Facebook Twitter

№ბს-858(კ-23) 16 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესტიის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირები (სასკ 16.2) - მ. დ-ი, ს. ჭ-ა, რ. ჭ-ა, ს. ჭ-ა და რო. ჭ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 13 მაისს სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ უძრავ ნივთზე მ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილების და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის თაობაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მაისის №09 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის 2018 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებით, 3 285 კვ.მ მიწის ნაკვეთი ამოირიცხა სახელმწიფო ტყის ფონდიდან და დარეგისტრირდა მ. დ-ის საკუთრებად. „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1984 წლის ტყეთმოწყობის მასალებით, აღნიშნული ფართობი წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყით დაფარულ ტერიტორიას.

აღნიშნული რეგისტრაციის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 მაისის №09 ბრძანებით მოხდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა და შედგა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00009 ოქმი. აღნიშნულ წარმოებაში მუნიციპალიტეტის მიერ არ იქნა ჩართული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, მიუხედავად იმისა რომ 1999 წლის 22 ივნისის საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს სახელმწიფო ტყის მართვაზე უფლებამოსილ შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. დ-ი, ხოლო 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით - ს. ჭ-ა, რ. ჭ-ა, ს. ჭ-ა და რო. ჭ-ა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილება მიღებული იყო მ. დ-ის 2018 წლის 02 აპრილს №... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით, რომლითაც ის ითხოვდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას. განცხადებას მ. დ-მა დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი (3 285 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ 28,79 კვ.მ. საცხოვრებელ და 61.5 კვ.მ. დამხმარე შენობა-ნაგებობათა შესახებ).

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 17 აპრილის №45/55472 წერილით დადგინდა, რომ მესტიის რაიონის ...ის საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებში მითითებული იყო მ. დ-ი, როგორც დ. დ-ის კომლის წევრი. კომლის წევრები იყვნენ: დ. დ-ი - ოჯახის უფროსი (გარდაიცვალა); მ. დ-ი - დისშვილი; ე. (გადახაზულია); ს. ჭ-ა - სიძე; რ. ჭ-ა; ს. ჭ-ა და რო. ჭ-ა - დის შვილიშვილები. მესტიის რაიონის ...ის საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით, კომლზე რიცხული მიწის ფართი შენობა-ნაგებობიანად შეადგენდა: 26 575 კვ.მ.-ს. აღნიშნული ფართი მითითებული იყო არქივის ცნობაზე დართულ საკომლო წიგნის ასლში.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ...ის ტერიტორიულ ერთეულში ო. ჭ-ამ 2018 წლის 21 მაისს შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00009 ოქმი რ. ქ-ას, მ. ქ-ას და ლ. ჭ-ას მონაწილეობით. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 21 მაისის №09 ბრძანებით დადგინდა მ. დ-ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ. დ-ის მოთხოვნა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ...ში მდებარე 3 285 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული 2 შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა მ. დ-ის და მისი კომლის წევრების თანასაკუთრება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენდა: 30.05.2011 წ. №AA2011014370-03 საარქივო ცნობა; 17.04.2018 წ. არქივის წერილი; სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 21 მაისის №00009 ოქმი და 2018 წლის 21 მაისის №09 ბრძანება.

სსიპ საჯარო რეესტრიდან 04.11.2022 წ. ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება, ს/კ:..., რეგისტრირებულია მ. დ-ის, ს. ჭ-ას, რ. ჭ-ას, ს. ჭ-ას და რო. ჭ-ას თანასაკუთრებად. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით და მესამე პირთა განმარტებით დგინდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და წინაპართა სასაფლაო. ასევე, მის მომიჯნავედ განთავსებულია საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლი ითვალისწინებს ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის წესს. საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული იყო – 2012 წლის 1 იანვრამდე.

სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 23 აპრილს მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და 2018 წლის 23 აპრილს მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას, გადაუგზავნა მ. დ-ის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება მოითხოვა. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ...ის ტერიტორიულ ერთეულში ო. ჭ-ამ 2018 წლის 21 მაისს შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00009 ოქმი რ. ქ-ას, მ. ქ-ას და ლ. ჭ-ას მონაწილეობით. ოქმის თანახმად, დათვალიერების მონაწილე პირებმა აღნიშნეს, რომ ეთანხმებდონენ მ. დ-ის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზის და დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობას და არ გააჩნდათ რაიმე სახის შენიშვნები.

სააპელაციო პალატის შეფასებით, „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს №2199 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1984 წლის ტყეთმოწყობის მასალებით სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა მ. დ-მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, განაცხადა თანხმობა კორექტირების შესახებ, რასაც შედეგად მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოყვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის პოზიციის თანახმად, როდესაც ხდებოდა სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირება, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აუცილებლად უნდა ყოფილიყო ინფორმირებული და უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა წარმოედგინა ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.

სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები შესაბამისობაშია (იდენტურია) მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან. სასამართლო მართალია იშველიებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლს და აღნიშნავს, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შემდეგ უნდა მიიღოს ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, მაგრამ ამავე დროს საერთოდ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ეს მიწა ხვდებოდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში და იდენტურობის დადგენისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ვალდებული იყო განესაზღვრა რამდენად შეიძლებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი ყოფილიყო სწორედ სადავო მიწის ნაკვეთი, შეიძლებოდა თუ არა 1984 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო ტყის ფართობი ოდესმე გადაცემოდა მოქალაქეს საკუთრებაში.

სასამართლო არასწორად განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გადასაწყვეტად ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია გამოითხოვა და სრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იქნა უზრუნველყოფილი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს პირდაპირი ინტერესი, რომ ჩართულიყო პროცესში და შესაძლებლობა ჰქონოდა საკუთარი აზრი და პოზიცია დაეფიქსირებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილების, უძრავ ნივთზე მ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მაისის №09 ბრძანების, მ. დ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და ფაქტობრივად არსებული, საკადასტრო აგეგმვით აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის თაობაზე, კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 02 აპრილს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მ. დ-მა და უძრავ ნივთზე, მდებარე - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას ერთოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

2018 წლის 10 აპრილს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 10 აპრილს №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია მესტიის არქივიდან დაინტერესებულ პირზე რიცხული ქონების შესახებ.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 17 აპრილის №45/55472 წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, შემდეგი: მესტიის რაიონის ...ის საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებში მითითებულია მ. დ-ი, როგორც დ. დ-ის კომლის წევრი. კომლის წევრები არიან: დ. დ-ი - ოჯახის უფროსი (გარდაიცვალა); მ. დ-ი - დისშვილი; ე. (გადახაზულია); ს. ჭ-ა - სიძე; რ. ჭ-ა; ს. ჭ-ა და რო. ჭ-ა - დის შვილიშვილები. მესტიის რაიონის ...ის საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით, კომლზე რიცხული მიწის ფართი შენობა-ნაგებობიანად შეადგენს: 26 575 კვ.მ.-ს. აღნიშნული ფართი მითითებულია არქივის ცნობაზე დართულ საკომლო წიგნის ასლში.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის განმარტებებს და მათ საწინააღმდეგოდ, მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის წესს. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №2199 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1984 წლის ტყეთმოწყობის მასალებით, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა მესამე პირმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და განაცხადა თანხმობა კორექტირების შესახებ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, არის მესტიის რაიონის ...ის საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერები, რომელიც გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ დაცულ იქნა კანონის მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ტყის ფონდის საზღვრებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები - 05.05.2022 წ. №ბს-1158(კ-21); 11.05.2023 წ. №ბს-1245(კ-22).

სადავო - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მაისის №09 ბრძანების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მაისის №09 ბრძანების კანონიერების თაობაზე. მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა მოხდა საქართველოს კანონმდებლობის პროცედურული და მატერიალური ნორმების დაცვით, ადგილზე დათვალიერებითა და შესაბამისი პირების ჩართულობით. კასატორს, სადავო აქტის უკანონობის თაობაზე რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც მიუთითებდა არსებით პროცედურულ დარღვევაზე ან გამორიცხავდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის სისწორეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) 17.08.2023 წ. №19753 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინება;

3. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.08.2023 წ. №19753 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა