Facebook Twitter

საქმე №ბს-39(კ-19) 27 ნოემბერი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა(ა)იპ ს...ის (ყოფილი საფირმო სახელწოდება: ა(ა)იპ ...ი (...)) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა(ა)იპ ...მა (...) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის 2015 წლის 3, 4, 7, 8, 11, 14 და 15 დეკემბერს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაცემის დავალება და ამავე საბჭოს 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის („მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე“) ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ა(ა)იპ ...მა (...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან 08.12.2015წ. განცხადებით მოითხოვა 2015 წლის დეკემბერში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. აღნიშნული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ეთქვა უარი, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე. მოსარჩელის მოსაზრებით საბჭოს უარი ინფორმაციის გაცემაზე ეწინააღმდეგება სზაკ-ის მე-3 თავით გარანტირებულ ინფორმაციის თავისუფლებას.

მოსარჩელემ მიუთითა სზაკ-ის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად „თანამდებობის პირში“ იგულისხმება მოსამართლე, ამდენად, მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემები არის ღია საჯარო ინფორმაცია, შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება არ წარმოადგენს სხდომის საჯაროობიდან გამონაკლის შემთხვევას, რაც გათვალისწინებულია სზაკ-ის 28-ე მუხლით. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი აუდიო-, ვიდეო ჩანაწერების ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თავად საბჭოს გადაწყვეტილებით, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 25.09.2007წ. №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-111 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს საჯარო სხდომის აუდიო-, ვიდეოჩანაწერის დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა. 2015 წლის დეკემბერში მოსამართლეობის ყველა კანდიდატთან გასაუბრება ჩატარდა ღია სხდომაზე, დამკვირებლებს მიეცათ დასწრების შესაძლებლობა, ასევე საბჭოს სხდომების ღიაობას ადასტურებს მედიაში გავრცელებული სხდომის კადრები. გასაჯაროებული ფაქტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესი და საფუძველი აღარ არსებობს, ამდენად, საბჭოს უარი აუდიო-, ვიდეო ჩანაწერების გაცემაზე ლეგიტიმური არ არის. ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 41.1 მუხლით. მოთხოვნილ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლში ჩარევას. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. გასაჩივრებული აქტის კანონიერება, რომელიც ზღუდავს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ღიაობას, შეიძლება შეფასდეს სზაკ-ის მე-3 თავთან მიმართებით, რადგან სხდომათა საჯაროობის სზაკ-ით დადგენილი სტანდარტი სრულად ვრცელდება საბჭოს საქმიანობაზე. „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება სზაკ-ის 32-ე მუხლს, შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ბათილად უნდა იქნას ცნობილი. მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის ღიად და გამჭირვალედ წარმართვა და გასაუბრებაზე დასწრების შესაძლებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.06.2016წ. განჩინებით, საქმის წარმოება შეწყდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. №1//308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა(ა)იპ „...ის“ (...) მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2016წ. განჩინებით, ა(ა)იპ ...ის (...) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.06.2016წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.07.2017წ. გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ის“ (...) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 3, 4, 7, 8 11, 14 და 15 დეკემბრის მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მიწოდების თაობაზე, არ მიეკუთვნება ღია საჯარო ინფორმაციას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელებაზე სრულიად კანონიერია. როგორც წესი, საბჭოს სხდომები ღიაა, თუმცა ეს არ არის უნივერსალური წესი და კანონმდებლობით შესაძლებელია არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევებიც. კანონმდებლის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის, მათ შორის, სხდომების ორგანიზების უფლების მინიჭება წარმოადგენს კანონიერად დელეგირებულ უფლებამოსილებას, ხოლო კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომები შეიძლება იყოს დახურულიც, შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხდომების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლეობის კანდიდატებთან დახურულ სხდომაზე გასაუბრების შესახებ გამომდინარეობს ამ სხდომებზე განსახილველი საკითხების სპეციფიკურობიდან და კანდიდატების სტატუსის თავისებურებიდან, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მოსამართლეობის კანდიდატების პერსონალური მონაცემების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. მოსამართლესთან მიმართებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის ცნება და მათი ურთიერთმიმართება, ვინაიდან აღნიშნული უშუალოდ უკავშირდება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე, მართლმსაჯულების მიმართ ნდობის უზრუნველყოფის საკითხს. განსაკუთრებული საჯარო ინტერესით უნდა აიხსნას კანონმდებლის დამოკიდებულება, მაგ. მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების მიმართ, რომელიც კონფიდენციალურია. ამავე სამართლებრივ ლოგიკაში უნდა განიმარტოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დახურულ სხდომებზე გასაუბრების ლეგიტიმური ინტერესიც. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 3, 4, 7, 8 11, 14 და 15 დეკემბრის მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებები ჩატარდა დახურულ სხდომებზე. ცალკეულ შემთხვევებში მიღებული გადაწყვეტილებები ამ სხდომებზე დამკვირვებლების დასწრების თაობაზე არ ცვლის მითითებული სხდომების სტატუსს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სხდომებზე დამკვირვებლების დასწრების თაობაზე მიღებულ იქნა მხოლოდ მოცემულ მომენტში აღნიშნული პროცესის მიმართ არსებული განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რაზეც გასაუბრებაში მონაწილე კონკრეტულმა კანდიდატებმაც განაცხადეს თანხმობა, შესაბამისად, სხდომების ჩატარება განხორციელდა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის, კანონით დადგენილი წესის და პირობების აბსოლუტური დაცვით. ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტით მოსამართლის კანდიდატების გასაუბრების მიზნით ჩატარებული სხდომები არის დახურული, მოთხოვნა ასეთი სხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროვების თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი და ფორმალურ-სამართლებრივი კანონიერება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. გადაწყვეტილება „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ დამტკიცების თაობაზე, მათ შორის აღნიშნული „წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტი, მიღებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის დაცვით და მის საფუძველზე, ამასთან, მოსამართლეთა კანდიდატების გასაუბრების მიზნით სხდომების დახურვის თაობაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილ სტანდარტებს, რაც თავის მხრივ, გამომდინარეობს ამ კანონით, ასევე ზოგადად, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი საჯარო ინტერესიდან. საბჭოს სხდომის კანონის დარღვევით ჩატარების შესახებ მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული არსებითი ზიანის მომტანი იქნება, როგორც კონკურსში მონაწილე თითოეული პირის კერძო ინტერესებისთვის, ისე იმ საჯარო ინტერესისთვის, რაც კანდიდატების მიმართ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. მოსარჩელე ასევე ვერ ადასტურებს მისთვის გასაჩივრებული აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.07.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ „...ის“ (...) მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. განჩინებით ა(ა)იპ „...ის“ (...) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომები ღიაა, თუ შესაბამისი წესით არ მიიღება გადაწყვეტილება მათი დახურვის თაობაზე, ამასთან, სხდომების დახურვა დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, მიეკუთვნება თუ არა ამ სხდომებზე განსახილველი საკითხები დახურულ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დაცული უნდა იქნეს გამხელისაგან. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრება ტარდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე. ვინაიდან კანონმდებლის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის, მათ შორის, სხდომების ორგანიზების უფლების მინიჭება წარმოადგენს კანონიერად დელეგირებულ უფლებამოსილებას, ხოლო კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომები შეიძლება იყოს დახურულიც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხდომების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, მიემართებოდა მოსამართლეობის კანდიდატების პერსონალური მონაცემების დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის საჯარო ინტერესი, რომელიც უკავშირდება ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელებას და მართლმსაჯულების განმახორციელებელი სუბიექტების - მოსამართლის სტატუსს. სხდომების ჩატარება განხორციელდა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის, კანონით დადგენილი წესის და პირობების აბსოლუტური დაცვით, ამასთან, ის გარემოება, რომ გასაუბრების დროს მოსამართლეობის კანდიდატმა თანხმობა განაცხადა მის გასაუბრებაზე დასწრებოდნენ კონკრეტული დამკვირვებლები, არ ნიშნავს იმას, რომ მისი სურვილი იყო მასთან გასაუბრების შედეგები საჯარო ყოფილიყო მთელი საზოგადოების მიმართ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტით მოსამართლის კანდიდატების გასაუბრების მიზნით ჩატარებული სხდომები არის დახურული, შესაბამისად მოთხოვნა ასეთი სხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროვების თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილება „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ დამტკიცების თაობაზე, მათ შორის აღნიშნული „წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტი, მიღებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის დაცვით და მის საფუძველზე, ამასთან, მოსამართლეთა კანდიდატების გასაუბრების მიზნით სხდომების დახურვის თაობაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეესაბამება სზაკ-ის მე-3 თავით დადგენილ სტანდარტებს. მოსარჩელე ვერ ადასტურებს გასაჩივრებული აქტით მისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა მოსართლეობის კანდიდატების პერსონალური მონაცემების გასაჯაროვების საკითხი, არამედ სადავო ადმინისტრაციული აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მოსამართლეობის კანდიდატებთან დახურულ სხდომაზე ჩატარებული გასაუბრების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერის ხელმისაწვდომობის ვალდებულების არსებობა. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ცალსახად ადგენდა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან კონკურსის ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. იგივეს ადგენდა ასევე 04.12.2009წ. მიღებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თავდაპირველი რედაქციაც. ამდენად, გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი სწორედ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებდა უფლებას და სამართლებრივ შესაძლებლობას თვითონვე, თავისი გადაწყვეტილებით განესაზღვრა მოსამართლეობის კანდიდატებთან კონკურსის ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, შესაბამისად, ორგანული კანონის ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება ჰქონდა 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილებით დაემტკიცებინა „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“, რომლის მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სრულ შესაბამისობაშია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის, როგორც სადავო პერიოდში მოქმედ, ასევე დღეს მოქმედ რედაქციასთან, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ „...ის“ (...) მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სზაკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, „თანამდებობის პირში“ იგულისხმება მოსამართლეც, შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემები წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას საერთოდ არ შეიცავს, ასევე სასამართლოს მსჯელობა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლება) შესაბამისი დებულებების ანალიზი ზედაპირულია და საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების გადაწყვეტისთვის არ არის საკმარისად დასაბუთებული.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას საბჭოს სხდომების დახურვის საკითხი არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არის განსაზღვრული, სხდომის დახურვაზე მითითებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება შეიცავს, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე კანონს არ წარმოადგენს და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია. სხდომის დახურვისთვის სზაკ-ით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები ვერ მოექცევა. სზაკ-ის მე-10 მუხლი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის საქვეყნოობას და აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ნებისმიერი პირისთვის გაცემა, გარდა კანონმდებლობით ამომწურავად განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის არც ერთი სამართლებრივი საფუძველი. 2015 წლის დეკემბერში მოსამართლეობის ყველა კანდიდატთან გასაუბრება ჩატარდა ღია სხდომაზე და დამკვირვებლებს მიეცათ დასწრების შესაძლებლობა. საბჭოს სხდომების ღიაობას ადასტურებს მედიაში გავრცელებული სხდომის კადრები, საბჭოს სარეგისტრაციო ჟურნალი, სადაც სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობაა აღნიშნული. გასაჯაროვებული ფაქტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესი და საფუძველი აღარ არსებობს, ამდენად საბჭოს უარი აუდიო, ვიდეო ჩანაწერების გაცემაზე ლეგიტიმური არ არის. ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით. მოთხოვნილ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლში ჩარევას.

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. სზაკ-ის 32-ე მუხლის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისად, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომების საჯაროობიდან კანონით დადგენილ გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც საქმე ეხება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცვას. მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემები წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას და მათთან გასაუბრებისას სხდომის დახურვა ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.

კასატორმა აღნიშნა, რომ ...ი (...) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად აკვირდება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ვინაიდან მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, მნიშვნელოვანია, ის ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს და მოსარჩელეს ჰქონდეს გასაუბრებებზე დასწრებისა და პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა. სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით. გარდა ამისა, სზაკ-ის 32-ე მუხლით გარანტირებული სხდომათა საჯაროობა უზრუნველყოფს ყველა ადამიანის უფლებას დაესწროს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომას, თუ საქმე არ ეხება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას, შესაბამისად „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერი ზღუდავს მოსარჩელის შესაძლებლობას ისარგებლოს კონსტიტუციითა და სზაკ-ით გარანტირებული უფლებებით და ამით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით ა(ა)იპ „...ს“ (...) შეეცვალა საფირმო სახელწოდება „ს...ით“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ს...ის (ყოფილი საფირმო სახელწოდება: ა(ა)იპ ...ი (...)) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით (ძვ. რედაქციის 41-ე მუხ.) განმტკიცებულია ინფორმაციის თავისუფლება. მითითებული მუხლით დაცული სიკეთეა პირის უფლება მიიღოს ინფორმაცია ოფიციალური ჩანაწერებიდან, ამავდროულად, დადგენილია ამ უფლების შეზღუდვის შემთხვევებიც. აღნიშნული ნორმა ინფორმაციის თავისუფლებას უკავშირდება და ინფორმაციის თავისუფლების კონკრეტულ შემთხვევას - ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაციის მიღების უფლებას იცავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.10.2008წ. გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/406,408 „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, §13). საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხები ასევე დარეგულირებულია სზაკ-ით, რომლის 28.1 მუხლიდან გამომდინარე საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაცია ხელმისწავდომია, თუკი მისი გაცემა შეზღუდული არ არის კანონით. ამდენად, ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, რაც საშუალებას იძლევა, სახელმწიფომ კანონის საფუძველზე მოახდინოს მისი შეზღუდვა. სზაკ-ის 44-ე მუხლი თანამდებობის პირისათვის (თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატისათვის) შეიცავს დებულებას, რომლის თანახმად თანამდებობის პირის (კანდიდატის) მონაცემები ღიაა. სზაკ-ი შეიცავს ზოგად რეგულაციას, საერთო რეგულაციასთან შედარებით სპეციალურ სფეროთა რეგულაციის ნორმებს პრიორიტეტული ძალა აქვს, კანდიდატთა მოსმენის ჩატარების სპეციალური წესის დამდგენ ნორმატიულ აქტს ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ 08.12.2015წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და 2015 წლის დეკემბერში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი აუდიო-, ვიდეო ჩანაწერების მიწოდება მოითხოვა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 22.12.2015წ. წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საბჭოს რეგლამენტის მე-111 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აუდიო-, ვიდეოჩანაწერის ხელმისაწვდომობის ვალდებულება, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება საბჭოს დახურულ სხდომაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თავის მხრივ, „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 13.06.2023წ. შეტანილი ცვლილების შედეგად გათვალისწინებული აღარ არის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცების შესაძლებლობა, ორგანული კანონის 35.3 მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად, მოსამართლის კონკურსით დანიშვნისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, მართალია, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატთა კონკურსის პირობებისა და წესის დადგენას, მათ შორის მოსამართლეობის კანდიდატთა სხდომაზე გასაუბრების ფორმის დადგენის უფლებამოსილებას, თუმცა აღნიშნული გარემოება არ წარმოშობს ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24.1 მუხლიდან გამომდინარე, ნორმატიულ აქტს უკუძალა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ამავე ნორმატიული აქტით პირდაპირ არის დადგენილი. ზემოთ მითითებული 13.06.2023წ. ცვლილება რაიმე დათქმას უკუძალასთან დაკავშირებით არ შეიცავს. საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და მისი გაუქმების პერიოდით, იგი არ გამოიყენება იმ ფაქტის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის გამოცემამდე და იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. ამდენად, მიუხედავად კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებისა, აღნიშნული არ წარმოშობს სადავო ნორმის („მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127.2 მუხ.) მოქმედების პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის 3, 4, 7, 8, 11, 14 და 15 დეკემბერს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაცემის დავალების საფუძველს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელეს სრულად არ შეზღუდვია წვდომა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მიზნით 2015 წლის დეკემბერში ჩატარებულ სხდომებზე. სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო პერიოდში დამკვირებლებს მიეცათ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მიზნით საბჭოს სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამკვირvებლების დასწრების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა აღნიშნული პროცესის მიმართ არსებული განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გასაუბრებაში მონაწილე კონკრეტული კანდიდატების თანხმობის გათვალისწინებით, შესაბამისად, სხდომები ჩატარდა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის, კანონით დადგენილი წესის და პირობების დაცვით. მოსამართლეობის კანდიდატებმა თანხმობა განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხოლოდ გასაუბრების პროცესზე დასწრებაზე და არა გასაუბრების პროცესის ამსახველი მთელი მასალის რაიმე ფორმით გავრცელება-გასაჯაროებაზე. საბჭოს სხდომაზე გარეშე პირთა დასწრება ხდებოდა კანდიდატთა თანხმობის საფუძველზე, ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში მათ უნდა დაეტოვებინათ სხდომა, ამდენად, არ ჰქონდა ადგილი სხდომის სრულ ღიაობას, სხდომის სტატუსი არ შეცვლილა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 20.4 მუხლიდან გამომდინარე ნორმატიულ აქტში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. მოსამართლეობის კანდიდატებთან საბჭოს დახურულ სხდომაზე გასაუბრება დადგენილი იყო საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით, კერძოდ, „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127.2 მუხლით, რომელიც წესში საბჭოს 24.09.2014წ. №1/86 გადაწყვეტილების საფუძველზე დამატების სახით იქნა შეტანილი (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე საბჭოს 24.09.2014წ. გადაწყვეტილება 26.12.2014წ. გამოქვეყნდა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 31.01.2020წ. №1 დადგენილებით, ნორმატიულ აქტს მიეკუთვნა და დადგენილებად ჩაითვალა საბჭოს 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილება (მუხ. 1, ქვ.პ. „ზ“)). გასაუბრების სტატუსთან, მის ღიაობასთან დაკავშირებით რაიმე სახის ცვლილება აღნიშნულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში სადავო პერიოდში არ შეტანილა, შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის დეკემბერში მოსამართლეობის ყველა კანდიდატთან გასაუბრება საბჭოს გადაწყვეტილებით ჩატარდა ღია სხდომაზე და არ არსებობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობიდან კანონით განსაზღვრული გამონაკლისი, არ არის დასაბუთებული. ამდენად, სახეზე არ არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 25.09.2007წ. №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-111 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღია სხდომის ჩატარების შემთხვევაში საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სხდომის აუდიო-, ვიდეო ჩაწერა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს საჯარო სხდომის აუდიო-, ვიდეო ჩანაწერის დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მახასიათებელი თვისებების გამო ინფორმაცია უნიკალური ობიექტია, შესაბამისად მის შესახებ წარმოქმნილ ურთიერთობებს უნიკალური ხასიათი აქვს. ინფორმაციას, როგორც იდეალურ ნიშანს, შეუძლია მატერიალური მატარებლისაგან დამოუკიდებლად არსებობა, ინფორმაციის ეს თვისება ხაზს უსვამს ინფორმაციის ამბივალენტურ, ორმაგ საწყისს - შინაარსს და ფორმას, რომლებსაც ძალუძს ცალკ-ცალკე არსებობა. ამასთანავე, ის გარემოება, რომ გასაუბრების დროს მოსამართლეობის კანდიდატმა თანხმობა განაცხადა მის გასაუბრებას დასწრებოდნენ კონკრეტული დამკვირვებლები, არ ნიშნავს იმას, რომ კანდიდატის სურვილი იყო მასთან გასაუბრების შედეგები საჯარო ყოფილიყო მთელი საზოგადოებისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხდომაზე დასწრება არ ნიშნავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ფართო გაგებით, რამდენადაც სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ობიექტურად არის შეზღუდული, ზეპირი სიტყვისაგან განსხვავებით აუდიო, ვიდეო ჩანაწერი რჩება, ის განაგრძობს არსებობას, ინფორმაციის სხვა მატერიალურ საშუალებაზე ასახვას შედეგად მოსდევს დროში და სივრცეში შინაარსის დამაგრება, ინფორმაციის დიდი მასივების შენახვა, რაც თავისთავად ითხოვს ასეთი ინფორმაციის მატარებლის დაცულობისადმი მომეტებულ ყურადღებას. სხდომაზე ინფორმაციის გავრცელებას, როგორც წესი, აქვს იმწუთიერი ეფექტი, ხოლო მატერიალურ მატარებელზე ინფორმაციის ასახვა განუსაზღვრელი ვადით ხდება, აღნიშნული ცვლის ინფორმაციის გავრცელების არეალს და აუდიტორიას, ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება არა მხოლოდ სხდომაზე დამსწრე პირთათვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რასაც არც იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა და არც იმ კანდიდატების სურვილი არ იყო, რომლებმაც თანხმობა გამოთქვეს სხდომაზე დამკვირებლების დასწრებაზე. ცნობილია, რომ აუდიოვიზუალური საშუალებები, სხვა საშუალებებთან შედარებით, ბევრად უფრო უშუალო და ძლიერი ზემოქმედების უნარით გამოირჩევა. გასაუბრების დროს მოქმედი კანონმდებლობა კანდიდატებს უქმნიდა გონივრულ მოლოდინს ტრანსპარენტულობის იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მასშტაბის დაცვისა, ფართო პირთა წრისათვის აუდიო-, ვიდეო მასალის ხელმიუწვდომლობისა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომაზე დამკვირვებელთა დასწრების გამო არ დაიშვება ინფორმაციის დაცვა. კანდიდატის გასაუბრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში მისი მნიშვნელობა მცირდება, მაგრამ მთლიანად არ კარგავს სუბიექტურ ღირებულებას, ვინაიდან რეპუტაცია, პატივი და ღირსება, პირადი საიდუმლოება, სხვა არამატერიალური სიკეთე განუყოფელია პიროვნებისაგან, რაც იმჟამად მოქმედი დახურული სხდომის რეჟიმის მოქმედების პირობებში, არ გამორიცხავს შემდგომში ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესაძლებლობას. გასაუბრების დროს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მონაცემების აშკარად ჭარბი მოპოვების დაშვების შესახებ კანდიდატთა ინფორმირება არ მომხდარა, შესაბამისად, არ დასტურდება ასეთ პირობებში მათი გასაუბრებაში მონაწილეობის სურვილიც, გასაუბრების დროს მოქმედი სხდომის ჩატარების წესის გათვალისწინებით, ტრანსპარენტულობის მოქმედი წესისაგან განსხვავებული, გამჭვირვალობის მომეტებული ხარისხი, საბჭოს სხდომის ჩატარების მომენტში, საჭიროებდა კანდიდატების თანხმობას. აღნიშნულს არ ცვლის მედიაში საბჭოს სხდომიდან ცალკეული კადრების გავრცელება, აგრეთვე ერთ-ერთი კანდიდატის, მისი თანხმობით, საბჭოს ვებგვერდზე გასაუბრების პროცედურის ვიდეო მასალის გამოქვეყნება. სხდომის დახურული რეჟიმი იმპერატიული იყო დახურული სხდომის ჩამტარებელი სუბიექტისათვის (საბჭოსათვის) და დისპოზიციური იყო კანდიდატისათვის, შეიძლება ითქვას, რომ იმჟამად ნორმატიულად დადგენილი საბჭოს სხდომის დახურული რეჟიმი ითვალისწინებდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, პირის (კონკურსში მონაწილე კანდიდატის) თანხმობის გარეშე მესამე პირებისათვის აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გადაცემის აკრძალვას, კანდიდატის უფლებას დამოუკიდებლად გადაეწყვიტა ინფორმაციის დაცვის საკითხი, ამასთანავე დახურული სხდომის დროს კანდიდატის თანხმობის არარსებობის პირობებში პრეზიუმირდება თანხმობის არარსებობა. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის, რომ მოსარჩელე მოითხოვს ყველა კანდიდატის მოსმენის აუდიო, ვიდეო ჩანაწერს, მათ შორის იმ კანდიდატების, რომელთაც არ განუცხადებიათ თანხმობა დამკვირვებელთა დასწრებაზე, აგრეთვე იმ კანდიდატების გასაუბრების ჩანაწერებს, რომლებიც არ დაინიშნენ მოსამართლის თანამდებობაზე. ასეთ კანდიდატებთან დაკავშირებით არ დასტურდება, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია უფრო მნიშვნელოვან სიკეთეს წარმოადგენს, ვიდრე კანდიდატის კერძო ინტერესები, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია ინფორმაციის გამოთხოვის მიზნის აშკარად შეუსაბამოა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ 13.06.1997წ. ორგანული კანონის (ძალადაკარგულია 04.12.2009წ. №2257-IIს ორგანული კანონით) 47.3 მუხლის მიხედვით კონკურსის ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მითითებული მუხლის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცდა „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“. 04.12.2009წ. მიღებული იქნა ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომლის 35.3 მუხლი ითვალისწინებდა კონკურსის ჩატარების პირობებისა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრას ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით (თავდაპირველი რედაქცია), 08.12.2017წ. №255-IIს ორგანული კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის ჩატარების პირობების დამტკიცების უფლებამოსილება განისაზღვრა ამავე მუხლის მე-16 პუნქტით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორგანოებისთვის სამართლებრივი ნორმების დამოუკიდებელი გამოცემის, ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ასეთი უფლებამოსილებით აღჭურვილი ნებისმიერი ორგანოს კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ეფექტური საქმიანობის იმპერატივი განაპირობებს ორგანოს აღჭურვას ნორმის დამდგენი უფლებამოსილებებით. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება თავისი არსით არის კანონმდებლის მიერ სამართალშემოქმედების უფლებამოსილების გადაცემა სხვა ორგანოსთვის. ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა, მათ შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმა, წარმოადგენს სამართალშემოქმედებით აქტს. ამდენად, კანონქვემდებარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმები სამართალგამოყენების ანუ აღსრულების მიზანს ემსახურება, რის გამო მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ორგანოს ნორმატიული აქტები გამოიცემა კანონის აღსრულების მიზნით, ანუ ისინი კანონქვემდებარე აქტებია. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონის უზენაესობის პრინციპი ვრცელდება მართვის ორგანოების როგორც მიმდინარე საქმიანობაზე, ისე ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე. კანონქვემდებარე აქტის მთავარი ფუნქცია - საკანონმდებლო აქტის ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფაა (სუსგ 25.05.2017წ. საქმე №ბს-815-807(კ-16)).

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის თანახმად სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს, რომ საქმე განხილული იქნას „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს“ მიერ, რომელიც „შექმნილია კანონის საფუძველზე“. მითითებული მუხლის მიზნებისთვის „სასამართლოს“ ცნების მთავარი მახასიათებელია მის მიერ მავალდებულებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლის შეცვლა არ შეიძლება არასასამართლო ორგანოების მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 25.02.1997წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ფინდლი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“, §77). ყველა პირს აქვს უფლება მისი საქმე სამართლიანად და საჯაროდ გაარჩიოს კანონის საფუძველზე შექმნილმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ („სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხ.). მითითებული მუხლიდან გამომდინარე სასამართლო ყველა შემთხვევაში უნდა იყოს „შექმნილი კანონის საფუძველზე“. აღნიშნული დათქმა ასახავს სამართლის უზენაესობის პრინციპს, რომელიც წარმოადგენს კონვენციითა და მისი ოქმებით დადგენილი დაცვის სისტემის განუყოფელ ნაწილს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: „იორგიჩი გერმანიის წინააღმდეგ“, §64; „რიჰერტი პოლონეთის წინააღმდეგ“, §41). ორგანო, რომელიც არ არის შექმნილი კანონის საფუძველზე, მოკლებულია დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელ ლეგიტიმურობას ინდივიდუალური საჩივრების განსახილველად („ლავენტსი ლატვიის წინააღმდეგ“, §114; „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, §67; „კონტალექსისი საბერძნეთის წინააღმდეგ“, §38). „კანონი“, ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის გაგებით, ძირითადად მოიცავს კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს სასამართლო ორგანოების შექმნასა და კომპეტენციას („ლავენტსი ლატვიის წინააღმდეგ“, §114; „რიჰერტი პოლონეთის წინააღმდეგ“, §41; „იორგიჩი გერმანიის წინააღმდეგ“, §64), ასევე ეროვნული კანონმდებლობის ნებისმიერი სხვა დათქმა, რომელიც მისი დარღვევის შემთხვევაში უკანონოდ ხდის ერთი ან რამდენიმე მოსამართლის მონაწილეობას საქმის განხილვაში („გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, §68; „ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, §104). გამოთქმა „შექმნილი კანონის საფუძველზე“ მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს შექმნის სამართლებრივ საფუძველს, არამედ ასევე სასამართლოს შემადგენლობის განსაზღვრას თითოეულ საქმეში („პოსოხოვი რუსეთის წინააღმდეგ“, §39). გაეროს მე-7 კონგრესზე დამტკიცებული სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების თანახმად, პირებს, რომლებიც აირჩევიან სასამართლოს თანამდებობებზე, უნდა გააჩნდეთ მაღალი მორალური თვისებები და უნარები, ასევე სათანადო მომზადება და კვალიფიკაცია სამართლის დარგში. მოსამართლეთა შერჩევის ნებისმიერი მეთოდი უნდა ქმნიდეს გარანტიას იმის თაობაზე, რომ მოსამართლე თანამდებობაზე არ დაინიშნება უკანონო მოტივებით (მე-10 პ.). სასამართლო ხელისუფლება არის ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს სამი ხელისუფლების შტოდან ერთ-ერთი, მისი მისია მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოს სამართლის უზენაესობის არსებობა და ამ მხრივ უზრუნველყოს კანონის სათანადო გამოყენება მიუკერძოებელი, სამართლიანი და ეფექტური გზით, ამასთანავე, გადაწყვეტილება კანდიდატების შერჩევის, დაწინაურების და კარიერის საკითხებთან დაკავშირებით უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს და მიღებული უნდა იქნას იმ ორგანოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე (CCJE-ის მოსამართლეთა დიდი ქარტია, 2010). კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს პრინციპი არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი დეტალურად უნდა არეგულირებდეს სასამართლოს სისტემის საქმიანობის ყველა ასპექტს, თუ საკანონმდებლო ორგანომ დაადგინა მინიმუმ სასამართლოს სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა, მაშინ საქმიანობის დეტალები შეიძლება დარეგულირდეს კანონქვემდებარე აქტებით („ზანდი ავსტრიის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია, 1978, §69-70).

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საგანს შეადგენს იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის („მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127.2 მუხ.) ბათილად ცნობა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე ითვალისწინებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით (ძვ. რედაქცია) გარანტირებულ უფლებას, ასევე ხელყოფს სზაკ-ის მე-3 თავით დადგენილ საჯარო ინფორმაციის თავისუფლებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 06.12.2018წ. განჩინებით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული №1334 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“), №1334 სარჩელის საგანს შეადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და 41-ე მუხლის პირველ პუნქტებთან (ძვ. რედაქცია) მიმართებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია ნორმატიული აქტების კონსტიტუციისადმი შესაბამისობაზე არის განსაკუთრებული და ზუსტად განსაზღვრული, ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან და არა რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტთან მიმართებით ნორმატიული აქტის შესაბამისობის საკითხს. კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმფციიდან და სასამართლოს მხოლოდ კანონისადმი დაქვემდებარების, მისი კანონის ფარგლებით შეზღუდვიდან გამომდინარეობს კანონის კონსტიტუციურობის შესახებ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა სხვა სასამართლო ორგანოების მიერ გადაწყვეტის დაუშვებლობა. ნორმატიული აქტის საერთო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებას ან კანონიერ ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საერთო სასამართლოს მიზანი მდგომარეობს მხარეებს შორის დავის გადაწყვეტაში, ხოლო კონსტიტუციური კონტროლის ძირითად მიზანს შეადგენს კონსტიტუციური მართლწესრიგის დაცვა, საკონსტიტუციო ნორმების დარღვევის აღკვეთა. საერთო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განახორციელოს რაიმე, თუნდაც ნაწილობრივი კონტროლი კანონების კონსტიტუციურობაზე. საერთო სასამართლო ბათილად ცნობს სამართლებრივ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აქტი ეწინააღმდეგება აგრეთვე კანონს. საქმის განხილვის დროისათვის №1334 სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც უკვე აღინიშნა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 13.06.2023წ. შეტანილი ცვლილების შედეგად ორგანული კანონის 35-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ცვლილების შედეგად გათვალისწინებული აღარ არის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცება, მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, მოსამართლის კონკურსით დანიშვნისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს კანდიდატთა საჯარო მოსმენას („საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 341 მუხ.). ამდენად, ხსენებული საკანონმდებლო ნოვაციის შედეგად მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ 127.2 მუხლს იურიდიული ძალა აღარ გააჩნია. საერთო სასამართლო უფლებამოსილია მოახდინოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო აქტისადმი შესაბამისობის შემოწმება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“, შეიცვალა, მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს კანონის საფუძველზე იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატთა კონკურსის პირობებისა და წესის დადგენის შესაძლებლობას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლი ადგენს ნორმატიული აქტის გაუქმების შემთხვევებს. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იურიდიული ძალა არ აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად. 09.10.2009წ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს №1/308 გადაწყვეტილებით „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“ დამტკიცდა კანონის საფუძველზე, კერძოდ, 13.06.1997წ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც კონკურსის ჩატარების პირობებისა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრას ითვალისწინებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მსგავს დათქმას შეიცავდა 04.12.2009წ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე მუხლი ამავე ორგანულ კანონში 13.06.2023წ. განხორციელებულ ცვლილებამდე. როგორც უკვე აღინიშნა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 13.06.2023წ. ცვლილებით ორგანული კანონის 35-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომელიც აღარ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭებას, შესაბამისად, დავის განხილვის დროისთვის აღარ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას საბჭოს დახურულ სხდომაზე გაითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგების თაობაზე მიღებული ნორმა არ შეიცავს მითითებას იმავე ურთიერთობის მომწესრიგებელი მანამდე მოქმედი ნორმის გაუქმების შესახებ, ძველი ნორმა წყვეტს მოქმედებას და შემდგომში წარმოქმნილი ურთიერთობები უფრო გვიან მიღებული ნორმატიული აქტით წესრიგდება. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ აქტს იურიდიული და შესასრულებლად სავალდებულო ძალა აღარ გააჩნია, შესაბამისად, აღარ არსებობს (მოქმედებს) ნორმა, რომლის ბათილად ცნობა წარმოდგენილი სარჩელით იქნა მოთხოვნილი.

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 24.09.2014წ. №1/86 გადაწყვეტილებით ცვლილება იქნა შეტანილი „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ 09.10.2009წ. №1/308 გადაწყვეტილებაში, კერძოდ, წესს დაემატა მე-127 მუხლი (გასაჩივრებული ნორმა), რომლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იქნა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება საბჭოს დახურულ სხდომაზე. მითითებული პერიოდის შემდგომ (საკასაციო საჩივრის წარმოდგენის დროისთვის) საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად განხორციელდა ათეულობით მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, რომელთა ნაწილი გამწესდა მოსამართლედ და შეუდგა სამოსამართლო საქმიანობას, რაც გულისხმობს აღნიშნულ პირთა მიერ მხარეთა შორის სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ აღსასრულებლად სავალდებულო ხასიათს იძენს. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეობის კანდიდატი გასაუბრებისას ფასდება კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით. კასაციის ძირითად მოტივებს გასაუბრების საჯაროობა და გამჭვირვალობა შეადგენს, თუმცა კასატორი მიუთითებს, რომ მას მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა იმ მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებას, რომელთა გასაუბრების ამსახველი აუდიო-, ვიდეო ჩანაწერების გადაცემაა მოთხოვნილი წარმოდგენილი სარჩელით. საკასაციო საჩივარში მითითებული არ არის ისეთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმების დარღვევაზე, როგორიცაა კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. როგორც წესი, სარჩელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე შეიძლება წარდგენილი იქნას იმ პირის მიერ, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა გასაჩივრებული აქტით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აქტის ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სზაკ-ის მე-3 თავით დადგენილ საჯარო ინფორმაციის თავისუფლებას და მან ვერ შეძლო მიეღო მის მიერ საბჭოში წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია. განსახილველი დავის ფარგლებში არ დადასტურდა ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობა, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში აღარ მოქმედებს გასაჩივრებული აქტი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად მისი მოქმედება შეწყვეტილია, შესაბამისად წარმოდგენილი სარჩელით დასაცავი უფლება დღეის მდგომარეობით რეალიზებულია, ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის („წესის“ 127.2 მუხ.) მოქმედების შეწყვეტისა და ინფორმაციის დავალების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის გათვალისწინებით არ დგინდება მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ა(ა)იპ ს...ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ს...ის (ყოფილი საფირმო სახელწოდება: ა(ა)იპ ...ი (...)) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. განჩინება;

3. ა(ა)იპ ს...ს (ყოფილი საფირმო სახელწოდება: ა(ა)იპ ...ი (...), ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.12.2018წ. №1545719984 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. მაკარიძე