Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-853(კს-23) 20 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს.ა-ი

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 19 ნოემბერს ს.ა-მა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კომისიის 2019 წლის 4 ოქტომბრის N2045 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 904 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს.ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

2022 წლის 23 ივნისს ს.ა-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კომისიის 2019 წლის 4 ოქტომბრის N2045 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის საქმის წარმოების განახლებისა (გადაწყვეტილება №...; 29.10.2019 წელი) და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 904 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს.ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ს.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2019 წლის 4 ოქტომბრის №2045 განკარგულება; ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ს.ა-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისია) სააპელაციო საჩივარი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება მოპასუხეს - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას ჩაბარდა 2023 წლის 15 მაისს. გზავნილი ჩაიბარა კანცელარიის სპეციალისტმა ხ.ლ-მა. ასევე, პალატის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი იქნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, კანცელარიის მეშვეობით (საფოსტო კონვერტის გარეშე) 2023 წლის 31 მაისს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული სასამართლოს ბეჭდით.

სააპელაციო პალატის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას ჩაბარდა 2023 წლის 15 მაისს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 16 მაისს და დასრულდა 2023 წლის 29 მაისს 24:00 საათზე (ორშაბათი, სამუშაო დღე). ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანცელარიის მეშვეობით 2023 წლის 31 მაისს, გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 369-ე, 373-ე, 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი განჩინების მიღება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნება ცნობილი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას არ დაურღვევია გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტის კურიერს ჩაბარდა 2023 წლის 29 მაისს, 16:54 საათზე, ანუ 24:00 საათამდე. კერძო საჩივარს თან ერთვის საქართველოს ფოსტის უკუგზავნილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დასმულ ბეჭედს, საიდანაც ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შესულია 2023 წლის 31 მაისს (კონვერტის გარეშე), გასაჩივრების ვადის დარღვევით. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტის კურიერს ჩაბარდა 2023 წლის 29 მაისს, 16:54 საათზე, ანუ კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივრის ვადაში წარდგენის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან დაურთო საქართველოს ფოსტის უკუგზავნილი. უკუგზავნილში მითითებულია ფოსტის გზავნილის კოდი: ...; გამგზავნის დასახელება - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი; გაგზავნის თარიღი: 2023 წლის 29 მაისი, 16:54 საათი; ადრესატი - გურჯაანის რაიონული სასამართლო; გზავნილი ჩაბარდა ადრესატი ორგანიზაციის წარმომადგენელს (სპეციალისტი) - ი.დ-ს, 2023 წლის 31 მაისს, 12:28 საათზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარს არ ერთვის კონვერტი, კერძო საჩივარზე თანდართული უკუგზავნილი კი არ შეიცავს გაგზავნილი დოკუმენტის სახეობის შესახებ ინფორმაციას. ამასთან, ამგვარი ინფორმაციის შემცველი სხვა მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში (საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში) მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი, კერძოდ, რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დაადგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს მხარეს გონივრული ვადა დადგენილი ხარვეზის შესავსებად.

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხს წარმოადგენს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის წარდგენის საკითხი, ერთი მხრივ, სააპელაციო საჩივარს არ ერთვის კონვერტი და მეორე მხრივ, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია საქართველოს ფოსტის უკუგზავნილი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებით, სააპელაციო საჩივარზე დაადგინოს ხარვეზი და აპელანტს დაავალოს წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება, 2023 წლის 29 მაისს ნამდვილად მოხდა თუ არა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წერილობითი კორესპონდენციის, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ფოსტისთვის წარდგენა/ჩაბარება, გურჯაანის რაიონული სასამართლოსთვის გადაგზავნის მიზნით. ამგვარად, უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული მხარის ისეთი მნიშვნელოვანი უფლების დაცულობა, როგორიცაა სამართალიანი სასამართლოს უფლება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ქმნის სამართლიანი სასამართლოს სამართლებრივ გარანტიას, რომელიც მოიაზრებს ყველა იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება თავისი არსით ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ქმნის კონსტიტუციითა და კონვენციით რეგლამენტირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას, ასევე, წარმოადგენს ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. (სუსგ, 16.03.2023, №ბს-1508(კს-22)).

სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებრივ ელემენტს წარმოადგენს სასამართლოს ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა. გასაჩივრების უფლება სამართლიანი სასამართლოს უფლების, უფრო ზუსტად კი, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შეუძლებლობის პირობებში, სასამართლოსათვის მიმართვა არ იქნებოდა სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება. სამართლიანი სასამართლოს უფლება პირს აღჭურავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიის კონსტიტუციური შესაძლებლობით და ამ გზით იცავს მას დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად უფლების დარღვევისაგან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, No. 20627/04, §17, 23 ოქტომბერი 2006).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადების, როგორც სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების ერთ-ერთი შემზღუდველი ფაქტორის მიმართ სასამართლოს მიდგომა არ უნდა იყოს გადაჭარბებულად ფორმალური. დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართლიანი სასამართლოს უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გასაჩივრების ვადა იმგვარად უნდა იქნეს დაწესებული და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული, რომ აღნიშნულმა არ გამოიწვიოს გასაჩივრების უფლების რეალური არსის ხელყოფა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი, კერძო საჩივარზე თანდართული საქართველოს ფოსტის უკუგზავნილი იძლევა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა აღნიშნული დოკუმენტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აპელაციის დასაშვებობის სტადიიდან უნდა გამოიკვლიოს მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ობიექტურად დაადგინოს დაცულია თუ არა აპელანტის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება და შესაბამისი გარემოებების დადგენისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქმე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე