Facebook Twitter

№ბს-839(კ-23) 16 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ო-ა; მესამე პირი (სასკ 16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 4 ივლისს გ. ო-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-39.382216716 განკარგულების ბათილად ცნობა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე გ. ო-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2006 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, მდებარე - ქ. რუსთავი, ... დასახლება №9ბ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა, თუმცა 2022 წლის 16 ივნისის №გ-39.382216716 განკარგულებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ უძრავ ნივთზე 2006 წლის მდგომარეობით არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა და არ დასტურდება მიწაზე ზემოქმედების კვალი.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, იყენებს მას წლების განმავლობაში და მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებულია შენობა-ნაგებობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ო-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-39.382216716 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 14 ნოემბერს გ. ო-ამ №... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქალაქ რუსთავში, ... დასახლება №9ბ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. მოსარჩელე მხარემ თანხმობა განაცხადა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 08 თებერვლის №... წერილით, გ. ო-ას განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად, საკითხის შესასწავლად, გადაგზავნილ იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.

კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-39.382216716 განკარგულებით გ. ო-ას უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

სადავო განკარგულების თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის maps.gov.ge-ის 2000 წლის და 2005 წლის ორთოფოტოების მონაცემებით და სადავო პერიოდის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი გარემოებებით, წარდგენილი კონფიგურაციით ობიექტის ფლობა-სარგებლობის ფაქტი არ დასტურდებოდა. მიწაზე არ დასტურდებოდა ზემოქმედების კვალი. არ იყო ნარგავები, არ იყო ფიქსირებული საზღვარი. კომისიის მიერ მოწმეთა განმარტებების შეფასებისას მითითებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018 წ. №ბს-698-698(კ-18) გადაწყვეტილებაზე. კომისიამ აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებების სისწორე არ დასტურდებოდა საქმეზე წარმოდგენილი ორთოფოტოებით.

2022 წლის 15 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავედ. შემოღობილია ნაწილობრივ ლითონის ბადით და მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან გამოყოფილია საბურავების წყობით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და აღნიშნა, რომ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება აღიარებას მიუხედავად იმისა განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 დეკემბრის №... წერილით ირკვეოდა, რომ სადავო ტერიტორიის აეროგადაღება 2006-2007 წლებში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ წლის ორთოფოტო გეგმის ფრაგმენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული არ იყო. ამდენად, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად ორთოფოტოები ვერ იქნებოდა წარდგენილი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით, დგინდებოდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ნაგებობა - არასაცხოვრებელი ფართი 76.4 კვ.მ. საქმის მასალებში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით მოქალაქეები ა. შ-ი და ი. მ-ე ადასტურებდნენ, რომ აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს 2006 წლიდან ფლობდა და მისით სარგებლობდა გ. ო-ა. 2022 წლის 15 აპრილის ადგილზე დათვალიერების აქტში აღნიშნული იყო, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა გ. ო-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. სააპელაციო სასამართლო აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილებით, არ იქნა მითითებული რატომ და რა გარემოებებზე დაყრდნობით იქნა უარყოფილი განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რაც შეეხება ნარგავების არარსებობას, პალატამ მიიჩნია რომ კომისიას უნდა გაეთვალისწინებინა როგორც კლიმატური პირობები, ასევე ის ფაქტი, რომ მსხვილფეხა პირუტყვის სამყოფად არსებულ ტერიტორიაზე მწვანე საფარი, ერთწლოვანი მცენარეები შესაძლებელია არ ყოფილიყო განთავსებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის პოზიციის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2022 წლის 15 აპრილის ადგილის დათვალიერების აქტზე და მიუთითა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სამ საზღვარზე ფიქსირდება მყარი მიჯნა. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ, ადგილის დათვალიერების აქტში არ არის მითითებული, რომ ნაკვეთი სამივე მხრიდან მყარი მიჯნითაა შემოფარგლული, ასევე, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ არც 2000, არც 2005 წლის ორთოფოტოზე და დღეის მდგომარეობით, ფლობა-სარგებლობის კვალი არ დასტურდება, შენობა ჩანს 2017 წლის ფოტოზე, ხოლო ღობე, არც 2017 წლის ორთოფოტოზე არ ჩანს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის „ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტი დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ორთოფოტო, რომელზედაც არ იკვეთება საკადასტრო ნახაზით წარმოდგენილი საზღვრები, სასამართლომ არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად ორთოფოტო, და ადგილის დათვალიერების აქტი, რომელიც საფუძვლად უდევს სადავო აქტის გამოცემას. მაგრამ გაითვალისწინა დაინტერესებული პირის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის ნაკვეთს იყენებს მხოლოდ პირუტყვის განთავსების სივრცედ, რითიც ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-39.382216716 განკარგულებით გ. ო-ასთვის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება და გ. ო-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1).

მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე გ. ო-ა საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიცია განასხვავებს ზოგადად თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) და პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციას, რომელზეც არ არის სავალდებულო შენობის, არსებობა და საკმარისია მხოლოდ დასტურდებოდეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ფლობა, სარგებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2020 წლის 14 ნოემბერს გ. ო-ამ №... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, ... დასახლება №9ბ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. მოსარჩელე მხარემ თანხმობა განაცხადა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე საქმის მასალებით დასტურდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, №... საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავში, ...ზე, მე-... დასახლება 9 ,,ბ“, 2013 წლის 02 აგვისტოს ცნობა-დახასიათებისა და 2013 წლის 26 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2013 წლის 09 სექტემბერს დარეგისტრირდა ფ. ი-ის საკუთრებად, ხოლო 2013 წლის 17 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 20 დეკემბერს დარეგისტრირდა ფ. ი-ის მეუღლის - გ. ო-ას საკუთრებად.

საქმეზე წარმოდგენილ, ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები ა. შ-ი და ი. მ-ე ადასტურებენ, რომ აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს 2006 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს გ. ო-ა.

2022 წლის 15 აპრილის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, მიწის ნაკვეთი მდებარეობს გ. ო-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. შემოღობილია ნაწილობრივ ლითონის ბადით, მომიჯნავისგან გამოყოფილია საბურავების წყობით.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-39.382216716 განკარგულებით გ. ო-ას უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. სადავო განკარგულების თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდის maps.gov.ge-ის 2000 წლის, 2005 წლის ორთოფოტოების მონაცემებით, არც დღეის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი გარემოებებით სალეგალიზაციო ობიექტის ფლობა-სარგებლობის ფაქტი წარდგენილი კონფიგურაციით არ დასტურდება, კერძოდ მიწაზე არ დასტურდება ზემოქმედების კვალი. არ არის ნარგავები და ფიქსირებული საზღვარი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული თუ რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 დეკემბრის №... წერილით ირკვევა, უფლებაასაღიარებელი ტერიტორიის აეროგადაღება 2006-2007 წლებში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ წლის ორთოფოტო გეგმის ფრაგმენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო გეოდეზიურ- კარტოგრაფიულ ფონდში დაცული არ არის. ამდენად, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად ორთოფოტო ვერ იქნებოდა წარდგენილი, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია და არ შეუფასებია.

საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი არსებითად დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ 2000-2005 წლის ორთოფოტოებით არ დასტურდებოდა ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. თუმცა, საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი უნდა დაედასტურებინა 2007 წლის 27 ივლისის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის გამოქვეყნების დროისთვის, და არა 2000 ან 2005 წლის მდოგმარეობით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, არა ის გარემოება, რომ 2007 წელს მას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჰქონდა შენობა, არამედ ის ფაქტი, რომ აღნიშნული პერიოდისთვის იგი/მისი ოჯახი, მიწის ნაკვეთს, როგორც მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ფართს, ფაქტობრივად ფლობდა. აღნიშნულის დასადასტურებლად კი მოსარჩელემ მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები წარადგინა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებების თანახმად, მოქალაქეები ა. შ-ი და ი. მ-ე ადასტურებენ, რომ აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს 2006 წლიდან ფლობს და სარგებლობს გ. ო-ა. ამასთან, საქმეზე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. შემოღობილია ნაწილობრივ ლითონის ბადით, მომიჯნავისგან გამოყოფილია საბურავების წყობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარდგენილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას აღნიშნული გარემოება არ შეუფასებია. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადების გათვალისწინების უსაფუძვლობასა და ამ მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-698-698(კ-18) გადაწყვეტილების მითითების მართებულობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-698-698(კ-18) გადაწყვეტილებით განიმარტა - „საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით აღნიშნული წესის მიზნებისათვის ერთმანეთისაგან გამიჯნულია მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მოწმის ჩვენების ცნებები, კერძოდ, ზემოაღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს მიწის თვითნებურად დაკავებას მიწის ნაკვეთით სარგებლობის სხვადასხვა გარემოებების ობიექტურად დადასტურების გზით მაშინ, როდესაც მოწმის ჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად კანონი მხოლოდ მოწმის ჩვენების წარდგენის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმეთა მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული სუბიექტური ხასიათის განცხადებაა, რომელსაც გააჩნია მტკიცებითი ძალა, თუმცა არა იმ დოზით, რა დოზითაც - მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს“... „ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება) იძლევა შესაძლებლობას, ობიექტურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა, კერძოდ, დადგინდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და შემოწმდეს მისი განვითარებულობა მასზე კონკრეტული შენობა-ნაგებობის არსებობა-არარსებობის გარკვევით. ამგვარი ტექნოლოგიური საშუალებები გამორიცხავს მოწმის ჩვენებით იმ გარემოების დადგენის საჭიროებას, რაც კონკრეტული, ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება“. თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული განმარტება ეხებოდა მიწის ნაკვეთზე, 2007 წლის მდგომარეობით შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტის დადასტურებას, რისთვისაც მიწის ნაკვეთის ორთოფოტოს განსაკუთრებულად მაღალი მტკიცების ძალა აქვს, თუმცა განსახილველი საქმისათვის რელევანტური არ არის მითითებული გარემოება, რადგან გ. ო-ას მტკიცების საგანს, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობა არ წარმოადგენდა. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად, აღნიშნული მიწის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ მდებარეობასა და მის ფაქტობრივად ფლობას უთითებდა.

ამასთან, მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებასა და ორთოფოტოთი დადგენილ ფაქტობრივ მდგომარეობას შორის წინააღმდეგობის არსებობის პირობებში, უპირატესობა სწორედ ორთოფოტოთი განსაზღვრულ მოცემულობას უნდა მიენიჭოს, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულებით ასახული მდგომარეობა ობიექტურად დადასტურებულია. აღნიშნული კი შესაძლოა გაქარწყლდეს, ან მისი მართებულობა ეჭქვეშ დადგეს არა სუბიექტური ინფორმაციის შემცველი მოწმის ჩვენებით, არამედ მხოლოდ იმავე მტკიცებითი ძალის, ობიექტური გარემოებების ამსახველი მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებსა და ორთოფოტოს მონაცემებს შორის არ დგინდება წინააღმდეგობა, რამდენადაც, საქმეზე საერთოდ არ არის წარმოდგენილი და არ დასტურდება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ორთოფოტოების არსებობა 2006-2007 წლების მდგომარეობით, ანუ იმ პერიოდისთვის, საიდანაც მოწმეები მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტზე უთითებენ და როდესაც ამოქმედდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძვლები წარმოეშვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა