საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-809(2კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ. ა-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ა-ემ 2020 წლის 25 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და ამავე სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №4425892 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 იანვრის №80 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ლ. ა-ეის საკუთრებაში არსებულ ფართებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 იანვრის №82 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №4425892 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა არსებითად ემსჯელა მოსარჩელის მოთხოვნაზე; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მარტის N4425892 გადაწყვეტილებით, ხარვეზი დადგინდა და შემდგომში განუხილველი დარჩა ლ. ა-ეის წარმომადგენლის 2018 წლის 16 დეკემბრის ... განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ფართებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების, კერძოდ, ერთი დამატებითი სართულის დაშენების პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემა. იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით მრავალბინიანი სახლის ბინათა საერთო ფართობთან, ხოლო ზემოაღნიშნული განცხადებით მოთხოვნილი რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის, კერძოდ, ლ. ა-ეის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის მნიშვნელოვნად გაზრდას, კასატორების პოზიციით, მოთხოვნილი რეაბილიტაცია გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განაწილებაზეც. შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ ხსენებული საკითხის დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიღებული უნდა იყოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ ერთხმად.
კასატორების განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, განცხადებით არქიტექტურის სამსახურს წარედგინა ბმა „ბ...ს“ 2019 წლის 3 იანვრის კრების ოქმი N1, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულ კრებაზე გამოცხადდა ამხანაგობის წევრთა 100% (33 ბინის მესაკუთრე), რომელთა 2/3-მა მხარი დაუჭირა ლ. ა-ეისთვის ქ. თბილისი, ...ის N...-ში მდებარე მისსავე საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მე-2 სართულის დაშენების ნებართვის მიცემის საკითხს, ხოლო, აღნიშნულ კრების ოქმში დაფიქსირებული პროცენტულობა არ იყო საკმარისი განცხადების დაკმაყოფილებისთვის, ვინაიდან 2018 წლის 16 დეკემბრის ... განცხადებით მოთხოვნილ რეაბილიტაციასა და ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული უნდა ყოფილიყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ერთხმად გამოვლენილი თანხმობის საფუძველზე, ხოლო ზემოაღნიშნულ განცხადებასთან ერთად არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მხოლოდ 2/3-ის თანხმობის ამსახველი კრების ოქმი.
კასატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე არსებობდა განმცხადებლისათვის ხარვეზის დადგენისა და ამხანაგობის წევრთა 100%-ის თანხმობის ამსახველი კრების ოქმის წარდგენის დავალებისა და შესაბამისად ლ. ა-ეის 2018 წლის 16 დეკემბრის ... განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. ა-ეისათვის ...ის N ...-ში მდებარე N... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ფართებზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება; ამასთან, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად მიზეზად ადმინისტრაციული ორგანოები ასახელებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა ამხანაგობის წევრთა 100%-ის თანხმობა.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტზე, რომლის თანახმად, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. იმავე კანონის 22-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში - ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ - კულტურული ღირებულების შემცირებას. აკრძალულია მოძრავი ძეგლის გადაკეთება ან დანაწევრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ძეგლის შენარჩუნებისათვის ან რეაბილიტაციისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ხელშეკრულებით „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო - რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოებისა) ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო - სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება ქალაქ თბილისისათვის.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების მიხედვით, დადგენილი წესით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო - რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვების გაცემას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, ტექნიკური შეცდომების გასწორებას, ძალადაკარგულად გამოცხადებას, არარად აღიარებას და ბათილად ცნობას სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ახორციელებს.
განსახილველ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 16 დეკემბერს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს წარედგინა №... განცხადება ლ. ა-ეის კუთვნილ, ქალაქ თბილისში, ...ის N ...-ში მდებარე N... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ფართებზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით წარდგენილი პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დაგეგმილი იყო N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე არსებული, ლ. ა-ეის კუთვნილი N15/1 საცხოვრებელი ფუნქციის 1-სართულიან შენობაზე ერთი სართულის დაშენება.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2019 წლის 14 თებერვლის სხდომაზე მიღებული N4372256 გადაწყვეტილებით, №... განცხადებით წარდგენილი სამუშაოების პროექტის შეთანხმებას და მასზე ნებართვის გაცემას მიეცა დადებითი შეფასება. ლ. ა-ეის კუთვნილ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ №... განცხადებასთან დაკავშირებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 დეკემბრის N4312438 გადაწყვეტილებითა და 2019 წლის 21 თებერვლის N4384896 გადაწყვეტილებით ხარვეზის დადგენის, ასევე, მისგან გამომდინარე დაინტერესებული პირის მხრიდან დოკუმენტების მიღების შემდეგ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მარტის N4425892 გადაწყვეტილებით განმარტებულ იქნა, რომ განსახილველ სამუშაოებზე საჭირო იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ...ს“ ყველა წევრის მიერ ერთხმად გამოთქმული თანხმობა, რაც წარდგენილი უნდა ყოფილიყო 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მარტის N4425892 გადაწყვეტილების მიხედვით, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტი - თბილისში, ...ი N ...-ში მდებარე ქონების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ...ს“ N1 კრების ოქმი (დამოწმების თარიღი - 2019 წლის 16 იანვარი, N190041579), რომლითაც განსახილველ სამუშაოებზე გამოხატული იყო ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობა, რაც არ იყო მისაღები.
საკასაციო პალატა მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებული ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს. დასახელებული კანონის მე-10 მუხლით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების პირობები შემდეგი სახით არის დადგენილი: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფართობის ცვლილებების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა წილების გადაანგარიშება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იმ წევრის (წევრთა) ხარჯზე, რომელსაც (რომლებსაც) ფართობის ცვლილების შედეგად გაეზარდა წილი, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან; ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების საერთო ქონების განვითარების პირობები განისაზღვრება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად“.
ამავე კანონის 101 მუხლით კი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარების პირობები შემდეგი სახით არის ჩამოყალიბებული: „1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. 2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით. 3. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დემონტაჟს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით“.
მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სადავო აქტით გათვალისწინებული სამუშაოები ეხებოდა ამხანაგობის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებულ, თუმცა მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ნაგებობის განვითარებას და რეკონსტრუქცია; რაც აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით განსაზღვრულ შესაძლებლობას „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლით ეხელმძღვანელა, ხსენებული მუხლი კი გამორიცხავდა ამხანაგობის 100%-ის თანხმობის წარდგენის საჭიროებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის საერთო საკუთრებიდან გამომდინარე, ყველა შემთხვევაზე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის გამოყენება აზრს უკარგავს იმავე კანონის 101 მუხლით დადგენილ ნორმებს, რაც ერთმანეთისგან მიჯნავს და განსხვავებულად აწესრიგებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარებისა და რეკონსტრუქციის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომლის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №4425892 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის უძრავი ქონება წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელზეც სამშენებლო სამუშაოების განხორციელება კანონით დასაშვებია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხმებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება;
3. კასატორს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს 2023 წლის 20 ივლისს №01195 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე