№ბს-1166(გ-23) 20 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - ვ. ნ-ი
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ. ნ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების 2022 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 18 იანვრის ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ. ნ-ის სახელზე გასცეს ვიზა და მისცეს საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა.
სარჩელის თანახმად, 2022 წლის 24 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ვ. ნ-ის უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 2022 წლის 29 დეკემბერს გასაჩივრდა ვ. ნ-ის მიერ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით ვ. ნ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით განსჯადობით გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების მე-14 მუხლზე და განმარტა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-საგზაო კონტროლის განყოფილების (...) მიერ ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე. შესაბამისად, დავის საგნიდან და სადავო აქტის შინაარსიდან გამომდინარე, რომლითაც ვ. ნ-იმა ვერ დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისათვის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, საქმე განხილული უნდა იქნეს ფაქტის ადგილის მიხედვით, აღნიშნულს კი წარმოადგენს - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-საგზაო კონტროლის განყოფილების (...) სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
სასამართლოს მოსაზრებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას. ასევე, დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ვ. ნ-ის სარჩელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვის ეტაპზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგინდა ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა ტერიტორიული განსჯადობის საკითხი და წინამდებარე საქმის მსგავსი (იდენტური) კატეგორიის საქმეები, რომლებზედაც დავის საგანი უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საკითხის კანონიერების კვლევას, განსჯად სასამართლოდ მიჩნეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია (საქმე №ბს-999(გ-23)).
სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით განსჯად სასამართლოდ აღნიშნული კატეგორის საქმეებზე მიჩნეულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო არსებითი გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე. ამასთან, სასამართლო საქმეს განსახილველად ვერ გადასცემდა კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს შემდეგ წესრიგს - სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით, რის გამოც საქმე სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, უნდა გადასცემოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების 2022 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 18 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა. მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. აქტი (2022 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება), რომელზეც ადმინისტრაციული საჩივარი იქნა წარდგენილი, გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განსჯადობის საერთო წესს (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით) და სხვა საგამონაკლისო მოწესრიგებებს (მაგ.: ნივთობრივი განსჯადობა, განსაკუთრებული განსჯადობა და სხვ.). სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშავოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებური, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის ტერიტორიული განსჯადობა განსაზღვრა „ფაქტის ადგილის“ მიხედვით ისე, რომ არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც მას „ფაქტის ადგილის“ მიხედვით დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრის შესაძლებლობას მიანიჭებდა. აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისას განმსაზღვრელი არ არის ის ტერიტორია, სადაც აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მოცემულობა განხორციელდა. საქალაქო სასამართლომ დავის ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ითხოვს ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომლის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სამართლადარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე (261-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში დავა არ შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსჯადობის საერთო წესს განსაზღვრავს და იურიდიული პირის მიმართ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ტერიტორიულად განსჯად სასამართლოდ ასახელებს სასამართლოს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მოპასუხე იურიდიული პირის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, რამდენადაც მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის რაიმე სპეციფიურ წესს არ ითვალისწინებს და სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით. ამდენად, ერთმნიშნიშვნელოვნად დგინდება, რომ ვ. ნ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსავლაზე უარის თქმის შესახებ, რომელზეც წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) მიერ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაზე, რომლის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო. ამავე დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...). ამდენად, მოსარჩელის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სამსახური, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებად და დეპარტამენტის სახელით. ამასთანავე, მოსარჩელის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე ხელმომწერია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მიხედვით, დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველო და მისი სამსახურები არ სახელდება დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს შორის, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაც მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება (მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები). შესაბამისად, პირველადი აქტის გასაჩივრების პირობებშიც მოპასუხეს წარმოადგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რადგანაც აღნიშნული აქტი გამოცემულია მისი სახელით, ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე