საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1081(კს-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - მ. ბ-ე
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - გ. თ-ი
დავის საგანი - შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ბ-ემ 2020 წლის 10 აგვისტოს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და მე-3 პირების - მ. ბ-ეისა და გ. თ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 ივლისის N... და 2016 წლის 16 მარტის N... გადაწყვეტილებები; ნ. ბ-ე დარეგისტრირდეს, ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავი ქონების 332 კვ.მ საცხოვრებელი სახლისა და 311.11 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ და მისი გაუქმება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული და დაინიშნა მისი განხილვა მთავარ სხდომაზე 2023 წლის 17 ივლისს, 14.00. საათზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ უწყება, გზავნილი და საქმის მასალები(შესაგებელი) კანონით დადგენილი წესით მრავალგზის გაეგზავნა მესამე პირს- მ. ბ-ეს, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მისამართზე, გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობაზე 2023 წლის 17 ივლისისათვის სასამართლოს ინფორმაცია არ მიუღია; სხდომა დაინიშნა სხვა დროისათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 28 ივლისს მიღებულ იქნა განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ, რომლითაც მესამე პირს- მ. ბ-ეს საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ნ. ბ-ეის სააპელაციო საჩივრის მოტივები და მოთხოვნები, ასევე იმავე განჩინებით ეცნობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ, 2023 წლის 31 ივლისს გამოქვეყნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში თვალსაჩინო ადგილას, ასევე, განთავსდა ვებგვერდზე და მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ფოსტის მიერ წარდგენილ იქნა გზავნილის ჩაბარების დოკუმენტები, რომლითაც მ. ბ-ეს რუსეთის მისამართზე ჩაჰბარდა სააპელაციო საჩივარი, უწყება და საქმის მასალები 2023 წლის 08 აგვისტოს. ასევე, ბათუმი, ...ის ქ. №...-ში გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა ლ. ა-ამ-რძალმა 2023 წლის 17 ივლისს 13.43.46 საათზე. დადგენილია, რომ ნ. ბ-ეის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სასამართლოს მთავარი სხდომა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გადაინიშნა 2023 წლის 11 სექტემბერს, 14.00 საათზე, აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა - მესამე პირი მ. ბ-ე, რომელმაც მოითხოვა საქმის განხილვის გადადება ადვოკატის აყვანის მიზნით. სხდომა სააპელაციო სასამართლოში მხარის შუამდგომლობის საფუძველზე რამდენჯერმე გადაინიშნა, საბოლოოდ, ნ. ბ-ეის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2023 წლის 29 სექტემბერს, 14.00. საათზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 29 სექტემბერს მესამე პირის მ. ბ-ეის და მისი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი იქნა როგორც შესაგებელი, ასევე შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც სხდომაზე გადაეცათ მხარეებს. მხარეებმა ითხოვეს სხდომის გადადება მასალების გაცნობის მიზნით. სხდომა გადაინიშნა 2023 წლის 5 ოქტომბერს, 14.00. საათზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ეის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 7 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე“ პრიმა მუხლის მოთხოვნები, რადგან განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სასამართლოს გზავნილი 2023 წლის 21 ივლისს მ. ბ-ეის პეტერბურგიდან დასასვენებლად ჩამოსულ რძალს ჩაჰბარდა, რომელმაც გზავნილს მოაწერა ხელი, მან არ იცის ქართული, ვერ ერკვევა კანონმდებლობაში და ისე დატოვა საქართველო, საჩივრის ავტორისთვის არ გადაუცია სასამართლო გზავნილი; გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით არასწორად იქნა სასამართლოს მიერ რუსეთის მისამართი მითითებული; შესაბამისად, მხარეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2023 წლის 21 სექტემბერს და არ გაუშვია შესაგებლისა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. იმავე კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მესამე პირს - მ. ბ-ეს ჯერ რუსეთის ფედერაციაში ჩაბარდა სააპელაციო საჩივარი, უწყება და მასალები 2023 წლის 8 აგვისტოს, ხოლო მანამდე სასამართლოს საჯარო შეტყობინების გზით მხარეს 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით ეცნობა ნ. ბ-ეის სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის 31 ივლისს, ხოლო მხარისათვის იგი ჩაბარებულად ჩაითვალა გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს, ანუ, 2023 წლის 7 აგვისტოს. უდავოა, რომ მ. ბ-ეს, ნ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის 8 აგვისტოს, ხოლო, საჯარო შეტყობინების გზით - 2023 წლის 7 აგვისტოს, რის შემდგომაც, იგი თავად მონაწილეობდა სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის სხდომაში. (ტ.4. ს.ფ 196-198). უდავოდ დადგენილია, რომ მხარემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა 2023 წლის 29 სექტემბერს, ანუ ნ. ბ-ეის სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან თვენახევრის შემდეგ, შესაბამისად, იგი არ არის წარმოდგენილი კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარებიდან, რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გასაჩივრებული განჩინება, კერძო საჩივრის ავტორის მიერ კანონით დადგენილი ვადის დარღვევა ქმნიდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მ. ბ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე