საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-969(კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ტერიტორიული ერთეული
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. გ-იმა 2022 წლის 24 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ძველი თბილისის ტერიტორიული ერთეულის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 30 ნოემბრის №2018/01 გადაწყვეტილებისა და ნ. გ-ისთვის 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე პერიოდის სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 6 იანვრის №04/54 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ნ. გ-ის სასარგებლოდ 2019 წლის პირველი დეკემბრიდან 2021 წლის პირველ დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 30 ნოემბრის №2018/01 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 6 იანვრის №04/54 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის მოთხოვნა 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე პერიოდის სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის პირველი დეკემბრიდან 2021 წლის პირველ დეკემბრამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით კვლავ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/მ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის თანახმად: - პენსიის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება; - პენსია განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისთვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან; - პენსიის შეჩერების წყაროა პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება (სს „ლ...“), რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
კასატორის მითითებით, სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ხაზის მონაცემების თანახმად, მოქალაქე ნ. გ-ის, რომელიც სახელმწიფო პენსიის მიმღებად რეგისტრირებული იყო სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში (ძველი თბილისი), 2018 წლის პირველი დეკემბრიდან, სს „ლ...ს“ ინფორმაციის საფუძველზე, შეუჩერდა პენსიის ჩარიცხვა, 1-წლიანი მინდობილობის ვადის გასვლის გამო, რის შესახებაც 2018 წლის 3 დეკემბრის №04-00-ძ/48758 წერილი გაეგზავნა ნ. გ-ის (წერილი დაუბრუნდა საქალაქო ცენტრს აღნიშნულ მისამართზე „ადრესატის არყოფნის გამო“). ნ. გ-იმა პენსიის განახლების მოთხოვნით, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ძველი თბილისი) მიმართა 2021 წლის 19 ნოემბერს, რომელსაც სახელმწიფო პენსია განუახლდა კანონის შესაბამისად, განცხადებით მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამასთან, 2021 წლის დეკემბრის თვის პენსიასთან ერთად, აუნაზღაურდა 1 წლის მიუღებელი თანხა შეჩერების დღიდან - 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ნ. გ-ი სახელმწიფო პენსიით უზურნველყოფილია კანონმდებლობის შესაბამისად და დარჩენილი პერიოდის (2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე) თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს არ გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის, მიუღებელი პენსიის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიუმართაობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაოობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი, ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება, აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით, წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, პენსია განახლდება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთან, დასახელებული კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო პენსის შეჩერებას, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, მინდობილობის განუახლებლობისას და სხვა შემთხვევებშიც, ასევე განახლებას - სააგენტოსათვის მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 30 ნოემბრის №2018/01 გადაწყვეტილებით ნ. გ-ის შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის გაცემა 2018 წლის პირველი დეკემბრიდან. ნ. გ-ის 2021 წლის 19 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ტერიტორიული ერთეულის 2021 წლის 22 ნოემბრის №51460/2021/1 გადაწყვეტილებით განახლდა შეჩერებული პენსიის ჩარიცხვა მიმართვის მომდევნო თვიდან და გაიცა შეჩერებიდან 1 წლის პერიოდის პენსია. ამავე სააგენტოს 2022 წლის 6 იანვრის №04/54 გადაწყვეტილებით მოსარჩელის წარმომადგენელს მისივე განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სააგენტოში დაცული სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემების მიხედვით, მოქალაქე ნ. გ-ის, რომელიც სახელმწიფო პენსიის მიმღებად რეგისტრირებული იყო სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში (ძველი თბილისი), 2018 წლის პირველი დეკემბრიდან, სს „ლ...ს“ ინფორმაციის საფუძველზე, შეუჩერდა პენსიის ჩარიცხვა, 1-წლიანი მინდობილობის ვადის გასვლის გამო, რის შესახებაც გაეგზავნა საქალაქო ცენტრის 2018 წლის 3 დეკემბრის №04-00-ძ/48758 წერილი (წერილი დაბრუნდა საქალაქო ცენტრში, აღნიშნულ მისამართზე ,,ადრესატის არყოფნის გამო“). ამასთან, სს „ლ...ს“ 2022 წლის პირველი ივნისის №11065/7-022206213 წერილით დასტურდება, რომ ნ. გ-ის ანგარიშზე ჩარიცხული სოციალური თანხები გატანილია მისი ძირითადი ბარათით და შესაბამისად, თანხები მინდობილობით არ არის გაცემული.
საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ არ დასტურდებოდა ნ. გ-ის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის ფაქტი, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში; ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება; აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით. ამრიგად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელე ნ. გ-ის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედებდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, რაც ეწინააღმდეგებოდა ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებს, ხოლო აღნიშნული გარემოებები ქმნიდა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.
აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობა, საკასაციო პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის, ნ. გ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის პირველი დეკემბრიდან 2021 წლის პირველ დეკემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დაკისრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე