№17211-13 14 ივნისი, 2013 წელი
ს-ი რ, 17211-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ი. ჩ-ს
მსჯავრდებულ - რ. ს-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ს-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ნოემბრის განაჩენით რ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 14 სექტემბრიდან.
მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ რ. ს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ს-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებული დ. რ-ი წინააღმდეგია, მსჯავრდებულ რ. ს-ს მიმართ გამოყენებულ იქნეს ამნისტიის კანონი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ს-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი