Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განსჯადი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შესახებ

საქმე №ბს-1000(გ-23) 19 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა კ. ი. ა. ა. კ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ი. ა. ა. კ-ის წარმომადგენელმა მ. ჩ-იმა 2023 წლის 12 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მაისის №MIA 3 23 01464161 ბრძანება; 2. დაევალოს მოპასუხეს საქმეზე მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის შემდეგ განახორციელოს ქმედება, რითაც დაკმაყოფილდება კ. ი. ა. ა. კ-ის საჩივარი.

სარჩელის მიხედვით მოსარჩელე არის ერაყის მოქალაქე, რეგისტრირებულ ქორწინებაშია საქართველოს მოქალაქე ი. ა-ითან, რომელთან თანაცხოვრებისას 2020 წლის 10 მარტს შეეძინა შვილი - დ. ა-ი და მის აღზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოსარჩელე, როგორც მამა.

მოსარჩელეს საქართველოში ყოფნის დროს კანონიერად, დოკუმენტაციის გაფორმების მიზნით, მიმართული ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრისათვის ბინადრობის მოწმობის მოთხოვნის მიზნით და მიენიჭა პირადი ნომერი .... მას ასევე შეძენილი აქვს უძრავი ქონება საქართველოში, კერძოდ, ქ. თბილისი, ვარკეთილის მასივი ..., კვარტალი ..., კორპუსი ..., ბინა N... ს/კ ... აღნიშნული ქონება გააფორმა ასევე მის შვილზე.

2022 წლის 16 იანვარს, მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მოსარჩელეს სასწრაფოდ მოუწია საქართველოს დატოვება, რის შემდგომაც ვერ შეძლო საქართველოში დაბრუნება, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 2022 წლის 05 ნოემბერს საქართველოს ვიზის გაცემაზე სრულიად გაუგებარი საფუძვლით ეთქვა უარი. შედეგად, მოსარჩელე ვერ ახერხებს საქართველოში შემოსვლას და საკუთარი ოჯახის მონახულებას, რაც მძიმედ მოქმედებს როგორც მასზე, ასევე, მის მცირეწლოვან შვილზე, რომელიც ყოველდღიურად განიცდის მამის არ ყოფნას.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 09 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მოპასუხეს და ითხოვა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით გაეცა შემოსვლისას თანხმობა, თუმცა 2023 წლის 06 მარტის წერილით დაუსაბუთებლად ეთქვა უარი შემოსვლაზე. უარის მიუხედავად 2023 წლის 15 მაისს მან კვლავ სცადა შემოსვლა საქართველოში, თუმცა შემოსვლისას კვლავ ბუნდოვანი საფუძვლით ეთქვა უარი, რაც კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 24 მაისის ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელისათვის გაურკვეველია საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანება აყენებს პირდაპირ ზიანს, შესაბამისად ითხოვს მის ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით, კ. ი. ა. ა. კ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13.05.2022 წ. N13 დადგენილებით დამტკიცებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ...ს ადმინისტრაციული ერთეული წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უარი ეთქვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) გამტარი პუნქტის ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნიდან და სადავო აქტის შინაარსიდან გამომდინარე, რომლითაც კ. ი. ა. ა. კ-იმა ვერ დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისათვის დადგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, საქმე განხილული უნდა ყოფილიყო ფაქტის ადგილის მიხედვით, აღნიშნულს კი წარმოადგენდა - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) გამტარი პუნქტი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაშია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ხელს შეუწყობდა მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სადავო 24.05.2023წ. ბრძანების მიხედვით, 05.05.2023წ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) გამტარ პუნქტში კანონის შესაბამისად შედგა აქტი (გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ). სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება“, რომლის თანახმად, დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო (6.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.). დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო: ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სავიზო და საპასპორტო კონტროლს, გასცემს საქართველოს ვიზას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...) შედის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში, ეს უკანასკნელი კი საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა ფაქტის ადგილის, არამედ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. დავაზე მოპასუხეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. N38. ამდენად, დავა განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ 06.06.2012 წ. საქმეზე №ბს-1394-1377(კ-11)). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი). „სასამართლოს არჩევის უფლება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს სასამართლოების ალტერნატიულ განსჯადობასთან - როცა საქმე სხვადასხვა საფუძვლებით თანაბრად რამდენიმე სასამართლოს განსჯადია. ეს უფლება არ მოქმედებს, თუ რომელიმე სასამართლოს კონკრეტულ საქმეზე აქვს ექსკლუზიური სპეციალური განსჯადობა“ (ავტორთა კოლექტივი, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2020).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ 28.05.2020წ. №ბს-430 (გ-19)).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, რეალაქტის განხორციელების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის (სუსგ 21.11.2019წ. №ბს-753-753(გ-18)).

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიკურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით (განსახილველი დავის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განსჯადობის საერთო წესს (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით) და სხვა საგამონაკლისო მოწესრიგებებს (მაგ.: ნივთობრივი განსჯადობა, განსაკუთრებული განსჯადობა და სხვ.). აღნიშნულ ნორმათა მიხედვით კონკრეტული დავის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა სასამართლო არის ნორმათშეფარდებაზე და არა ნორმათშემოქმედებაზე უფლებამოსილი სუბიექტი. სასამართლო ადგენს კონკრეტული დავის განხილვაზე ტერიტორიულად უფლებამოსილ შესაბამის სასამართლოს, თუმცა ეს ხორციელდება არსებული ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში და არა ახალი მოწესრიგების შემოღების საფუძველზე. სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშაოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებური, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტას არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი გააჩნია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს, ხოლო საქმის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის და მოპასუხის სამართლებრივი შეხედულებები მხედველობაში არ მიიღება; განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უპირობოდ საკასაციო ინსტანციის პრეროგატივაა.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის ტერიტორიული განსჯადობა განსაზღვრა „ფაქტის ადგილის“ მიხედვით, თუმცა განჩინება არ შეიცავს შესაბამის კონკრეტულ ნორმაზე მითითებას, რაც განაპირობებდა „ფაქტის ადგილის“ მიხედვით დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრის შესაძლებლობას. საქალაქო სასამართლომ დავის ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრისას უგულებელყო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილია შეცილებითი სარჩელი და ითხოვს ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, რომლის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე (261-ე მუხ.). საქართველოში უცხოელის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ აქტის მართლზომიერების დადგენასთან დაკავშირებული დავა არ შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, შესაბამისად, იურიდიული პირის მიმართ სარჩელის წარდგენისას ტერიტორიულად განსჯად სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს მოპასუხედ დასახელებული იურიდიული პირის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფელი (ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. N38). ამრიგად, მართებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.

მოცემული დავის თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი კუთვნილებას ასევე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებულია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება, რომლის გამომცემია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ დადგენილ განსჯადობის წესზე გავლენას ვერ იქონიებს პირველადი აქტის - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ მე-11 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ცალკეულ სამსახურებს (პირველადი აქტის გამომცემი სტრუქტურული ერთეული) დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებენ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებლად და დეპარტამენტის სახელით. შესაბამისად, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 15.05.2023წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაშიც განსჯად სასამართლოდ განისაზღვრება თბილისის საქალაქო სასამართლო, რამდენადაც მოპასუხედ დასახელდება არა სტრუქტურული ერთეული, არამედ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (ანალოგიურ საკითხზე იხ. სუსგ საქმეზე 05.10.2023წ. №ბს-999(გ-23); 29.07.2022წ. Nბს-959(კ-21).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ი. ა. ა. კ-ის სარჩელი მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ი. ა. ა. კ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა