საქმე №ბს-1122(გ-23) 18 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა შ. ა-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 19 ოქტომბერს შ. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 9 ოქტომბრის №1250/02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, შ. ა-ის 2023 წლის 27 სექტემბრის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე, ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შ. ა-ის სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად - ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნების და სადავო აქტის შინაარსის ანალიზის საფუძველზე დავა მიმდინარეობს უძრავი ნივთის შესახებ, რომლიც მდებარეობს: დმანისის მუნიციპალიტეტში (ს/კ: ...), რის გამოც სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, ხოლო ასეთ უფლებამოსილ სასამართლოს კი წარმოადგენს ბოლნისის რაიონული სასამართლო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის საბოლოო მიზანია დაევალოს მოპასუხეს მიწის იჯარის ხელშეკრულების დადება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. შესაბამისად, სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც ასევე განსაზღვრავს სარჩელზე განსჯადობის საკითხს (ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით სასამართლო).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს და ეხება პროცედურულ საკითხს, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ისეთ ასპექტს, როგორიცაა განცხადების განსახილველად მიღება და პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, დავის საგანია, ადმინისტრაციული წარმოების პროცედურის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება. სამომავლოდ საიჯარო ხელშეკრულების დადებას, სჭირდება განცხადების განხილვა მოპასუხე სააგენტოს მიერ, შემდეგ კი მისი გადაგზავნა ქონების ეროვნულ სააგენტოში და ამ უკანაკნელის მხრიდან აუქციონის გამოცხადება, ხოლო ბოლოს ორივე სააგენტოს მიერ აუქციონში გამარჯვებულთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმება (წერილობითი ფორმით დადება), ანუ, დავის საგანია ხელშეკრულების დადებამდე არსებული (წარმართული) ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რაც გულისხმობს პრეტენდენტის სტატუსის განსაზღვრას და საქმის მასალების ქონების ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნას).
რაიონული სასამართლო მიუთითებს სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე (დამტკიცებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემებრის №2-1258 დადგენილებით), რომლის თანახმადაც, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები არ გააჩნია და ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიიღება ცენტრალიზებულ დონეზე. ამავე დებულების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, 0159, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №34.
რაიონული სასამართლოს მითითებით, რამდენადაც, მოცემული დავა უკავშირდება (ეხება) წინასააუქციონო პროცედურებს (განცხადების განსახილველად მიღება, პრეტენდენტის სტატუსის მოსარჩელისათვის მინიჭება, სააუქციონო მომსახურებისათვის ქონების ეროვნული სააგენტოში განაცხადის გადაგზავნა), ეს პროცესი წინარე სახელშეკრულებო ურთიერთობათაც ვერ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში არასწორია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 და მე-18 მუხლების გავრცელება და განსჯადობა უნდა გადაწყდეს საერთო წესების დაცვით, ზოგადი განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, საერთო წესის მიხედვით, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 9 ოქტომბრის №1250/02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, შ. ა-ის 2023 წლის 27 სექტემბრის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე, ახალი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს.
სარჩელზე თანდართული სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 9 ოქტომბრის №1250/02 გადაწყვეტილების თანახმად, ამხანაგობა „გ...-ის“ წევრების მფლობელობაში არსებული პირუტყვის რაოდენობა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №497 დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იჯარით გასაცემი საძოვრის ზღვრული დატვირთვის ნორმების თანახმად, არ იყო საკმარისი №1240 განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფართობის (№... - 91.99 ჰა.) ასათვისებლად, ასევე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობები - №09-12/7838 და №09-12/7837 გაცემული იყო 2023 წლის 4 სექტემბერს, ხოლო განაცხადი პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილი იქნა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, შესაბამისად, ცნობების გაცემის თარიღიდან №1240 განაცხადის წარმოდგენის თარიღამდე გასული იყო 15 სამუშაო დღეზე მეტი.
ამდენად, სააგენტომ უარი უთხრა ამხანაგობა „გ...-ის“ წარმომადგენელს - შ. ა-ის (პ/ნ ...) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №497 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი განაცხადის განხილვაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №497 დადგენილებით დამტკიცდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იჯარის ხელშეკრულება არის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა (შემდგომში - ქონების ეროვნული სააგენტო) და მოიჯარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საძოვრით სარგებლობის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პრეტენდენტს, რომელსაც შერჩეული აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვარი და, ამავდროულად, განაცხადის წარდგენისას მას ან/და მის მეპაიეს/წევრს მფლობელობაში აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
ამავე დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია წარმოებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადებში. პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი ქვეყნდება პერიოდულად და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს. განაცხადის ფორმას ამტკიცებს სააგენტო. მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პრეტენდენტ(ებ)ის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული მონაცემების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო განაცხად(ებ)ის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე ხარვეზის დადგენის შესახებ და პრეტენდენტს აძლევს 10 (ათი) კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განაცხადის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სააგენტო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია აკმაყოფილებს პროგრამის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, ანიჭებს მას პროგრამაში მონაწილის სტატუსს და განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში ადგენს პროგრამაში მონაწილის სტატუსის მქონე პირთა სიას, კონკრეტული საძოვრის მიწის ნაკვეთებზე წარდგენილი დაინტერესების მიხედვით, რომელსაც აგზავნის ქონების ეროვნულ სააგენტოში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო განიხილავს და წყვეტს პრეტენდენტის პროგრამაში ჩართვისა და მისთვის პროგრამაში მონაწილის სტატუსის მინიჭების საკითხს, შესაბამისად, დავა უკავშირდება არა სახელშეკრულებო ურთიერთობას ან უძრავ ნივთან დაკავშირებულ დავას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ აქტს - მოსარჩელის განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს პოზიციას, რომ შ. ა-ის სარჩელზე განსჯადობა უნდა გადაწყდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად დადგენილი ზოგადი განსჯადობის მიხედვით - სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემებრის №2-1258 დადგენილებით დამტკიცდა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულება, რომლის თანახმადაც, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები არ გააჩნია და ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიიღება ცენტრალიზებულ დონეზე. ამავე დებულების პირველი მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, 0159, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №34
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს, შ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 და 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი