საქმე №ბს-873(2კ-23) 16 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 12 ივლისს დ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი აწ გარდაცვლილი ბებია, ნ. ფ-ა იყო იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი აფხაზეთიდან. დ. ჯ-ას მამა, ს. ჯ-ა გარდაიცვალა 2006 წლის 21 სექტემბერს. ნ. ფ-ა კი გარდაიცვალა 2020 წლის 12 სექტემბერს.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის მიხედვით, ნ. ფ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში ერთოთახიანი ბინა; 2019 წლის 19 ოქტომბრის №96 მიღება-ჩაბარების აქტით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის’’ ფარგლებში გადასცა, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირმა - დევნილმა, ნ. ფ-ამ, ჩაიბარა ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., კორპუსი ..., ბლოკი ..., სართული ..., ბინა ...-ში მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი.
მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ 2020 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №219 განკარგულებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთები უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცათ დანართში მითითებულ პირებს. ამასთან, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 25 თებერვლის №03-1757 მოხსენებითი ბარათის მიხედვით, დ. ჯ-ას ბებიას ნ. ფ-ას საცხოვრებელი ფართი გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია ნ. ფ-ას მიერ და მასვე აქვს გადაცემული ბინის გასაღები. თუმცა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ გარდაცვალების გამო ნ. ფ-ამ გადაცემული ბინის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება ვერ მოასწრო.
2021 წლის 31 მაისს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით მიმართა ე. ბ-ემ (მოსარჩელის წარმომადგენელმა) და განმარტა, რომ 2020 წლის 12 სექტემბერს გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი ნ. ფ-ა, რომელსაც ბინა ჰქონდა მიღებული, თუმცა, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ მოასწრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა ნ. ფ-ასათვის გადაცემული ფართი დარეგისტრირებულიყო მის ერთადერთ მემკვიდრეზე, დ. ჯ-აზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 ივნისის №03/10300 წერილით დ. ჯ-ას წარმომადგენელს განემარტა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. N..., კორპუსი ..., ბლოკი ..., სართული ..., ბინა ..., წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მასზე მემკვიდრეობის უფლება ვერ გავრცელდებოდა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 ივნისის №03/1030 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დანაშთი უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., კორპუსი ..., ბლოკი ..., სართული ..., ბინა ..., აწ გარდაცვლილი ნ. ფ-ას შვილიშვილსთვის დ. ჯ-ასთვის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნენ ე. ბ-ე, მ. ა-ი, ზ. მ-ი, ი. მ-ი და ა. მ-ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 ივნისის №03/10300 გადაწყვეტილება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა აწ გარდაცვლილი ნ. ფ-ას დანაშთი ქონება, შვილიშვილი დ. ჯ-ასთვის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრისათვის, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., კორპუსი ..., ბლოკი ..., სართული ..., ბინა ....
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-63 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს. მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი. მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების სააგენტოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის აქტი ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 დეკემბრის №4/74496 წერილით, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №4/59514 წერილი და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება წარმოადგინოს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მთავრობის განკარგულების საფუძველზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ასევე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების მიზნით იძულებით გადადგილებულ პირებთან ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების გაფორმებისას და სააგენტოს სახელით ხელს მოაწერს შესაბამის ხელშეკრულებას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნების ლეგალური დეფინიციით, ადმინისტრაციული გარიგების ერთ-ერთი სავალდებულო მხარეა ადმინისტრაციული ორგანო. ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ვერ იმოქმედებს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი კერძო ავტონომიის თავისუფლებით, რამდენადაც მისი საქმიანობა მიმართულია საჯარო უფლებამოსილებების განსახორციელებლად და მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის მიხედვით, ნ. ფ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) გადაეცა ქ. თბილისში ერთოთახიანი ბინა. ამასთან, 2019 წლის 19 ოქტომბრის №96 მიღება-ჩაბარებით, სსიპ სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის’’ ფარგლებში გადასცა, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირმა - დევნილმა ნ. ფ-ამ ჩაიბარა ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., კორპუსი ..., ბლოკი ..., სართული ..., ბინა ...-ში მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი. დ. ჯ-ა კი წარმოადგენს 2020 წლის 12 სექტემბერს გარდაცვლილი ნ. ფ-ას პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს-შვილიშვილს. ასევე, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებადაა მიჩნეული ის ფაქტი, რომ 2020 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №2019 განკარგულებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთები უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცათ დანართში მითითებულ პირებს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 25 თებერვლის №03-1757 მოხსენებითი ბარათის მიხედვით, დ. ჯ-ას ბებიას, ნ. ფ-ას, საცხოვრებელი ფართი გადაცემული აქვს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია ნ. ფ-ას მიერ და მასვე გადაცემული აქვს ბინის გასაღები.
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1330-ე მუხლის საფუძველზე, არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სამკვიდრო მასაში არ შესულა, რადგან ეს ქონებრივი უფლება წარამოადგენს მხოლოდ პირადი ხასიათის უფლებას და იგი მარტოოდენ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს. სასამართლომ განმარტა, რომ უძრავო ქონება, მოსარჩელის მამკვიდრებელს გადაეცა არა მისი სიცოცხლის პერიოდში, ან რაიმე პირობის დადგომამდე, არამედ მან აღნიშნული ქონება საკუთრებაში მიიღო უსასყიდლოდ. შესაბამისად, იგი შევიდა მამკვიდრებლის ნ. ფ-ას სამკვიდრო მასაში. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საქმეში წარმოდგენილ ფაქტებზე სწორი სამართლებრივი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილება მიიღეს ფაქტობრივი გარემოების შეფასების გარეშე, რაც სრულიად უკანონოა. კასატორი თვლის, რომ სასამართლოები ფორმალურად მიუდგენენ განსახილველ საკითხს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობით დაკისრებულ მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლას და მხოლოდ ამის შემდგომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. სააგენტომ გამოიჩინა კეთილი ნება და ნგრევად ობიექტში მცხოვრებ ერთ სულიან დევნილ ოჯახს მისცა შესაძლებლობა მისთვის გადასაცემი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით იმაზე ადრე ესარგებლა, ვიდრე სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის ფორმალური საკითხი მოგვარდებოდა. სააგენტომ არ დაუშვა, რომ ნ. ფ-ას სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა მითითებული პროცედურების დასრულებამდე ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი საინფორმაციო ხასიათისაა, რომლითაც მხარეს მხოლოდ ეცნობა, რომ შესაბამისი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.
კასატორი სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. კასატორი მიუთითებს, რომ ნ. ფ-ას მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის, ბრძანების და საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემა არ არის აუცილებელი, საკმარისი და სავალდებულო პირობა საკუთრების წარმოსაშობად.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ოქტომბრის №2019 განკარგულებით დანართით გათვალისწინებულ პირებს, მათ შორის, ნ. ფ-ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ უძრავი ქონება. კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დასრულებულად მიჩნევისათვის აუცილებელია ყველა პროცედურის ზედმიწევნით დაცვა, რაც სახეზე არ არის.
კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №ბს-234-232(კ-17) 08.06.2017წ), რომლის თანახმად "საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეული კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს ნივთზე საკუთრების უფლება წარმოეშობა საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შემდეგ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.ყ-ასთვის ქუთაისში, ...№3-ში მდებარე ბინა №9-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება დასრულებული არ იყო, შესაბამისად იგი აღრიცხულიც არ იყო საჯარო რეესტრში". გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის №1341(კ-18) და 2017 წლის 8 ივნისის №ბს-234-232(კ-17) განჩინებებისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 ივნისის №03/10300 გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 ოქმის მიხედვით, ნ. ფ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) გადაეცა ქ. თბილისში ერთ ოთახიანი ბინა.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის საფუძველზე (ოქმი №39) ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის ოჯახი დანართის შესაბამისად.
ამასთან, 2019 წლის 19 ოქტომბრის №96 მიღება-ჩაბარების აქტით, სსიპ სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის’’ ფარგლებში გადასცა, ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა - დევნილმა ნ. ფ-ამ ჩაიბარა ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., კორპუსი ..., ბლოკი ..., სართული ..., ბინა ...-ში მდებარე ერთ ოთახიანი საცხოვრებელი ფართი.
დადგენილია, რომ დ. ჯ-ა წარმოადგენს 2020 წლის 12 სექტემბერს გარდაცვლილი ნ. ფ-ას პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს-შვილიშვილს.
ასევე უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2020 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №2019 განკარგულებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთები უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცათ დანართში მითითებულ პირებს.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 25 თებერვლის №03-1757 მოხსენებითი ბარათის მიხედვით, დ. ჯ-ას ბებიას, ნ. ფ-ას, საცხოვრებელი ფართი გადაცემული აქვს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია ნ. ფ-ას მიერ და მასვე გადაცემული აქვს ბინის გასაღები. ამასთან, ელექტრო ენერგიის მოხმარების შესახებ აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, ნ. ფ-ა არის აბონენტად აყვანილი ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., კორპუსი ..., ბლოკი ..., სართული ..., ბინა ...-ში და იხდიდა მოხმარებული ელექტრო ენერგიის გადასახადს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ასთვის სადავო უძრავი ნივთის გადაცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გამოხატეს ნება, რომელიც ეფუძნებოდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს. უძრავი ნივთის გადაცემა განხორციელდა ზემოაღნიშნული კანონისა და 2020 წლის 16 ოქტომბრის №2019 განკარგულების შესაბამისად. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნ. ფ-ამ სიცოცხლეშივე განახორციელა საკუთარი უფლების რეალიზაცია სახელმწიფოსგან გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების კუთხით, რასაც თანხვედრაში მოჰყვა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებები. საგულისხმოა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ნ. ფ-ა ფაქტობრივად დაეუფლა სადავო უძრავ ნივთს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოხმობილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე დაყრდნობით გაკეთებულ შეფასებებს. ზემოაღნიშნული განჩინებები მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არარელევანტურია, რამეთუ ეფუძნება სხვა ფაქტობრივ გარემოებებს. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა სამართლებრივი დოკუმენტი ძალაშია, აღსრულებულია და შესაბამისად, მის პირველი რიგის მემკვიდრეს უფლება აქვს ჩაანაცვლოს აწ გარდაცვლილი ნ. ფ-ა მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა