საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-914(კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ჩ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
2018 წლის 12 ოქტომბერს ი. ჩ-იმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ „საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 მაისის №2137 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 68,80 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მოსარჩელე ი. ჩ-ისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,ი. ჩ-ისათვის ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 მაისის N2137 ბრძანება; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ჩ-ისათვის ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელე შეიძლება ჩაითვალოს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე ფართის კანონიერ მოსარგებლედ.
კასატორის მითითებით, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესში მითითებული დოკუმენტების ჩამონათვალი, რითაც უნდა იქნეს დადასტურებული კანონიერი სარგებლობის ფაქტი, არის ამომწურავი და კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებსაც და საკუთრებაში გადაცემა განახორციელოს არა მხოლოდ ბინის ორდერის, არამედ სხვა დოკუმენტების საფუძველზეც. სწორედ ამიტომ, კასატორს მიაჩნია, რომ ბინაში რეგისტრაციის ფაქტი და კომუნალური გადასახადების დამადასტურებელი ქვითრები ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ სადავო ფართის კანონიერად ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტად. მით უფრო იმ პირობებში, როცა მუნიციპალიტეტის სპეციალისტების ადგილზე გასვლითა და დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ სადავო ფართის სამი ოთახიდან მხოლოდ მისი ნაწილი, ერთი ოთახი ჰქონდა დაკავებული მოსარჩელეს, ხოლო დანარჩენი ფართით სხვა პირები სარგებლობდნენ, რაც გამორიცხავდა ი. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 68,80 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა შესაბამისი ფართის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის კანონიერ სარგებლობაში გადაცემა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის, 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (მუხლი 1.1). მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კი განმარტებულია, რომ კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით (სუს განჩინებები საქმეებზე - №ბს-955-946(კ-16), № ბს-250-246(კ-15), №ბს-1177(კ-21).
ამდენად, მართებულია კასატორის მოსაზრება, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს ბინის კანონიერ მოსარგებლედ, აუცილებელია პირს ჰქონდეს ფართით სარგებლობის უფლების დამდგენი დოკუმენტი და დასტურდებოდეს საპრივატიზებო ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, თუმცა დასახელებული ნორმა ცხადყოფს, რომ პირის მიერ უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არა მარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტებით, როგორიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, არამედ სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც. მოცემული ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასში ასახულია დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი, რაც, თავის მხრივ, ქმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ასეთი ჩამონათვალის განვრცობის, ნორმის ფართო განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასებისას ორგანომ უნდა იმოქმედოს არსებული ნორმატიული ბოჭვის ფარგლებში. წარდგენილი დოკუმენტების შეფასების შესაძლებლობის თავისუფლება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების გარეშე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ი. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საცხოვრებელი ფართით კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ დასტურდებოდა ი. ჩ-ის მიერ წარდგენილ სხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით უძრავი ქონების კანონიერად ფლობის ფაქტი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ საქმეში დაცული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის 2010 წლის 25 აგვისტოს საინფორმაციო ბარათის თანახმად, მოსარჩელე ი. ჩ-ის დედა, აწ გარდაცვლილი ა. გ-ი - 1961 წლის 25 აპრილიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. №46 (რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი საინფორმაციო ბარათზე მითითებული არ არის). ასევე დადგენილია, რომ ა. გ-ის გარდაცვალების შემდგომ, მისმა შვილმა, ი. ჩ-იმა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ 2015 წლის 9 ნოემბრის ზოგადი სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის მთელი ქონება, მასში შემავალი აქტივებით, პასივებით, უფლებებით და ვალდებულებებით. 2015 წლის 28 სექტემბრის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით ირკვევა, რომ თავად ი. ჩ-იც 1981 წლის 23 ივნისიდან რეგისტრირებულია, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №46-ში (რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი საინფორმაციო ბარათზე მითითებული არ არის). ამასთან, მისი პირადობის მოწმობის ასლით ირკვევა, რომ ... წლის ...ს დაბადებული ი. ჩ-ის მისამართად მითითებულია ბათუმი, ...ის ქუჩა №46.
საქმეში ასევე წარმოდგენილია, აბონენტის-ა. გ-ის, კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები, რომლებზეც რეგისტრაციის მისამართად მითითებულია: ბათუმი, ...ის კორპუსი №46, ბინა N1.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, როგორიცაა, საცხოვრებელი ფართის პირადი სააღრიცხვო ბარათი და კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, დასტურდება ის, რომ აწ გარდაცვლილ ა. გ-ის ფაქტობრივ სარგებლობაში გააჩნდა ...ის ქუჩა №46-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი (ბინა), რომლის ფლობა-სარგებლობას განაგრძობს მისი შვილი, ი. ჩ-ი.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შესახებ, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა რის საფუძველზე გამორიცხა მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართის მისთვის კანონიერ სარგებლობაში გადაცემა, მით უფრო, იმ პირობებში, როცა ი. ჩ-ის დედა, რომლისგანაც მოსარჩელემ სამკვიდრო მიიღო იმ დროს არსებული ,,ჩაწერის ინსტიტუტის“ საფუძველზე, უდავოდ იყო რეგისტრირებული 1961 წლიდან გარდაცვალებამდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. №46, ხოლო თავად მოსარჩელე - 1981 წლიდან დღემდე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის №ბს-180-177(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „...ზემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებიდან და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც გამყარებულია კანონით დადგენილი წესით დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტებით, სადავო ბინაში ს. ი-ის იმ დროს არსებული „ჩაწერის ინსტიტუტის“ საფუძველზე 60-წლიანი რეგისტრაციის ფაქტი, მიჩნეულ უნდა იქნეს იმ „სხვა დოკუმენტად“, რომელიც მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით მაშინ, როცა სადავო ფართზე არ არსებობს სხვის სახელზე გაცემული ბინის ორდერი და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ს. ი-ის მიერ ამ ფართის კანონიერი სარგებლობის ფაქტი.“
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის №ბს-257-254(კ-12) განჩინებაზე, რომელშიც განიმარტა, რომ „საბჭოური ჩაწერის ინსტიტუტი“, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს (სუსგ საქმეზე №ბს-1001(2კ-21)).
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია ი. ჩ-ის მფლობელობაში არსებული კონკრეტული ფართი, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის. კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №46-ში სახლის პირველ სართულზე მდებარე, რამდენიმე ოთახისგან შემდგარი 68.80 კვ.მ საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით უდავოდ დასტურდება აწ გარდაცვლილ ა. გ-ისა და მისი შვილის - ი. ჩ-ის მიერ ...ის ქუჩა №46-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის ფლობა-სარგებლობის ფაქტი, არ ირკვევა კონკრეტულად რა ოდენობის ფართით სარგებლობდნენ მოსარჩელის დედა და შემდგომში თავად მოსარჩელე.
მოპასუხე მხარის მითითებით, ი. ჩ-ის მიერ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემად მოთხოვნილი ფართის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსარჩელეს რეალურად დაკავებული ჰქონდა ფართის (68 კვ.მ-ის) მხოლოდ ნაწილი - ერთი ოთახი, ხოლო დანარჩენი ფართით სხვა პირები სარგებლობენ, თუმცა, ამ ფაქტობრივი მოცემულობის შესაბამისი მტკიცებულებები, საქმეში წარმოდგენილი არაა. ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ი. ჩ-ის მოთხოვნის განხილვის ადმინისტრაციულ წარმოებაში, მითითებული პირები არ მიუწვევია დაინტერესებულ მხარედ და შესაბამისად, არ გააჩნია უფრო ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია, სადავო ფართთან მათი სამართლებრივი კავშირის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობის შესახებ და მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა საკითხი ი. ჩ-ის საცხოვრებელ ფართთან სამართლებრივი კავშირისა და ინტერესის თაობაზე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ბინაში მოსარჩელის რეგისტრაციის ფაქტი, ასევე მხედველობაში უნდა მიეღო მისი მამკვიდრებლის რეგისტრაციის პერიოდი, აბონენტად რეგისტრაციის ფაქტი. სადავო ბინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირთა განმარტებების მოსმენის შედეგად, უნდა დაედგინა სადავო საცხოვრებელი ბინის კანონიერი მოსარგებლეები, უნდა გაერკვია, ი. ჩ-ი პირადად ხომ არ წარმოადგენდა ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების უფლების მქონეს, თუ მას, მხოლოდ როგორც კანონიერი მოსარგებლის მემკვიდრეს, ჰქონდა უფლება, მოეთხოვა ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, მოპასუხეს უნდა გამოეკვლია საკითხი ბინაზე სხვა დაინტერესებულ პირთა არსებობისა და სადავო ფართის ზუსტი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებაც. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა გამოერკვია, ხომ არ არსებობს სადავო ბინაზე სხვის სახელზე გაცემული უფლების დამდგენი აქტი, ორდერი ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რაც გამოკვეთს სადავო ფართთან დაკავშირებით არსებულ კერძო ან საჯარო ინტერესს. მხოლოდ ამ გარემოებათა გამოკვლევისა და სწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგად იქნებოდა შესაძლებელი, საკითხის სრულყოფილი და სწორი გადაწყვეტა.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და
96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ.სხირტლაძე