საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქმე №ბს-1127(კ-23) 20 დეკემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.შ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ბათილად ცნობა, ქონებრივი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
2022 წლის 15 თებერვალს ლ.შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 25 იანვრის Nბ38.382202515 ბრძანებისა ბათილად ცნობა; ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 22 ოქტომბრის N1731 ბრძანების გაცემის საფუძველზე 2015 წლის 3 აგვისტოს N1261 ბრძანების ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება (ბათილად ცნობილი მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე), რაც ჯამში შეადგენს 54561.67 ლარს; გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 22 ოქტომბრის N1731 ბრძანების გაცემის საფუძველზე, მოსარჩელე ლ.შ-ის კუთვნილი კომერციული ობიექტის (მდებარე ქალაქ რუსთავში, ...ას გამზ. N19, ბ. N...) გამოუყენებლობით მიყენებული ქონებრივი ზიანის - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 44 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში, რაც სარჩელის შემოტანის პერიოდში შეადგენდა 132000 ლარს; დ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 22 ოქტომბრის N1731 ბრძანების გაცემის საფუძველზე მოსარჩელის კუთვნილი კომერციული ობიექტის (მდებარე ქალაქ რუსთავში, ...ას გამზ. N19, ბ. N...) პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, 41466.70 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 25 იანვრის Nბ38.382202515 ბრძანება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ლ.შ-ის 2018 წლის 17 ოქტომბრის N10917/02 განცხადებაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ. მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის ადმინისტრაციულ საქმეზე N3-26-19 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, გადაწყვეტილების ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი; დასაშვებობის შემოწმება დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.
2023 წლის 14 დეკემბერს ლ.შ-ის წარმომადგენელმა- მ.მ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა, ლ.შ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით, საქმის წარმოების შეწყვეტა. 2023 წლის 18 დეკემბერს მ.მ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა იმავე შინაარსის განცხადება, რომელზეც ფიქსირდება თავად ლ.შ-ის ხელმოწერა და თანხმობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
2023 წლის 14 დეკემბერს ლ.შ-ის წარმომადგენელმა-მ.მ-მა (უფლებამოსილება დასტურდება 2015 წლის 14 ივლისს გაცემული, N150751178 რწმუნებულებით (ტ.1, ს.ფ. 233-234)) განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა, ლ.შ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით, საქმის წარმოების შეწყვეტა. 2023 წლის 18 დეკემბერს მ.მ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა იმავე შინაარსის განცხადება, რომელზეც ფიქსირდება თავად ლ.შ-ის ხელმოწერა და თანხმობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.შ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს მის სარჩელზე მიმდინარე სამართალწარმოება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 257-ე, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 284-ე, 285-ე და
დაადგინა:
1. ლ.შ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ლ.შ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდეს საქმის წარმოება;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ.სხირტლაძე