Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-965(კ-23) 21 დეკებერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე)- საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ჯ-ი

მესამე პირი (სასკ 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

2023 წლის 13 მაისს დ. ჯ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მორალური ზიანის სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარის, მატერიალური ზიანის სახით (სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი) - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 2 000 (ორი ათასი) ლარისა და მატერიალური ზიანის სახით - 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

კასატორი, საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413.1, 992-ე და 1005.3 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენით, ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში კი პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით პროკურატურისთვის დ. ჯ-ის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას და ყურადღებას ამახვილებს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად პირის გამართლებისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულმა ყველა მოქმედებამ არამართლზომიერი ხასიათი შეიძინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედების აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებები გააჩნია. შესაბამისად, პირის გამართლების შემთხვევაშიც ვერ მიენიჭება კანონის საფუძველზე განხორციელებულ მოქმედებებს არამართლზომიერი ხასიათი. მით უფრო, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს პროკურატურის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებად.

კასატორის განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.

კასატორი ასევე არ ეთანხმება მატერიალური ზიანის სახით ადვოკატის მომსახურების ხარჯების დაკისრებას და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ დ. ჯ-ის მიერ ადვოკატის მომსახურების ხარჯის გადახდის ფაქტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის უკანონო ბრალდებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა და დაკისრებული თანხის ოდენობის გონივრულობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. ამასთან, თუკი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ქმნის, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის არაბრალეულობის პირობებშიც კი, თუკი დადასტურდება ქმედების უკანონობა და იარსებებს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მარეაბილიტირებულ გარემოებად განხილულ უნდა იქნეს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც ადასტურებს, რომ პირს დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პირის დაპატიმრება/მსჯავრდება ავტომატურად უკანონოდ მიიჩნევა.

საქმეზე დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დ. ჯ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში; დ. ჯ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდა მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში; გამართლებულ დ. ჯ-ის განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული გირაოს არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა დ. ჯ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უკანონო ბრალდებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი სახელმწიფო ორგანოს მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

რაც შეეხება მიყენებული მორალური ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის/აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების ან უკანონო მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. „პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სისხლის სამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ქმნის ერთგვარ დისკომფორტულ, სტრესულ სიტუაციას. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა.“ (სუსგ №ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).

განსახილველ შემთხვევაში არაქონებრივი (მორალური) ზიანის ოდენობის შეფასებისას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოსარჩელის უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდს და წარდგენილი ბრალდების არსს, ნეგატიურ განცდებსა და სტრესს, რაც თან ახლავს ამ მდგომარეობას და ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას დაკისრებული ზიანის ოდენობის შეუსაბამობის თაობაზე. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული თანხა ვერ მოახდენს მისთვის მიყენებული ზიანის სრულ კომპენსირებას, ემსახურება მხოლოდ მიყენებული უარყოფითი შედეგების შემსუბუქებას და შეუძლებელია თანხობრივად სრულად იქნეს გამოხატული ყველა ის ნეგატიური განცდა, რაც მოსარჩელეს სადავო შემთხვევაში მიადგა. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის 2 000 (ორი ათასი) ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

მატერიალური ზიანის სახით სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში, დ. ჯ-ის მიერ ადვოკატებისაგან იურიდიული მომსახურების მიღება. საქმეს ერთვის 2019 წლის 19 ივნისის, დ. ჯ-ისა და მ. ბ-ეს შორის დადებული იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე №16 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგნად მითითებულია დ. ჯ-ის ინტერესების დაცვა გამოძიების ორგანოებსა და პირველი ინსტანციის სასამართლოში. იურიდიული მომსახურების საფასურად განსაზღვრულია 500 (ხუთასი) ლარი. სს „ს...ის“ 2019 წლის 12 ივლისის №29909 საგადახდო დავალების თანახმად, შპს „რ...ის“ მიერ მ. ბ-ეის სახელზე, დ. ჯ-ის იურიდიული მომსახურების საფასურად, გადახდილია თანხა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქმეში ასევე წარმოდგენილია, 2019 წლის 2 სექტემბერს, დ. ჯ-ისა და ანნა კეკენაძეს შორის დადებული შეთანხმება, იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. შეთანხმებით განსაზღვრული ჰონორარია - 1000 ლარი. საქმეში არ მოიპოვება თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა უდავოა, რომ სიხლის სამართლის დავის ფარგლებში ადვოკატი - ანნა კეკენაძე მოსარჩელის წარმომადგენლობას რეალურად ახორციელებდა. აღნიშნული მიუთითებს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სასამართლო წარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით. ადვოკატის მომსახურებისთვის ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას, უკეთუ აშკარაა, რომ პირის უფლების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია (სუსგ საქმეზე №ბს-809-805(3კ-17), სუსგ საქმეზე №ბს-432-429(2კ-17)). ამდენად, საკასაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სისხლის სამართლის დავის ფარგლებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების შესახებ. ამასთან, დავის საგნის, ამ დავის სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა - 1 500 ლარი გონივრულ შესაბამისობაშია გაწეულ საადვოკატო მომსახურებასთან. რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ არის.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე