საქმე №ბს-1209(ს-23) 27 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნ...“
გასაჩივრებული დადგენილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს დადგენილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2023 წლის 26 აპრილს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შპს „ნ...-ის“ მიმართ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლით, 374 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენის ფაქტზე.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის დადგენილებით შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შპს „ნ...-ის“ მიმართ, ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. შპს „ნ...“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 374 მუხლის მე-5 პუნქტით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით. შპს „ნ...“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 374 მუხლის მე-9 პუნქტით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. საბოლოოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, შპს „ნ...-ს“ განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ამოღების ოქმში მითითებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამართალდარღვევის) კონფისკაციით.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის დადგენილება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 374 მუხლის მე-9 პუნქტით სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა შპს „ნ...-მა“. აღნიშნული დადგენილება ასევე გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით შპს ,,ნ...-ის“ საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის №4ა/280-23 დადგენილებაზე დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის №4ა/280-23 დადგენილება. შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შპს ,,ნ...-ის“ მიმართ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 374 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. შპს „ნ...-ს“ დაუბრუნდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მ/ბN531 ამოღების (ჩამორთმევის) ოქმში მითითებული ფარმაცევტული პროდუქტი. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის №4ა/280-23 დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის №4ა/280-23 დადგენილებაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის №4ა/280-23 დადგენილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს დადგენილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (გარდა ამ კანონის 3711 და 3712 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა) ოქმს ადგენს სააგენტო, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმისწარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული დადგენილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს დადგენილების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შპს „ნ...-ისა“ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საჩივრების ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 2023 წლის 4 აგვისტოს და 25 სექტემბრის დადგენილებებით, რომლებიც საბოლოოა და არ საჩივრდება, რის შესახებაც მხარეს განემარტა სადავო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე