საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-301(კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ქ-ა (უფლებამონაცვლე ლ. ტ-ა)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ლ. ქ-ამ 2021 წლის 26 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 ივნისის №35 სხდომის ოქმისა (ლ. ქ-ას ნაწილში) და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის პირველი ივლისის №03-2571/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის პირველი ივლისის №03-2571/ო ბრძანება; მოპასუხეს, მოსარჩელის - ლ. ქ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე, მოსარჩელის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, შეჩერდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება. ლ. ქ-ას უფლებამონაცვლედ კი ჩაბმულ იქნა მისი შვილიშვილი - ლ. ტ-ა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ლ. ქ-ას ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა, კერძოდ, დევნილი - ლ. ქ-ა 2001 წლიდან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ცხოვრობდა შვილიშვილის სახლში ქირის გარეშე, რის გამოც ოჯახის განსახლების საკითხი პრიორიტეტულად არ ჩაითვალა. კასატორის მოსაზრებით, მართალია, მხარემ დააგროვა 14.5 ქულა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ კომისიას მისი მოთხოვნა განეხილა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე, საკითხის განმხილველმა კომისიამ სრულიად საფუძვლიანად მიიჩნია, რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ქონის გამო, მოსარჩელისათვის ამ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმა იყო კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის პირველი ივლისის №03-2571/ო ბრძანებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. ამრიგად, სააგენტოს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრულ დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - ლ. ქ-ას გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო ამავე სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის შვილიშვილის - ლ. ტ-ას შუამდგომლობის საფუძველზე, განახდა საქმის წარმოება. ამასთან, ლ. ქ-ას უფლებამონაცვლედ დადინდა ლ. ტ-ა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად ...ათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე ლ. ქ-ას დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, შვილიშვილის საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გამო.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად (დანართი №1), რომლის მე-6 მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3, მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამასთანავე, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №8) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთები ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების) ქირით ან ქირის გარეშე; ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; არის ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისს მიღებულ №01-52/ნ ბრძანებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე- 13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №292 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. დასახელებული აქტი გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით სურს მოახდინოს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ, რადგან, პირველ რიგში, მოხდეს ყველაზე უფრო შეჭირვებული დევნილის თავშესაფრით დაკმაყოფილება. უფრო მეტიც, ეს ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას, საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ეს ვალდებულება, ცხადია, ძალაში რჩება მათთან მიმართებითაც, ვისაც რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი და თავშესაფარი გააჩნია. დასახელებული „წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ომის ვეტერანის ოჯახი განიმარტება, როგორც − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინა სამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში; ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დევნილი ოჯახები; საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი დევნილი პირების ოჯახები, საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი არა დევნილი პირების დევნილი ოჯახები; იმ ვეტერანების დევნილი ოჯახები, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად მიენიჭათ მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I,II ან III ჯგუფი).
საქმის მასალების მიხედვით, ლ. ქ-ას, რომელიც არის ომის ვეტერანი, შევსებული განაცხადის საფუძველზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიენიჭა 14.5 ქულა, მათ შორის, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.5 ქულა; ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ - მ. ტ-ა), მნიშვნელოვნად გამოხატული - 3 ქულა; ჰყავს ომში დაღუპული წევრი (რ. ტ-ა გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში) - 10 ქულა. კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში შენიშვნის სახით, ასევე, მითითებულია, რომ ლ. ქ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი (აწ გარდაცვლილი) და სამი სტატუსშეწყვეტილი პირი. განაცხადს კი აკეთებს შვილთან ერთად. ლ. ქ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, აბაშაში, ...ის ქ. №82-ში 2021 წლის 17 მარტს განხორციელებული მონიტორინგისას კი, ლ. ქ-ამ აღნიშნა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს შვილიშვილებთან - გ. ტ-ასთან, ვ. ტ-ასთან, ვ. ტ-ას მეუღლესთან - მ. ფ-ასთან და ვ.-ის შვილებთან - რ. და თ. ტ-აებთან ერთად. მისი თქმით, განცხადებაში ნახსენები მისი შვილი - მ. ტ-ა გარდაიცვალა. ასევე გარდაცვლილი ჰყავს ძმა, ორი და, მეუღლე - ვალ. ტ-ა და შვილი - ვა. ტ-ა. მისი განმარტებით, შვილი - ი. ტ-ა ცხოვრობს რუსეთში ოჯახთან ერთად. დამატებით განმარტა, რომ ზემოხსენებულ სახლში მანამდე ცხოვრობდა ბიძაშვილი, რომელსაც არ ჰყავდა ოჯახი და მოსარჩელე უვლიდა. მისი გარდაცვალების შემდგომ კი საცხოვრებელი სახლი ლ. ქ-ას შვილიშვილის სახელზე გადაფორმდა. ასევე მიუთითა, რომ წარმოშობით არის ...დან, სადაც დაკრძალული არიან მისი მეუღლე და შვილები. იქვე აქვს მამაპაპისეული სახლი, რომელიც ამჟამად დაკეტილია.
ამასთანავე, დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების 2021 წლის 22 აპრილის ოქმში მითითებულია, რომ მონიტორინგი განხორციელდა აბაშის რაიონში, სოფელ ...ში. მეზობლების განმარტებით, ლ. ქ-ას შვილიშვილს - ვ. ტ-ას ეკუთვნის მიწის ნაკვეთზე მდებარე ხის ქოხი, რომელიც საცხოვრებლად უვარგისია და არის მარცვლეულის სათავსო. მათი განმარტებით, ვ. ტ-ა ცხოვრობს აბაშაში. საბოლოოდ, სადავო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №35), ლ. ქ-ას იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის, კერძოდ, შვილიშვილის ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო, უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქმეზე უდავოდ არის დადასტურებული რომ მოსარჩელე იყო იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და არ იყო დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 ივნისის ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 5 და მეტი ქულა.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავდა მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, არსებული კრიტერიუმების შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე განსახლებული ყოფილიყო ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. მით უფრო, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა (14.5) წარმოშობდა ლ. ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემული ადმინისტრაციული საქმის სასამართლოში წარმოებისას მოსარჩელე ლ. ქ-ა 90 წელს გადაცილებული იყო და ის გარდაიცვალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე. მის უფლებამონაცვლედ კი ამავე სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა მოსარჩელის შვილიშვილი, პირველი რიგის მემკვიდრედ აღიარებული - ლ. ტ-ა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოცემული ადმინისტრაციული საქმის სასარჩელო და სააპელაციო განხილვის შედეგად, ლ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო საკასაციო წესით განხილვისას არ დადასტურდა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ არაკანონიერი გადაწყვეტილები მიღება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლ. ქ-ას უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები, ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასახელებული გარემოებები გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე