონების ღირებულების გამოსასყიდი თანხის დაფარვა უნდა წარმოებულიყო ყოველწლიურად ქონების ღირებულების არანაკლებ 5 %-ის ოდენობით. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის აშშ დოლართან არსებული კურსით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე (...) ჩარიცხვით, სააქციო კომერციულ ბანკ ,,...ში" (2.4. - 2.5. პუნქტები).

გამოსყიდული ქონების 50% აუცილებელი წესით უნდა დაფარულიყო ვაუჩერის მოქმედების პერიოდში, მიწაზე საიჯარო ქირის გადახდა კი უნდა დარეგულირებულიყო სპეციალური კანონით (2.6. - 2.7. პუნქტები); ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა მეიჯარის უფლება, ვადამდე გაუქმებულიყო ხელშეკრულება, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე არ გადაიხდიდა საიჯარო ქირას, გამოსასყიდ თანხას.

ხელშეკრულების ერთ-ერთი ხელმომწერი იყო დროებითი ამხანაგობის თავმჯდომარე ო.მ-ი. შპს ,,მ..." დაფუძნდა 1996 წლის 29 ივლისს. მისი წესდების მიხედვით, საზოგადოება არის ,,სამშენებლო-სამონტაჟო სამრეწველო ფირმა „მ...ის“ სამმართველოს (ყოფილი სახელმწიფო საწარმო) უფლებამონაცვლე.

1996 წლის 12 სექტემბერსა და 1997 წლის 3-4 ივლისს, ერთი მხრივ, შპს „მ...სა“ და, მეორე მხრივ, მის გორისა და ქუთაისის ფილიალებს შორის შედგა მიღება-ჩაბარებისა და ინვენტარიზაციის აქტები, რომელთა თანახმად, გორისა და ქუთაისის ფილიალებმა პირველი მხარისაგან სამართავად მიიღეს შპს „მ...ის“ მიერ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსაგან იჯარა-გამოსყიდვის უფლებით აღებული ქონება, მათ შორის გორში ადმინისტრაციული, ასაწყობ-დასაშლელი, საწყობისა და საყარაულო შენობები, ხოლო ქუთაისში - ასაწყობ-დასაშლელი შენობა, და ეს ქონება აღრიცხული იყო შპს „მ...ის“ ბალანსზე.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისიწნებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ შპს „მ...“ ნამდვილად წარმოადგენს ,,მ...ის" სამონტაჟო სამმართველოს კოლექტივის მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობის უფლებამონაცვლეს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ გამხდარა დამატებითი გამოკვლევის საგანი და არ ყოფილა მიჩნეული დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. ამდენად, შპს „მ...“ წარმოადგენდა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან იჯარა-გამოსყიდვის თაობაზე დადებული ხელშეკრულების მხარეს. აღნიშნული ასევე გამყარებულია ამავე საზოგადოების მიერ, მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამინისტროს სასარგებლოდ, ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული გადახდებით.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დადასტურება ხორციელდება, თუ: ა) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ქონების საპრივატიზებო საფასური გადახდილია სრულად (მათ შორის, ვადის გადაცილებით) ან უძრავი ქონების შემთხვევაში, სრულად გადახდილია საპრივატიზებო საფასურის, სულ მცირე, 80% (მათ შორის, ვადის გადაცილებით), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, სრულად გადახდილია საპრივატიზებო საფასურის, სულ მცირე, 50% (მათ შორის, ვადის გადაცილებით); გ) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ დადგენილების ამოქმედების დღისთვის არ არის გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; დ) სრულად შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამდენად, საკუთრების უფლების დადასტურებისთვის, აუცილებელია მითითებული 4 (ოთხი) პირობის დაკმაყოფილება. დადგენილია, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (2010 წლის 21 ივლისი. №3512–რს) ამოქმედდა მისი გამოქვეყნებისთანავე (მუხლი 51) - 09/08/2010 წელს, ხოლო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და „მ...ს“ შორის ხელშეკრულება გაფორმებულია 1996 წლის 24 ივნისს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილების ამოქმედებამდე არ არის გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ამასთან, საქმეზე არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ შეუსრულებელია ხელშეკრულების რაიმე დამატებითი პირობა, გარდა მოპასუხის მიერ მითითებული - საპრივატიზაციო საფასურის გადაუხდელობისა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია იმ საფუძვლით, რომ სააგენტოს არქივში არ არის დაცული 1996 წლის 24 ივნისის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და სპეციალიზირებულ სამშენებლო სამონტაჟო სამმართველოს „მ...ას“ შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილი დროებით ამხანაგობას შორის, ასევე წარდგენილი ქვითრის ასლებში ბუნდოვანია თანხის გადახდის დანიშნულების ველი, რის გამოც გაურკვეველია, ამ ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად იქნა თუ არა გადახდილი ეს თანხები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო, სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ის გარემოება, რომ სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში არ ინახებოდა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და სპეციალიზირებულ სამშენებლო სამონტაჟო სამმართველოს „მ...ას“ შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილი დროებით ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულება, ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები, რამდენადაც, როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ასევე საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპებზე უდავოდ დასტურდება მითითებული, 1996 წლის 24 ივნისის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების არსებობა.

მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქმეზე იქნა დადგენილი, შპს ,,მ...ისა" და ო.მ-ის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილია როგორც საიჯარო ქირის, ასევე ქონების გამოსყიდვის თანხის ნაწილი. კერძოდ: - შპს ფირმა „მ...ის“ მიერ 1997 წლის (წელი გარკვევით არ იკითხება) 4 მარტს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს №000141450 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 1 200 ლარი, შენატანის დანიშნულებად მიეთითა საიჯარო ქონების ქირა. 1997 წლის 7 აპრილს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და „მ...ს“ შორის შედგა აქტი, რომლითაც მოხდა სამინისტროს ანგარიშზე შეტანილი თანხებისა და საპრივატიზაციო ბარათების ურთიერთშედარება. გაირკვა, რომ „მ...ის“ მიერ სამინისტროს №001141776 ანგარიშზე 1996 წლის 28 ივნისის მდგომარეობით გადახდილი იყო: 9 715 ლარი (1 აშშ დოლარი კურსის იმ დროისათვის 27 შეადგენდა 1,26 ლარს) და 257 ვაუჩერის მეშვეობით - 7 710 აშშ დოლარი. შპს ფირმა ,,მ...ის" მიერ 1997 წლის 14 აპრილს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს №000141450 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 1 120 ლარი, შენატანის დანიშნულებად გარკვევით არ იკითხება. იმავე დღეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს №000141450 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 1 200 ლარი, შენატანის დანიშნულებად მიეთითა საიჯარო ქონების ქირა. შპს ფირმა „მ...ის“ მიერ 1997 წლის ივნისში (დღე არ ფიქსირდება) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს №000141450 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 1 088 ლარი, შენატანის დანიშნულება მითითებული არაა. შპს ფირმა ,,მ...ის" მიერ 2020 წლის 20 ივნისს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს №210130212 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 500 ლარი, შენატანის დანიშნულებად მიეთითა 2000-2001 წლების ქონების იჯარა. შპს ფირმა ,,მ...ის" მიერ 2004 წლის 1 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს №300121500 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 3 054 ლარი, შენატანის დანიშნულებად მიეთითა იჯარა გამოსყიდვით აღებული ქონების საიჯარო ქირა 1997-2004 წლების ჩათვლით. იმავე დღეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს №300121500 ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 3 817 ლარი, შენატანის დანიშნულებად მიეთითა იჯარა-გამოსყიდვით აღებული ქონების ღირებულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის მხრიდან დასტურდება როგორც საიჯარო ქირის ასევე, საპრივატიზებო საფასურის დაფარვის მიზნით შესრულებული გადახდები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. საქმეზე წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, დოკუმენტაციით, უდავოდ დასტურდება შპს ფირმა ,,მ...ის" მხრიდან საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ განხორციელებული ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს გააჩნდა სხვა რაიმე ვალდებულება სამინისტროს მიმართ, რაც გულისხმობს, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებული ყველა გადახდა ემსახურებოდა სამინისტროს მიმართ არსებულ სახელშეკრულებო ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ყოველი კონკრეტული გადახდის დოკუმენტაციის დანიშნულების ველის იდენტიფიცირების გარეშეც, გამოთვლადია რა თანხა უნდა გადაეხადა მოსარჩელეს და რეალურად რამდენის გადახდა განახორციელა, მათ შორის ვაუჩერების საშუალებით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ იქნება გადახდილი თანხების დანიშნულების ბუნდოვანება. საკითხის ხელახალი შეფასებისას, მოპასუხემ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელე მხარის მთლიანი ვალდებულებისა და ფაქტობრივად შესრულებული ვალდებულების მოცულობა და მოსარჩელის საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარი შესაძლოა დააფუძნოს მხოლოდ ხელშეკრულებითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესით გათვალისწინებულ პირობების ისეთ დარღვევის არსებობას, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება - უძრავი ქონების შემთხვევაში, სრულად გადახდილია საპრივატიზებო საფასურის, სულ მცირე, 80% (მათ შორის, ვადის გადაცილებით)), თუ დაკმაყოფილებულია ამ წესით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, სააგენტო განუსაზღვრავს დაინტერესებულ პირს ვადას დარჩენილი (გადაუხდელი) თანხის გადასახდელად. თანხის დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს საკუთრების უფლების დადასტურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი კარგავს, ამ წესის შესაბამისად, საკუთრების უფლების დადასტურების მოთხოვნის უფლებას. ამ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები ან/და გაწეული დანახარჯები.

ამდენად, ცალსახაა, რომ თუ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები დაადგენდნენ, რომ მოსარჩელე მხარეს არასრულად, მაგრამ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის 153-ე დადგენილებით განსაზღვრული წესითა და მოცულობით ჰქონდა შესრულებული საპრივატიზებო თანხის გადახდისა და სხვა ვალდებულებები, მათ შპს „მ...ისთვის“ უნდა განესაზღვრათ კონკრეტული ვადა დარჩენილი თანხის გადასახდელად. შესაბამისად, ამ ნაწილშიც, საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის შეფასება მართებულად მიაჩნია. რაც შეეხება კონკრეტული ქონების მოძიებასა და იდენტიფიკაციას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 იანვრის №000265523 ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის ჩართულობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმეზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სწორედ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს სადავო საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა და გადაწყვეტა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სახეზე იყო გორში, ...ის გზატკეცილზე მდებარე №..., ქუთაისში, ...ას ქუჩის 1-ლ შესახვევში, № 4ა-ში მდებარე (ნაკვეთი ...) №... და ქუთაისში, ...ოს ქუჩა № 4ა-ს მიმდებარედ (ყოფილი ...ას ქუჩა, შესახვევი 1, № 4ა) არსებულ, № ... საკადასტრო კოდებით აღრიცხულ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ოქტომბრის № 6/58961 აქტის, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 23 მარტის №1-1/151 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები. ხოლო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მითითებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადასტურების საფუძვლიანობა, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და სასამართლოს მითითებების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა