Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-582(კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ა-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ა-ამ 2018 წლის 26 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოხსნას შლაგბაუმი, რომელიც განთავსებულია მ. ა-ას კუთვნილ საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელ ერთადერთ (ცენტრალურ) გზაზე, რათა ხელი არ შეუშალოს და შეძლოს საცხოვრებელ ადგილთან მისვლა; დაევალოს მოპასუხეს მოაწყოს მ. ა-ას სახლამდე მისასვლელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 300 მეტრი და მ. ა-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 100 მეტრის სიგრძის გზა, ხოლო იქ არსებულ ღელეში დაამონტაჟოს 5 მეტრი სიგრძისა და 1,5 მეტრი დიამეტრის მქონე კანალიზაციის მილი; ასევე დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ა-ას კუთვნილი საკარმიდამო 0,5 ჰა მიწაზე აღადგინოს დანგრეული ღობე - მავთულხლართით და აკაციის მესრით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998 წლიდან სენაკის რაიონის სოფელ ...ში საკუთრებაში ჰქონდა სახლი და 0,453 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო 2006 წლიდან პრივატიზაციის წესით შეიძინა კუთვნილი ეზოს მოსაზღვრედ მდებარე 6,7 ჰა მიწის ნაკვეთი. 2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ ვინაიდან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მისი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაკვეთი სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს, მას სანაცვლო საცხოვრებელ ადგილს მისცემდნენ სხვა ტერიტორიაზე. ამასთან, მოსარჩელის ეზოს წინ მდებარე მისასვლელთან მიმდებარედ, დაახლოებით 50 მეტრში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ააშენა საველე მომზადების ბაზა და მოაწყო სასროლეთი. წვრთნების დროს ხდებოდა მ. ა-ას სახლის მიმართულებით სროლების განხორციელება. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მ. ა-ას მიერ საკუთრებით თავისუფლად სარგებლობაში ხელშეშლას, მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნას, რის გამოც იძულებული გახდა საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. აღსანიშნავია, რომ სხვა საცხოვრებელი ადგილის მიცემასთან დაკავშირებით მ. ა-ას არაერთ მოთხოვნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში და დამატებით აღნიშნავს, რომ 1998 წლიდან სენაკის რაიონის სოფ. ...ში საკუთრებაში გააჩნდა სახლ-კარი და 0,453 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო 2006 წლიდან კი პრივატიზების წესით შეიძინა 6,7 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც მის ეზოს ესაზღვრებოდა. აპირებდა ფერმის მოწყობას, ბანკიდან გამოიტანა ათი ათასი ლარის ოდენობით თანხა, მაგრამ 2007 წელს სოფელს ეწვია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა, კერძოდ, პოლკოვნიკი კ. ღ-ა, ასევე სხვა პირები, რომლებმაც განაცხადეს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაკვეთი სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს და მის მიერ საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემდეგ უთხრეს, რომ სხვა ტერიტორიაზე დააკმაყოფილებდნენ საცხოვრებლით.

კასატორის განმარტებით, საბუთები მაშინვე წარადგინა, მაგრამ აღნიშნულს მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მისი ეზო-კარის წინ მისასვლელთან მიმდებარედ, 50-მეტრში, სამინისტრომ გააშენა საველე მომზადების ბაზა, მოწყობილ იქნა სასროლეთი (პოლიგონი), რომლის სარგებლობის, ანუ წვრთნების დროს ხდებოდა სროლების განხორციელება, აგრეთვე მისი საცხოვრებელი კარ-მიდამოს მიმართულებითაც, რაც არა მარტო საკუთრების ხელშეშლა იყო, არამედ მის სიცოცხლესაც საფრთხე ექმნებოდა და რის გამოც სახლში გაჩერებაც კი უკვე შეუძლებელი გახდა. იძულებული იყო დაეტოვებინა ეზო-კარი იმის მოლოდინში, რომ მისცემდნენ სხვაგან ცხოვრების საშუალებას. კასატორის მითითებით, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, გაეთვალისწინებინათ მისი მდგომარეობა, აღნიშნულს არანაირი ქმედითი რეაგირება არ მოჰყოლია მოპასუხის მხრიდან.

კასატორის მითითებით, იგი მსახურობდა სენაკის მე-2 ბრიგადაში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიიღო ტრავმა, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის კურსის დამთავრებამდე, ისე, რომ კონტრაქტის ვადა არ ჰქონდა ამოწურული, დაითხოვეს ჯარის რიგებიდან. დარჩა უმუშევარი, ნახევრად ინვალიდი, უსახლკარო ლტოლვილად საკუთარ ქვეყანაში თავდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლო და ზერელე დამოკიდებულების გამო.

კასატორის განმარტებით მან სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მიმართ, მიწის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. სასამართლო პროცესზე მოპასუხის ინიციატივით შედგა მორიგების აქტი, რომლის თანახმად, ის, როგორც მოსარჩელე, გაიხმობდა სარჩელს, უარს განაცხადებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ქონების სარგებლობის ხელშეშლიდან წარმოშობილ ნებისმიერ მოთხოვნაზე და მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს გადასცემდა სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფდნენ სანაცვლო სასოფლო და საკარმიდამო ნაკვეთით. თუმცა მისი განმარტებით, ზემოაღნიშნული მორიგების აქტის საფუძველზე, 2013 წლის 13 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, მისი შუამდგომლობის საფუძველზე მორიგების აქტის პირობების შესაბამისად მიღებულ იქნა განჩინება, რომელიც ისევ შეუსრულებელი დარჩა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ას საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კონკრეტული ქმედებების განხორციელების დავალების კანონიერების შემოწმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ა-ას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია სენაკის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე, №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ საკუთრებასთან მისასვლელი გზა წარმოადგენს მხარეთა შორის დავის საგანს, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მის სახლამდე მისასვლელ გზაზე მოწყობილია შლაგბაუმი, რის გამოც თავისუფლად ვერ სარგებლობს საკუთრებით და ასევე, აღნიშნული გზა დაზიანებულია სამხედრო ტექნიკის მიმოსვლის გამო, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ქონების სიახლოვეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწყობილია საველე ბანაკი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 მარტის №3/5876-11 განჩინებით მ. ა-ას სარჩელი, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, მოსარჩელისათვის სენაკის რაიონის სოფელ ...ის მდებარე კომლში ცხოვრებისა და საქმიანობის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, დარჩა განუხილველად. ამავე განჩინების თანახმად, მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება იმ პირობით, რომ მოპასუხე მხარე კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის ორგანოებს წარუდგენდა შუამდგომლობას, მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის სანაცვლო მიწის ნაკვეთის მიღების თაობაზე.

მორიგების აღსრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მ. ა-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: ..., ფართობით 6,78 ჰა-ს სანაცვლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტოლფასი ქონების გადაცემაზე. აღნიშნულის შესახებ მ. ა-ას ეცნობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 16 აგვისტოს №1/595 წერილით.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2014 წლის 03 დეკემბრის MOD 4 14 00811618 წერილით მ. ა-ას ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციაში განახორციელა მის საკუთრებაში არსებული 4530 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გამიჯვნა, ხოლო მისი კუთვნილი 67800 კვ.მ სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საზღვრების დაზუსტების მიზნით, მზადდებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის მეთაურმა 2017 წლის 3 ივლისის პატაკით ამავე გვარდიის შტაბის უფროსს აცნობა, რომ ზემო „...ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მანამდე და წერილის გაცემის მდგომარეობით დასახლებული პუნქტი არ არსებობდა, ხოლო მ. ა-ას განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი, არსებული ინფორმაციით, მდებარეობდა საველე ბანაკის - სასროლეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. 2014 წელს გენერალური შტაბიდან მივლენილ წარმომადგენლებთან ერთად დათვალიერებულ იქნა ხსენებული ტერიტორია, სადაც ნამოსახლარის, რაიმე სახის შენობა-ნაგებობის არსებობის არანაირი კვალი არ იყო. ამასთან, ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები და მისასვლელი გზა, ბანაკის დაარსების დღიდან გაყვანილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებით დამტკიცდა პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის პირობებს, აგრეთვე მათი უსაფრთხოების ორგანიზებისა და უზრუნველყოფის ღონისძიებებს. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პოლიგონის/სასროლეთის მოწყობისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების ზონების მოწყობა და მისი დაცვა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პოლიგონი/სასროლეთი უნდა მოეწყოს ისე, რომ სწავლების მიმდინარეობისას არ დაზიანდნენ მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირები, შენობა- ნაგებობა, მიწის ნაკვეთი და სხვა ობიექტი, აგრეთვე მაქსიმალურად იქნეს თავიდან არიდებული სროლებიდან გამომდინარე ასხლეტვები. წესის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების დროს უბედური შემთხვევების, შეიარაღების, ტექნიკისა და სხვა სამხედრო ქონების მწყობრიდან გამოყვანის, ასევე სხვა ტიპის ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ხორციელდება სამხედრო მოსამსახურეებით პოლიგონის/სასროლეთის გარე პერიმეტრის დაცვის უზრუნველყოფა. 31-ე მუხლის თანახმად, პოლიგონის/სასროლეთის პერიმეტრის საზღვრები აღინიშნება გამაფრთხილებელი ნიშნებით, რომელზეც დატანილია წარწერა - ,,სდექ, ისვრიან! შესვლა აკრძალულია!“, ქართულ და ინგლისურ ენაზე. ნიშნები ასევე იდგმება პოლიგონის/სასროლეთის მიმდებარე ბილიკებისა და გზების გადაკვეთის ადგილებზე. აუცილებლობის შემთხვევაში, პოლიგონის/სასროლეთის საზღვრებზე კეთდება თხრილები, ყველა გზა და ბილიკი იხურება შლაგბაუმებით ან ხერგილებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა იზიარებს, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოების ასევე მოპასუხის განმარტებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შლაგბაუმის მოწყობა განხორციელდა იმ მიზნით, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები, როგორც ამას ზემოაღნიშნული წესი ითვალისწინებს. პალატა განმარტავს, რომ პოლიგონის მოწყობისა და სარგებლობის დროს უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების მიღება თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებაა. იგი ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების მიღება, როგორც შიდა, ასევე, გარე ტერიტორიაზე. ხოლო სასროლეთის მიმდებარე გზის გადაკვეთაზე შლაგბაუმის მოწყობა სწორედ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება და მისი დემონტაჟით შესაძლებელია დაირღვეს ეს უსაფრთხოების წესები. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შლაგბაუმის გამო მოსარჩელე ვერ სარგებლობს საკუთარი მიწის ნაკვეთით. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის შლაგბაუმის დემონტაჟთან დაკავშირებით, მოკლებულია საფუძველს.

რაც შეეხება მოსარჩელის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, რომლითაც ასევე მოპასუხისგან გარკვეული ქმედებების განხორციელებაა მოთხოვნილი კერძოდ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოაწყოს მის სახლამდე მისასვლელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გზა და იქ არსებულ ღელეში დაამონტაჟოს კანალიზაციის მილი. ასევე, მის კუთვნილ საკარმიდამო 0,5 ჰა მიწაზე აღადგინოს დანგრეული ღობე - მავთულხლართით და აკაციის მესრით. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მის სახლამდე მისასვლელი გზა, კანალიზაციის მილი და ღობე დაზიანდა თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული მძიმე ტექნიკის მოძრაობის შედეგად, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმეში არ არის წარმოდგენილი.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ არ დგინდება, თუ რას წარმოადგენდა ის პირვანდელი მდგომარეობა, რომელსაც მოსარჩელე უთითებს და რომლის აღდგენასაც ითხოვს იგი. ასევე, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელის კუთვნილი ღობის და მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ასი მეტრი სიგრძის გზის დაზიანების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის არსებული მორიგების აქტი, ისევე როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წერილები, არ ადასტურებს მოპასუხის ქმედებით მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანების გამოწვევას. აღნიშნული დოკუმენტებით დგინდება მხოლოდ სანაცვლო მიწის ნაკვეთის ან ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკება, რაც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ უძრავი ნივთების გამოყენებას და არა მათ დაზიანებას. ამდენად, საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოპასუხის მიერ დაზიანებული გზის, მილისა და ღობის აღდგენის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დავალდებულების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობის თაობაზე, გარდა აღნიშნულისა საკასაციო პალატა ეთანხმება მოპასუხის პოზიციას, რომ ინფრასტრუქტურა საველე ბანაკ „...სთვის“ მოეწყო თავდაცვის სამინისტროს მიერ, საჭიროებიდან გამომდინარე. ამასთან, ვინაიდან კერძო პირთათვის აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა არ განეკუთვნებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მ. ა-ას მოთხოვნა საცხოვრებელ სახლთან გზისა თუ ელექტროგაყვანილობის ბოძების მოწყობასთან დაკავშირებით.

ამრიგად, საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან ვერ დაადასტურა მოპასუხისათვის გარკვეული ქმედებების განხორციელების დავალდებულების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. მ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. მ. ა-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2023 წლის 17 მაისს №32376870 საგადახდო დავალებით მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე