Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1372(კ-22) 14 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ჯ. ს-ემ 2019 წლის 7 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 3 ივლისის №MOD 7 19 00671171 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხაზით გამოცემის დავალება მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით ჯ. ს-ეის 12.06.2019 წლის განცხადების/მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, როგორც სამხედრო პირველი თანრიგის ...ი ხელშეკრულებით/კონტრაქტით, 1992 წლის 12 ოქტომბერს ჩაირიცხა ...-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-...ში. 1992 წლის 20 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ოჩამჩირის რაიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1992 წლის 24 ოქტომბერს მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული შეტევის დროს დაიჭრა გულმკერდის არეში და მოათავსეს ჯერ ოჩამჩირის, ხოლო შემდეგ - ქუთაისის ...ის საავადმყოფოში. 1992 წლის 10 ოქტომბრიდან 1992 წლის 10 ნოემბრამდე, როგორც პირველი თანრიგის ...ი კონტრაქტით, დააკმაყოფილეს ფულადი კმაყოფით. 2019 წლის 12 ივნისს მოსარჩელე მხარემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს და როგორც სამხედრო ორგანოდან თადარიგში დათხოვნილი სტატუსის მქონე პირმა მოითხოვა შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. იგი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით, მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 3 ივლისის №MOD 7 19 00671171 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თავდაცვის სამინისტროს ხაზით ჯ. ს-ეისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითა, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში სამინისტრო უთითებდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მნიშვნელოვან საფუძვლებზე, პალატამ არასათანადოდ გამოიკვლია საჩივარში მითითებული გარემოებები და ყოველგვარი დასაბუთებისა და მსჯელობის გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არ შეაფასეს ის გარემოება, რომ არც დასავლეთ სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის საარქივო მასალებში არ იძებნებოდა მოსარჩელის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე რაიმე სახის მტკიცებულება და არც სამინისტროს ეროვნული გვარდიის საარქივო მასალებში, კერძოდ კი, 1992-1993 წლების სახელფასო უწყისებში.

კასატორის განმარტებით, ჯ. ს-ე 1992 წლის ოქტომბერში გაწვეული იყო სამხედრო შეკრებაზე, როგორც ...ი, შესაბამისად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას არ ექვემდებარებიან ...ები, გარდა თადარიგში დათხოვნილი სამხედრო რეზერვის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეებისა. ხოლო ვინაიდან ჯ. ს-ე 1992 წლის ოქტომბერში გაწვეული იყო სამხედრო შეკრებაზე, როგორც ...ი, ვერ დააკმაყოფილა ხსენებული კანონების მოთხოვნა და მას კანონიერად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ჯ. ს-ეისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის №000597 ცნობის თანახმად დგინდება, რომ ჯ. ს-ე 1992 წლის 20 ოქტომბრიდან 1992 წლის 24 ოქტომბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებული არის დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან და სარგებლობს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით; 1998 წლის 6 მარტის №407 საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ...ს რიგითი ჯ. ბ.-ს ძე ს-ე, დაბადებული ... წელს, გაწვეულ იქნა სპეციალურ სამხედრო შეკრებაზე, ხონის სამხედრო კომისარიატის მიერ 1992 წლის 12 ოქტომბერს და ჩარიცხულ იქნა ...-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-...ში, ხოლო 1992 წლის 20 ოქტომბერს გაგზავნილი იქნა აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონში. ამავე საბრძოლო მოკვლევის თანახმად, 1992 წლის 24 ოქტომბერს, მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული შეტევის დროს, რიგითი ჯ. ს-ე დაიჭრა გულმკერდის არეში. იგი მოთავსებული იყო ოჩამჩირის საავადმყოფოში, ხოლო 25 ოქტომბერს სამკურნალოდ გადაყვანილ იქნა ქ. ქუთაისში, ...ის საავადმყოფოში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი№2) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე, აგრეთვე მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში − კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია მაძიებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ. ს-ემ, 2019 წლის 12 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს და როგორც სამხედრო ორგანოდან თადარიგში დათხოვნილი სტატუსის მქონე პირმა, მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 3 ივლისის №MOD 7 19 00671171 სადავო წერილით, ჯ. ს-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი 1992 წლის ოქტომბერში გაწვეული იყო როგორც ...ი სამხედრო შეკრებაზე, ხოლო კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას არ ექვემდებარებოდნენ ...ები, გარდა თადარიგში დათხოვნილ სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეებისა. სადავო აქტით ჯ. ს-ეს ასევე განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრისა და დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის ყოფილი ...-ე მექანიზირებული ბრიგადის საარქივო მასალებში მონაცემები 1992 წელს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, არ მოიძებნა, ხოლო ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის №93/42 წერილისა და წერილით წარმოდგენილი №10144 სამხედრო ნაწილის, 1997 წლის 10 დეკემბრის №722 ცნობის, 1998 წლის 6 მარტის №407 საბრძოლო მოკვლევის თანახმად, იგი შეკრებაზე იყო ...ის სტატუსით.

საყურადღებოა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების 2019 წლის 1 აგვისტოს №04-06-09/1390 ცნობის მიხედვით, ჯ. ს-ე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული ომის ინვალიდი, რომელსაც დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი, როგორც შშმ პირს და ასევე, როგორც ომის ინვალიდს, ჯამში 223 ლარის ოდენობით. ამდენად, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ჯ. ს-ე სამხედრო კომისარიატის მიერ 1992 წლის 12 ოქტომბერს ჩარიცხულ იქნა ...-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-...ში, იგი 1992 წლის 20 ოქტომბერს, გაგზავნილი იქნა აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონში, სადაც ამავე წლის 24 ოქტომბერს, მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული შეტევის დროს დაიჭრა გულმკერდის არეში.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 09/21/2023 №3500 კანონით) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურის დეფინიცია, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. ხოლო სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 09/21/2023 №3500 კანონით) 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამხედრო სამსახურის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა და სამხედრო შეკრებების გავლა. ამასთან, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“, ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი განსაზღვრავს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღებულის უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს, მოსარჩელე რამდენად ექცევა კომპენსაციის მიმღებ პირთა წრეში და რამდენად არსებობს კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

„საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 17/09/1997 №860 კანონით) 42-ე მუხლით სამხედრო მოსამსახურეებისა და შეკრებაზე გაწვეული ...ების უფლება-მოვალეობები განისაზღვრებოდა სამხედრო წესდებით. დასახელებული კანონის 33-ე მუხლით, შეიარაღებული ძალების რეზერვი იყოფოდა პირველ და მეორე კატეგორიებად, სახელდობრ, პირველი კატეგორიის რეზერვს ეკუთვნოდნენ: ა) ისინი, ვინც სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა თუნდაც ერთწლიანი სამსახურის ვადით; ბ) ისინი, ვინც მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებაში სამსახურის ვადის მიუხედავად; მეორე კატეგორიის რეზერვს წარმოადგენდა: ა) ისინი, ვინც სამხედრო სამსახურში ერთ წელზე ნაკლები იმსახურა; ბ) ყველა, ვისაც რაიმე მიზეზით სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია; გ) სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი ქალები. ხსენებული კანონის 34-ე მუხლი რეზერვს ასაკის მიხედვით ყოფდა სამ (პირველ, მეორე და მესამე) თანრიგად. 1998 წლის 6 მარტის №407 საბრძოლო მოკვლევის თანახმად, დადგენილია, რომ რეზერვის რიგითი ჯ. ბ.-ს ძე ს-ე დაკმაყოფილებული იყო ფულადი კმაყოფით 1992 წლის 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე, საფუძველი 1992 წლის 31 დეკემბრის N-63 ბრძანება, რიგითი-N92, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი წარმოადგენდა პირველი კატეგორიის რეზერვს. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მიზნით დანიშნულ სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა ვერ მიუთითა განმასხვავებელ ნიშნებზე შეიარაღებული ძალების რეზერვის პირველ კატეგორიასა და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეებს შორის.

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის წარმომადგენლის პოზიციას, რომ არ დასტურდებოდა ჯ. ს-ეის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში, რამეთუ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის №000597 ცნობით, 1998 წლის 6 მარტის №407 საბრძოლო მოკვლევით, საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო საექიმო კომისიის 1998 წლის აპრილის N57 დადგენილებით და საქმეში წარმოდგენილი საპენსიო საქმის მასალებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ ჯ. ს-ე 1992 წლის 20 ოქტომბრიდან 1992 წლის 24 ოქტომბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში რა დროსაც დაიჭრა გულმკერდის არეში, მოთავსებული იყო ოჩამჩირის საავადმყოფოში, ხოლო 1992 წლის 25 ოქტომბერს სამკურნალოდ გადაყვანილ იქნა ქ. ქუთაისში, ...ის საავადმყოფოში და გათანაბრებულია დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სადავო აქტში მითითებული გარემოება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრისა და დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის ყოფილი ...-ე მექანიზირებული ბრიგადის საარქივო მასალებში 1992 წელს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ მონაცემების მოუძიებლობის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით, ვერ გახდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მტკიცებულებების მოპოვების თაობაზე პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი, რამდენადაც მოსარჩელემ სარჩელზე დართული მასალებით შეძლო დაემტკიცებინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სადავო გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტის ბათილად ცნობასა და მოსარჩელისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე