Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-988(კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ი (დ. კ-ეის უფლებამონაცვლე)

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრი (გლდან-ნაძალადევი)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. კ-ემ 2021 წლის 6 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდან-ნაძალადევი) მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, დ. კ-ეისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) 2019 წლის 30 სექტემბრის №04/51258 გადაწყვეტილების, ამავე ცენტრის 2021 წლის 19 აპრილის №04-00-გ/4091 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 2 ივნისის №04/5684 გადაწყვეტილებისა და ამავე სააგენტოს 2021 წლის 14 ივლისის №04/7217 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის (გლდანი-ნაძალადევი) დ. კ-ეის სასარგებლოდ 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დ. კ-ეისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) 2019 წლის 30 სექტემბრის №04/51258 გადაწყვეტილება, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) 2021 წლის 19 აპრილის №04-00-გ/4091 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 2 ივნისის №04/5684 და ამავე სააგენტოს 2021 წლის 14 ივლისის №04/7217 გადაწყვეტილებები; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (გლდანი-ნაძალადევი) დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის პირველი ივლისის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება დ. კ-ეის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება და აწ გარდაცვლილი დ. კ-ეის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ნ. გ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით კვლავ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/მ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის თანახმად: - პენსიის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა; - პენსია განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისთვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან; - პენსიის შეჩერების წყაროა პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება (სს „ლ...“), რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლები, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) მე-8 და მე-9 მუხლები იმპერატიულად მიუთითებენ პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლებზე, შეჩერება-შეწყვეტის წყაროსა და ვადებზე. შესაბამისად, აღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ ინტერესების გათვალისწინებით, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე, მოცემულ შემთხვევაში, ვერ განხორციელდებოდა ადმინისტრაციული წარმოების ისეთი პირობების დაცვა, როგორიცაა დაინტერესებული პირის წინასწარი ინფორმირება და მისი ჩართვა ასეთ წარმოებაში. კასატორი მიუთითებს, რომ დ. კ-ეისათვის შეჩერებული სახელმწიფო პენსიის განახლება განხორციელდა მისი დროებითი მხარდამჭერი პირის განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და აუნაზღაურდა მიუღებელი პენსია წარსული დროისათვის არა უმეტეს პენსიის შეჩერებიდან ერთი წლისა.

კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ სააგენტოს მხრიდან გადაწყვეტილების მხარისათვის გაუგზავნელობის შესახებ მსჯელობა არამართებულია, რადგან დგინდება, რომ სააგენტოს მხრიდან გადაწყვეტილება გაგზავნილია ორჯერ, ხოლო ფოსტის მიერ ორივე შემთხვევაში დაბრუნდა უკან მითითებით - ადრესატი არ იყო სახლში. სააგენტოს მოსაზრებით, დ. კ-ეის პენსიის ადმინისტრირებისას სააგენტომ სრულად დაიცვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, პენსიის შეჩერების თაობაზე ბენეფიციარის და მისი ოჯახის წევრის წერილობით ინფორმირების ნაწილში, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის მიუღებელი პენსიის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიუმართაობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, პენსია განახლდება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთან, დასახელებული კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო პენსის შეჩერებას, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, ასევე განახლებას - სააგენტოსათვის მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დ. კ-ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 6 თვის პენსიის მიუღებლობის გამო, შეუჩერდა პენსიის მიღება. აღნიშნულ ფაქტს, არ უარყოფს მოსარჩელე მხარე და განმარტავს, რომ დ. კ-ეის ანგარიშზე პენსიის დაგროვება განაპირობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ წასვლამ. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის №04-00-გ/4091 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განაცდური 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პენსიის ანაზღაურებაზე. ასევე დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2019 წლის 26 დეკემბერს ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა ა. გ-იმა მისი მეუღლის კუთვნილი პენსიის ასაღებად, თუმცა აღმოაჩინა, რომ მის ანგარიშზე თანხა არ ირიცხებოდა. მითითებულის თაობაზე კი დ. კ-ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილებიდან შეტყობინება არ მისვლია. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილებით ისე განხორციელდა მოსარჩელის მიმართ ასაკობრივი პენსიის შეჩერება, რომ მოპასუხეს არ უცნობებია მოსარჩელე მხარისთვის. შესაბამისად, იგი არ იყო ინფორმირებული სახელმწიფო გასაცემელის - პენსიის მისთვის შეჩერების თაობაზე, ვინაიდან არ მომხდარა მის მიმართ გამოცემული, ზემოხსენებული აქტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარება. ამასთან, მის მიმართ არ განხორციელებულა მოკლეტექსტური შეტყობინების ან სხვა რაიმე ინფორმაციის შემცველი წერილის გაგზავნა, რომლის საშუალებითაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდებოდა პენსიის შეჩერების ფაქტი.

საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერების შესახებ მიღებული აქტის მოსარჩელისათვის გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობას. ამრიგად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელე დ. კ-ეის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედებდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, რაც ეწინააღმდეგებოდა ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებს, ხოლო აღნიშნული გარემოებები ქმნიდა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.

აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობა, საკასაციო პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის, დ. კ-ეის უფლებამონაცვლის - ნ. გ-ის სასარგებლოდ, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დაკისრებას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე