Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-954(კ-23) 21 დეკემებრი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე)- საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ბ-ი

მესამე პირი (სასკ 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

2021 წლის 20 აპრილს ნ. ბ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოპასუხისთვის მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 8 000 (რვა ათასი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

კასატორი-საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413.1, 992-ე და 1005.3 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენით, ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში კი პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით პროკურატურისთვის ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას და ყურადღებას ამახვილებს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად პირის გამართლებისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულმა ყველა მოქმედებამ არამართლზომიერი ხასიათი შეიძინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედების აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებები გააჩნია. შესაბამისად, პირის გამართლების შემთხვევაშიც ვერ მიენიჭება კანონის საფუძველზე განხორციელებულ მოქმედებებს არამართლზომიერი ხასიათი. მით უფრო, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს პროკურატურის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებად.

კასატორის განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის უკანონო ბრალდებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა და დაკისრებული თანხის ოდენობის გონივრულობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. ამასთან, თუკი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ქმნის, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის არაბრალეულობის პირობებშიც კი, თუკი დადასტურდება ქმედების უკანონობა და იარსებებს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მარეაბილიტირებულ გარემოებად განხილულ უნდა იქნეს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც ადასტურებს, რომ პირს დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პირის დაპატიმრება/მსჯავრდება ავტომატურად უკანონოდ მიიჩნევა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით ნ. ბ-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში; ნ. ბ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა; ნ. ბ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; ბრალდებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა. შესაბამისად, სახეზეა ნ. ბ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უკანონო ბრალდებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის/აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების ან უკანონო მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიან ანაზღაურებაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. „პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სისხლის სამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ქმნის ერთგვარ დისკომფორტულ, სტრესულ სიტუაციას. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა.“ (სუსგ №ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.).

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).

განსახილველ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ოდენობის შეფასებისას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოსარჩელის უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდს და წარდგენილი ბრალდების არსს, ნეგატიურ განცდებსა და სტრესს, რაც თან ახლავს ამ მდგომარეობას და ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას დაკისრებული ზიანის ოდენობის შეუსაბამობის თაობაზე. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული თანხა ვერ მოახდენს მისთვის მიყენებული ზიანის სრულ კომპენსირებას, ემსახურება მხოლოდ მიყენებული უარყოფითი შედეგების შემსუბუქებას და შეუძლებელია თანხობრივად სრულად იქნეს გამოხატული ყველა ის ნეგატიური განცდა, რაც მოსარჩელეს სადავო შემთხვევაში მიადგა. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის 8 000 (რვა ათასი) ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯმდომარე: გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე