ბს-517(კ-23) 21 დეკემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ს-ამ 22.11.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი კომპენსაციის - 7920 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.11.2021წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი საქმეში ჩაება მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2022წ. გადაწყვეტილებით, ზ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ზ. ს-ას სასარგებლოდ ზიანის 7920 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18, სზაკ-ის 207-ე-208-ე, სკ-ის 992-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ პირისთვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულება დადგენილია მითითებული საკანონმდებლო აქტებით. ზ. ს-ამ 26.09.2016წ. სოციალური პაკეტის მიღების მიზნით, განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, სოციალური პაკეტი დაენიშნა 2021 წლის 1 მაისიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. №279 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პაკეტის გაცემის წესიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ვალდებულება გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე მიიღოს განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში და მისი საფუძვლიანობის დადასტურების შემთხვევაში განცხადების წარდგენის მომდევნო თვიდან გასცეს სოციალური პაკეტის გაცემის წესით განსაზღვრული თანხა. მოსარჩელის უფლება სოციალური პაკეტის მიღებაზე შეზღუდული იქნა მოპასუხის ბრალეული ქმედებით, რის გამო ზ. ს-ამ ვერ შეძლო მისთვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის აღნიშნულ პერიოდში მიღება, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის მიუღებელი პენსიის დაკისრებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მოსარჩელის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია 2016 წელს ვერ გაიცა, ვინაიდან ზ. ს-ას პირადი საქმე არქივში არ აღმოჩნდა, ხოლო ცნობის გასაცემად საკმარისი მტკიცებულებები სამინისტროში მოსარჩელეს არ წამოუდგენია. მან მტკიცებულებები წარადგინა სასამართლო პროცესზე, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი სამინისტროს ხელახლა უნდა გამოეკვლია. მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ გარემოებები, რომლებიც სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემის შეუძლებლობას უკავშირდებოდა, ასევე არ გამოუკვლევიათ სამინისტროსთვის როდის გახდა ცნობილი ზ. ს-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც იძლეოდა ცნობის გაცემის შესაძლებლობას. აღნიშნული საკითხის გამოკვლევის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს არსებობს თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და არის თუ არა აღნიშნული გამოწვეული შს სამინისტროს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზ. ს-ას პირადი საქმის არქივში არარსებობის გამო სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ცნობა, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით არ არსებობს სამინისტროსთვის თანხის დაკისრების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ზ. ს-ამ 26.09.2016წ. განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა საომარ მოქმედებებში ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დადასტურება. სამინისტროს 13.10.2016წ. წერილით ზ. ს-ას ეცნობა, რომ საბრძოლო დავალებების შესასრულებლად, კონფლიქტურ ზონებში მივლინებისა და საომარ მოქმედებებში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია შს სამინისტროს საარქივო ფონდში არ არის დაცული. საქმის მასალებში დაცული კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.08.2017წ. გადაწყვეტილებით, ზ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შს სამინისტროს 13.10.2016წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი გარემოების დადასტურებაზე სამინისტროს უარი იმის გამო, რომ მასთან ზ. ს-ას პირადი საქმე არ ინახება, უსაფუძვლოა, სასამართლოს მითითებით მოპასუხე შს სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს გარემოებები, ვინაიდან სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზ. ს-ას პირადი საქმის არარსებობით ის მოკლებული იყო გაეცა ცნობა, უსაფუძვლოა და არ წარმოადგენს ზიანის დაკისრების გამომრიცხავ პირობას.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.08.2017წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შს სამინისტრომ მიიღო 16.08.2018წ. გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ზ. ს-ას III-IV ხარისხის სმენის სენსონევრალგიური დაქვეითება (მძიმე) მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. საქმის მასალებში დაცული კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2019წ. გადაწყვეტილებით ზ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შს სამინისტროს 16.08.2018წ. გადაწყვეტილება და სამინისტროს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც ზ. ს-ას დაუდასტურდება ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს. დადგენილია, რომ აღნიშნული გარემოების საფუძველზე ზ. ს-ას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის „გ.ა“ პუნქტის საფუძველზე 2021 წლის პირველი მაისიდან დაენიშნა სოციალური პაკეტი, ამასთან, შს სამინისტროს 26.08.2021წ. წერილით ზ. ს-ას უარი ეთქვა მისთვის, 2016 წლის 26 სექტემბრიდან 2021 წლის 1 მაისამდე მიუღებელი პენსიის - 7920 ლარის ანაზღაურებაზე. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ზ. ს-ამ 26.09.2016წ. შს სამინისტროში წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი ცნობა ვერ მიიღო და შესაბამისად ვერ მოახდინა თავისი უფლების რეალიზაცია (სოციალური პაკეტის მიღება), შს სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო. ამდენად, საქმეში დაცული დოკუმენტების, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებისა და საქმეზე დადგენილი გარემოებების საფუძველზე დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შედეგად მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება მოჰყვა, ასევე დასტურდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა პირის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, შესაბამისად, მოთხოვნა მიუღებელი სოციალური გასაცემლის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი