Facebook Twitter

საქმე №ბ-1644-6(გან-23) 25 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - შპს „უ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინების (საქმე №ბ-1365-5(ა-23)) განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „უ...მ“ 18.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 14.03.2017წ. №... და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 06.04.2017წ. №116671 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, აგრეთვე შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. განცხადებისა და 29.03.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე მოპასუხის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.2017წ. განჩინებით, შპს ,,უ...ს“ შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილებით, შპს „უ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. განცხადებასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს ,,უ...ს’’ მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, შპს „უ...მ“ დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნით ასევე მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინებით შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.05.2018წ. გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებით (საქმე №ბს-883 (2კ-20)), შპს ,,უ...ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება შპს „უ...ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

შპს „უ...ს“ დირექტორმა ი. კ-იმა 06.10.2023წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო №ბს-883(2კ-20) საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინება არსებითად დაფუძნებულია ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის 21.01.2008წ. დადგენილებასა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის 11.10.2011წ. წერილზე, რომლებიც გაუქმდა საოლქო პროკურატურის მიერ. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნულმა გარემოებამ სსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოშვა საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინებით (საქმე №ბ-1365-5(ა-23)) შპს „უ...ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით შპს „უ...ს“ უნდა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიისთვის, ანუ სასამართლოსთვის, რომელმაც არსებითად იმსჯელა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება, ასევე მიეთითა, რომ საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინებით (საქმე №ბს-883 (2კ-20)) საჯარო რეესტრის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, შესაბამისად, მითითებულ ნაწილში სამართალწარმოება არ დასრულებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ არის შესული კანონიერ ძალაში, ამდენად, არ არსებობდა საქმის წარმოების განახლების დასაშვებობის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობა - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოებების გამო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს „უ...ს“ განცხადება დარჩა განუხილველი.

შპს „უ...მ“ 28.11.2023წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინების (საქმე №ბ-1365-5(ა-23)) განმარტება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ განჩინება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან ერთი მხრივ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების კომპეტენციას ანიჭებს პირველი ინსტანციის სასამართლოს, ხოლო მეორე მხრივ პირველი ინსტანციის სასამართლოს ერთმევა წარმოების განახლებაზე დამოუკიდებლად მსჯელობის უფლება „ახლად აღმოჩენილი გარემოებისთვის“ „ფაქტის“ სტატუსის მინიჭებით. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის იმ დადგენილების გაუქმება, რომელზეც დაყრდნობილია, როგორც მოპასუხის ყველა, ისე სასამართლოს გადაწყვეტილება იმეორებს სსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ პუნქტის პირობას: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას გაუქმდა. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა საკასაციო სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინებაში საერთოდ არ არის მოხსენებული მიუხედავად იმისა, რომ შპს „უ...ს“ 06.10.2023წ. განცხადებას მითითებულ ნორმას ეფუძნებოდა. აღნიშნული წარმოშობს განმარტების საჭიროებას. თუ საკანონმდებლო ნორმით „სხვა ორგანოს დადგენილების“ გაუქმება მიჩნეულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რატომ ჩაითვალა პროკურატურის დადგენილების გაუქმება არა „ახლად აღმოჩენილ გარემოებად“, არამედ „ახალ ფაქტად“. საოლქო პროკურატურის 21.01.2008წ. დადგენილების გაუქმებით რეალურად არანაირი „ახალი ფაქტი“ არ წარმოშობილა. დადგენილების მიხედვით, გამოძიება ჩატარდა 1998წ. შპს „უ...ს“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის დროს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა ასეთი სააგენტო 1998წ. არ არსებობდა, ამასთან, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო პროკურატურას საერთოდ უარი უნდა ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. პროკურატურის დადგენილებით გამორკვეული ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენდნენ უკანონოდ მოპოვებულ და დადგენილ გარემოებებს და სასამართლოს გადაწყვეტილებების მათზე დაყრდნობა იყო დაუშვებელი, ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს 08.11.2023წ. განჩინებით (საქმე №ბ-1514-6(ა-23)) საოლქო პროკურატურის დადგენილების გაუქმება მიჩნეული იქნა არა „ახალ ფაქტად“, არამედ ახლად აღმოჩენილ გარემოებად და საქმის წარმოება განახლდა. განმცხადებელმა მოითხოვა განმარტება სსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის პირობებთან საოლქო პროკურატურის დადგენილების გაუქმების შესაბამისობის შესახებ, ასევე მოითხოვა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომ ჩაითვალა საკასაციო სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინებით საოქლო პროკურატურის განჩინების გაუქმება „ახალ ფაქტად“, ხოლო 08.11.2023წ. განჩინებით - „ახლად აღმოჩენილ გარემოებად“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს „უ...ს“ განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინების განმარტების თაობაზე და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს. სსკ-ის 262-ე მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით (სუსგ 22.04.2021წ. საქმე №ბ-305-2(2გან-21)). განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (სუსგ 07.12.2020წ. საქმე №ბ-1328-10(გან-20)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 262.1 მუხლის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება მიზნად ისახავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღმოფხვრას და არა სამოტივაციო ნაწილის განმარტებას ან ახალი სამართლებრივი საკითხის შეფასებას.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინებით, შპს „უ...ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასების შედეგი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „უ...ს“ დირექტორმა ი. კ-იმა 06.10.2023წ. განცხადებით საქმეზე №ბს-883(2კ-20) მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. განცხადების დასაშვებობის შემოწმება ხდება სსკ-ის 429 მუხლით. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, განცხადება რჩება განუხილველი (სსკ-ის 429-ე მუხ.). საკასაციო სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინებაში მიეთითა, რომ საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინებით, საჯარო რეესტრის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, რის გამო ამ ნაწილში საქმის წარმოება არ დასრულებულა და სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქმის წარმოების განახლების დასაშვებობის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობა - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. რაც შეეხება საქმის წარმოების განახლებას სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, განმცხადებელს მიეთითა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიისთვის, ანუ იმ სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობაზე, რომელმაც არსებითად იმსჯელა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში განცხადება განსჯადობით განსახილველად არ ექვემდებარებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ვინაიდან ამ ნაწილში (სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში) სადავო საკითხი საკასაციო სასამართლოს არსებითად არ გადაუწყვეტია. ამდენად, შპს „უ...ს“ დირექტორის 06.10.2023წ. განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ აკმაყოფილებდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებს, რის გამო დარჩა განუხილველი. განმცხადებლის მითითება სსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტთან პროკურატურის დადგენილების გაუქმების შესაბამისობის განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან შპს „უ...ს“ 06.10.2023წ. განცხადება არ ყოფილა დასაშვებად ცნობილი, შესაბამისად, განცხადების დაუშვებლობის გამო არ არსებობდა მისი არსებითად განხილვისა და განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოების სსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლად განხილვის პირობა. განმცხადებლის მითითება იმის შესახებ, რომ სსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი განჩინებაში მოხსენებული არ ყოფილა, უსაფუძვლოა. აღნიშნული ნორმა მიეთითა საკასაციო სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილში, თუმცა განცხადების დაუშვებლობის გამო საკასაციო სასამართლოს არ შეუფასებია მითითებული ნორმით საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა.

დაუსაბუთებელია აგრეთვე განმცხადებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლომ 08.11.2023წ. განჩინებით, საოლქო პროკურატურის დადგენილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია და საქმის წარმოება განახლდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.11.2023წ. განჩინებით, შპს „უ...ს“ 31.10.2023წ. განცხადება (საქმე №ბს-1028(კ-22)) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია შპს „უ...ს“ 31.10.2023წ. განცხადების დასაშვებობის საფუძვლებსა თუ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევის შესაძლებლობაზე, შესაბამისად, განმცხადებლის მითითება, რომ საკასაციო სასამართლოს 08.11.2023წ. განჩინებით საოლქო პროკურატურის დადგენილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებად იქნა მიჩნეული უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საკასაციო სასამართლოს 08.11.2023წ. განჩინებიდან.

განმცხადებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოები არ უნდა დაყრდნობოდნენ საოლქო პროკურატურის დადგენილებას, სცდება განცხადებით მოთხოვნილი განმარტების ფარგლებს, ვინაიდან გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობაა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, მისი მიზანია არა მხარის ინტერესის დაკმაყოფილება - მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობა შეეხება მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და განმარტებას ექვემდებარება იმგვარი შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. მითითებული წესი იმპერატიულია, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის განმარტების ან დამატებითი არგუმენტების მიღების შესახებ მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ამასთან, გადაწყვეტილება განიმარტება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ხოლო ამ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს აღსრულებას ქვემდებარე შინაარსს, რაც გამორიცხავს სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო სასამართლოს 12.10.2023წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით, გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „უ...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2023წ. განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი