№ბს-1102(კს-23) 18 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ. ა. ა. ბ-ტ
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 14 დეკემბერს ხ. ა. ა. ბ-ტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2021 წლის 10 ნოემბრის №03/00003587/2021-02 გადაწყვეტილებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 7 დეკემბრის №01-261 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ხ. ა. ა. ბ-ტზე D3 კატეგორიის სახელმწიფო ვიზის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ხ. ა. ა. ბ-ტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2021 წლის 10 ნოემბრის №03/00003587/2021-02 გადაწყვეტილება, საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხ. ა. ა. ბ-ტისთვის საქართველოს ვიზის გაცემის საკითხთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 7 დეკემბრის №01-261 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, წინამდებარე განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 7 დღე, რათა სასამართლოსთვის წარედგინა წერილობითი ფორმით (ნაბეჭდი სახით) შედგენილი სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელებითა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე მითითებით და მითითებით თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული.
2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხარვეზის შევსების მიზნით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და წარადგინა ლ. ჯ-ის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი ნაბეჭდი სახით, თუმცა სააპელაციო საჩივარს თან არ ახლდა ლ. ჯ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, რწუნებულება), სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მითითებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით აპელანტ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზზე გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით, რათა სასამართლოში წარედგინა სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის (მინდობილობა, ბრძანება...) დედანი (კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი) სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მითითებით ან/და უფლებამოსილი პირის (მინისტრი, დელიგირებული პირი ...) მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.
2023 წლის 2 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხარვეზის შევსების მიზნით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელსაც ერთვოდა 2023 წლის 2 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლ. დ-ას მიერ სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირების - ლ. რ-ესა და ს. ჯ-ეის სახელზე გაცემული მინდობილობა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა 2023 წლის 19 მაისს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №4 (ს.ფ. 301).
შპს „ს...-ს“ უკუგზავნილის თანახმად (შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, გზავნილის შტრიხკოდი: ...), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, კერძოდ, ქ. ჩ-ეს (წამყვანი სპეციალისტი) (პ/ნ: ...) ჩაბარდა - 2023 წლის 22 მაისს (ს.ფ. 302).
შესაბამისად, აპელანტისთვის ხარვეზის შევსების შესახებ საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო - 2023 წლის 23 მაისს და დასრულდა 2023 წლის 1 ივნისს (ხუთშაბათი) 24:00 საათზე.
ხარვეზის შევსების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა - 2023 წლის 2 ივნისს (პარასკევი), სასამართლოს მიერ, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით - 1 დღის დაგვიანებით, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სამინისტროს 2023 წლის 30 მაისს ჩაბარდა ხარვეზზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება, რომელიც სამინისტროს კუთვნილებისამებრ გაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან, როგორც გამგეობაში შეცდომით შესული და შეცდომით ჩაბარებული გამგეობის წამყვანი სპეციალისტის - ქ. ჩ-ეის მიერ 2023 წლის 22 მაისს.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სამინისტრომ მოიკვლია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის ხარვეზზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი და დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინება გააგზავნა ქ. თბილისი, ...ს ქ. №4-ში, ნაცვლად ქ. თბილისი, შ. ...ის ქ. №4 (სამინისტროს მისამართი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმების საფუძვლები, ვინაიდან სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის ხარვეზზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაიბარა - 2023 წლის 30 მაისს და კორექტირებული სააპელაციო საჩივარი შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა - 2023 წლის 2 ივნისს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სამინისტროს არ დაურღვევია საპროცესო მოქმედების შესასრულებლად განსაზღვრული ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ აპელანტმა გაუშვა სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოწორებისათვის განსაზღვრული ვადა.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი, საჩივრის ძირითადად საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამინისტროს 2023 წლის 30 მაისს ჩაბარდა ხარვეზზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება, რომელიც სამინისტროს გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან, როგორც გამგეობაში შეცდომით შესული და შეცდომით ჩაბარებული გამგეობის წამყვანი სპეციალისტის - ქ. ჩ-ეის მიერ 2023 წლის 22 მაისს. ვინაიდან, სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის ხარვეზზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაიბარა - 2023 წლის 30 მაისს და კორექტირებული სააპელაციო საჩივარი შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგინა 2023 წლის 2 ივნისს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით სამინისტროს არ დაურღვევია საპროცესო მოქმედების შესასრულებლად განსაზღვრული ვადა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა 2023 წლის 19 მაისს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №4 (ს.ფ. 301), თუმცა სასამართლოში დაბრუნებული შპს „ს...-ს“ უკუგზავნილიდან ირკვევა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წამყვან სპეციალისტს ქ. ჩ-ეს (პ/ნ: ...) 2023 წლის 22 მაისს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №4 (ს.ფ. 302).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2023 წლის 30 მაისის №33-01231502527 მიმართვაზე, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №4) ნაცვლად, ჩაბარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას (მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №4). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გზავნილი 2023 წლის 30 მაისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ კუთვნილებისამებრ გადაუგზავნა საქართველოს საგარეო სამეთა სამინისტროს (ს.ფ. 341).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევა, რის გამოც, უნდა გაუქმდეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე, 70-ე-78-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცაიულ საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი