საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1156(კს-23) 22 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ის“ უფლებამონაცვლე სს „...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2017 წლის 11 დეკემბერს შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 27 სექტემბრის №კ/რ-1425-127 რევიზიის აქტისა და 2017 წლის 14 ნოემბრის №02/71084 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბრის №02/71084 გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 27 სექტემბრის №კ/რ-1425-127 რევიზიის აქტი და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 23 სექტემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე, შესაბამისად მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 24 სექტემბერს, ხოლო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 24 ოქტომბერს, რაც დასტურდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის მიერ სააპელაციო საჩივარზე დასმული ბეჭდით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და განხილვის დავალება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შესაბამის უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 2023 წლის 16 ოქტომბერს, რაც დასტურდება აღნიშნული პირის ხელმოწერით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის წარდგენისთვის განსაზღვრული 12-დღიანი ვადის დენა (რომელიც მხარისთვის განმარტებულ იქნა ჩაბარებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით) 2023 წლის 17 ოქტომბრიდან დაიწყო და არასამუშაო დღეების (შაბათ-კვირის) გათვალისწინებით 2023 წლის 30 ოქტომბერს (ორშაბათი) ამოიწურა. კერძო საჩივარი კი სააგენტომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოს ფოსტის მეშვეობით წარმოუდგინა 2023 წლის 3 ნოემბერს, თავად საქართველოს ფოსტის კონვერტზე დაფიქსირებულ თარიღს კი წარმოადგენს 2023 წლის 2 ნოემბერი. ამდენად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ კერძო საჩივარი წარმოდგენილ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული 12-დღიანი ვადის დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე და 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. აბუსერიძე
გ. მაკარიძე