Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-995(კ-23) 19 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 7 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ა. გ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 19 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №6735 ბრძანებით მოპასუხე გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ხოლო 2020 წლის 12 ნოემბერს, მოპასუხესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა №... კონტრაქტი (რომლის ფორმა დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით).

მოსარჩელემ ზემოაღნიშნული კონტრაქტის 3.1, 3.2, 3.3, 7.3. პუნქტებზე მითითებით აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 12 ნოემბრის №3556 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით და კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა 2 წელზე ნაკლები ვადით, იგი ვალდებული იყო, შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში, გადაეხადა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, რაც მას არ განუხორციელებია.

მოსარჩელემ ა. გ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 3 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ა. გ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ა. გ-ს შორის, 2020 წლის 12 ნოემბერს, 4 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. 2021 წლის 8 ნოემბერს ა. გ-მა პირადი პატაკის საფუძველზე, ოჯახური პირობების გამო, მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა. ხოლო, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 12 ნოემბრის ბრძანების თანახმად, ა. გ-ი „ამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის თანახმად (პირადი პატაკის საფუძველზე) დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 17 ნოემბრის ცნობის თანახმად, ა. გ-ს დაეკისრა ფინანსური პასუხისმგებლობა 3000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანისათვის, კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო. შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა კი შეადგინა 11 თვე და 27 დღე.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მოპასუხე მხარის მიერ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადის და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს თანხა (3 000 ლარი) არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯარიმის (პირგასამტეხლოს) შემცირების შესახებ და მიიჩნია, რომ დაკისრებული თანხა - 500 ლარის ოდენობით, იყო სამართლიანი და ნამსახურობის ვადის ადეკვატური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ კონტრაქტის დარღვევის ფაქტი, თუმცა სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით, არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.

კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეზე ვრცელდებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-18 მუხლის 11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა კანონისმიერ, ფიქსირებულ თანხას და მასზე არ ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა. გ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 500 ლარის გადახდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - ა. გ-ს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ ა. გ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის ანაზღაურების დავალებაზე უარის თქმის ნაწილში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ა. გ-ს შორის, 2020 წლის 12 ნოემბერს, 4 წლის ვადით გაფორმდა „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ ხელშეკრულება (კონტრაქტი). დასახელებული კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო ემსახურა კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 12 ნოემბრის ბრძანების თანახმად დადგენილია, რომ ა. გ-ი, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის თანახმად (პირადი პატაკის საფუძველზე) დაითხოვეს საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2021 წლის 8 ნოემბრის პირადი პატაკი, ოჯახური პირობების გამო კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. 2021 წლის 17 ნოემბრის ცნობის თანახმად კი, ა. გ-ს დაეკისრა ფინანსური პასუხისმგებლობა 3000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანისათვის, კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო. ამდენად, კონტრაქტის შეწყვეტამდე, ა. გ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 11 თვე და 27 დღე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. გ-ს შორის გაფორმებული 2020 წლის 12 ნოემბრის კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ა. გ-ის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევამ (კონტრაქტის შეწყვეტა) ავტომატურად წარმოშვა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით დაკისრების გამო, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრის მიზნით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გავრცელების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს მიჩნეული. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, ა. გ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურის ვადის, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი/გონივრული და იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას, რომ მოპასუხისთვის 500 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება არის სამართლიანი და ნამსახურობის ვადის ადეკვატური.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე