Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-538(კ-23) 21 დეკემბერი, 2023წელი

ქ. თბილისი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ჯ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჯ-იმა 2020 წლის 02 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020 წლის 14 მაისის N4155/01-06-09 და 2020 წლის 30 ივნისის N5161/01-06-09 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები; ასევე ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2020 წლის 27 აგვისტოს N7561/01-09-07 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს ნ. ჯ-ის 2020 წლის 11 მაისის N8021/10-02 განცხადების დაკმაყოფილება - კრედიტების აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2020 წლის 14 მაისის №4155-01-06-09 და 2020 წლის 30 ივნისის N5161/01-06-09 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს დაევალა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2020 წლის 14 მაისის N4155/01-06-09 და 2020 წლის 30 ივნისის N5161/01-06-09 წერილები განხილულ იქნა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, მაშინ როდესაც აღნიშნული წერილები არ შეიცავდა მოწესრიგების ელემენტებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით. კასატორის განმარტებით ზემოაღნიშნული წერილები იყო საინფორმაციო ხასიათის, შესაბამისად, მათი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებად განხილვა არ უნდა მომხდარიყო. ამასთან, ნ. ჯ-ის მოთხოვნა კიევის ტურიზმის, ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის, იურიდიულ ფაკულტეტზე სამართლის სპეციალიზაციით გავლილი საგნების კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებით, განხილულ იქნა არსებული სამართლებრივი აქტებისა და რეკვიზიტების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც, ნ. ჯ-ის 7 საგნიდან 4 საგნის კრედიტები უღიარეს, ხოლო დანარჩენ საგნებში კრედიტების აღიარებაზე უარი განპირობებული იყო უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევის საშუალებების გათვალისწინებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ იურიდიული ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისიამ ნ. ჯ-ის არ უღიარა კიევის ტურიზმის, ეკონომიკის და სამართლის უნივერსიტეტში გავლილი შემდეგი სამი საგანი: სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის 3 კრედიტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული სასწავლო კურსის შესაბამისი დისციპლინა- შესავალი სამართალმცოდნეობაში, სავალდებულო სასწავლო კურსს წარმოადგენს და სამართლის საბაკალავრო პროგრამით 5 კრედიტიანია. შესაბამისად, სასწავლო კურსების საათობრივი დატვირთვის დიდი სხვაობა არ იძლევა შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევის საშუალებას, კასატორმა იგივე მსჯელობა მიუთითა - სამეცნიერო კვლევების საფუძვლების საგანზეც. რაც შეეხება სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების კურსს, კასატორმა განმარტა, რომ აღნიშნული საგანი იკითხებოდა იურიდიულ ფაკულტეტზე 2005-2006 წლამდე. დასახელებული დისციპლინა არ პასუხობდა სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზნებს, რის საფუძველზეც აღარ ხდება ფაკულტეტის მხრიდან სტუდენტებისათვის მისი შეთავაზება.

კასატორის განმარტებით ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საგნის კრედიტები უნივერსიტეტს ჩაეთვალა როგორც თავისუფალი კრედიტები, ვინაიდან სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თავისუფალ კრედიტად შეიძლება აღიარებულ იქნეს ის სასწავლო კურსი, რომლის შესაბამისი სასწავლო კურსი უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებით ან სასწავლო კურსის მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე დასაშვებია, რომ იქნეს აღიარებული. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორის განმარტებით უკვე განიმარტა მის მიერ კრედიტების არაღიარების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ივნისის განჩინებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს კასატორის მიერ ნ. ჯ-ისთვის სასწავლო კრედიტების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ნ. ჯ-ი 2018 წლის 08 ოქტომბრიდან 2018 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდის განმავლობაში სწავლობდა კიევის ... ფაკულტეტზე ...ის სპეციალობით. მან გაიარა დისციპლინები, რომლებიც შესაბამისი კრედიტებით და უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სკალის მიხედვით ფასდებოდა: სამეცნიერო კვლევების საფუძველი - 3 კრედიტი, 73 ქულა; რომის სამოქალაქო ...ის საფუძველი 5 კრედიტი, 95 ქულა; ადამიანის უფლებები და მათი დაცვა - 4 კრედიტი, 100 ქულა; სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები - 5 კრედიტი, 100 კრედიტი; სახელმწიფოს და სამართლის თეორია - 3 კრედიტი, 75 ქულა; საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და სამართლის თეორია - 5 კრედიტი, 75 ქულა; უცხო ენა (პროფესიული მიმართულებით) – 5 კრედიტი, 76 ქულა.

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრედიტების აღიარების საფაკულტეტო დასკვნის მიხედვით, აღიარებულ იქნა 14 კრედიტი, ხოლო მოგვიანებით აღიარებულ იქნა დამატებით ინგლისური ენის 5 კრედიტი.

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2020 წლის 04 მარტის N2855/01-06-09 წერილით ნ. ჯ-ის ეცნობა, რომ 2020 წლის 04 მარტის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესიდან (დადგენილება N74/2012) გამომდინარე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში შესული კრედიტების აღიარების დოკუმენტი გადაეცა ფაკულტეტს, რის შემდეგაც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა განიხილა ზემოთხსენებული კორესპონდენცია და დაადგინა, რომ პროცედურულ დარღვევას მის საქმესთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია.

ნ. ჯ-იმა კვლავ მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განცხადებებით, რომლითაც იგი ითხოვდა კრედიტების აღიარებას შემდეგ საგნებში: 1. სამეცნიერო კვლევის საფუძვლები; 2. სასამართლო და სამართლის დამცავი ორგანოები; 3. სამართლის თეორია. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2020 წლის 14 მაისის N4155/01-06-09 წერილით ნ. ჯ-ის მისი განცხადების პასუხად გადაეცა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 12 აგვისტოს N74/2012 დადგენილება ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადასულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ.’’

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარდგენილი განცხადებებით ნ. ჯ-ი ითხოვდა კრედიტების აღიარებას, ხოლო განცხადების პასუხად ერთ შემთხვევაში გაეგზავნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 12 აგვისტოს N74/2012 დადგენილება, ხოლო მეორე შემთხვევაში განემარტა, რომ აღნიშნულის თაობაზე მისი საკითხი განხილული იყო და წერილობითი პასუხი ცნობილი იყო 2020 წლის 4 მარტის N2855/01-06-09 წერილით.

საკასაციო პალატა მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. აღნიშნული ნორმა დღეს მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №147/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე.

ამავე ბრძანების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, ამ წესის მე-6 მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მიღებული აქტები კრედიტების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე არ შეიცავს დასაბუთებას და გასაჩივრებულ აქტში არ არის გამოკვეთილი რა გარემოებებს ეყრდნობოდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მისი გამოცემისას, ასევე არ დგინდება, მოახდინა თუ არა სასწავლო დაწესებულებამ განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა-გამოკვლევა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სზაკ-ის აღნიშნული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე უთხრა უარი მოსარჩელეს კრედიტების აღიარებაზე და მიუთითა მხოლოდ ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადასულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ’’ დადგენილებაზე; ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. მოცემულ შემთხვევაში სასწავლო დაწესებულება ვალდებულია განსახილველი საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/კ 204864548) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 30 მაისს №34642 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე